ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი (DOJ) სასამართლოსგან მოითხოვს, USAID-ის სარჩელის განხილვისას, DOGE-ის ყოფილი ხელმძღვანელი, ილონ მასკი არ გამოიკითხოს. DOJ-ის მტკიცებით, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაკავშირებით სპეციალური შეზღუდვები მოქმედებს და ჩვენების მოთხოვნა სასამართლოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში შეუძლია.
„მოსარჩელეებმა არ წარმოადგინეს და ვერც დაამტკიცეს“, რომ არსებობს გამონაკლისი გარემოებები, წერს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი და აცხადებს, რომ ილონ მასკისთვის მინიჭებული ორდერი, რომელიც მას სასამართლოში ჩვენებისგან ათავისუფლებს, გამართლებულია.
სარჩელი, რომელიც აშშ-ის სასამართლოში USAID-ის ამჟამინდელი და ყოფილი თანამშრომლებისა და კონტრაქტორების მიერაა შეტანილი, ილონ მასკს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ლიკვიდაციის მცდელობების ხელმძღვანელობაში ადანაშაულებს. მოსარჩელეების მტკიცებით, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტმა, რომელსაც იმ დროს ილონ მასკი მართავდა, გააუქმა სამთავრობო კონტრაქტები, შეამცირა სააგენტოს თანამშრომლები და დახურა მისი შტაბ-ბინა კონგრესის თანხმობის გარეშე, რითაც, სავარაუდოდ, თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა.
მოსარჩელეების განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში მილიარდერი ილონ მასკი ხუთი თვის განმავლობაში მხოლოდ „მთავრობის სპეციალური თანამშრომლის“ რანგში იყო წარმოდგენილი, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კი მის უფლებამოსილებას სცდებოდა. ისინი USAID-ის აღდგენასა და მათთვის მიყენებული კარიერული და ფინანსური ზიანის ანაზღაურებასთან ერთად ითხოვენ, სასამართლომ DOGE-ის მიერ USAID-ის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები არაკონსტიტუციურად ცნოს.














