დონალდ ტრამპის „სავაჭრო ომი“: როდის გადის ტარიფების შეჩერების ვადა?

დონალდ ტრამპის „სავაჭრო ომი“: როდის გადის ტარიფების შეჩერების ვადა?

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ მის მიერ მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფოსთან დაწყებულმა „სავაჭრო ომმა“ კაპიტალის ბაზრები, საფონდო ბირჟები და ინვესტორები რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. Reuters-ის ანალიზის თანახმად, ტარიფების დაწესებით, შემდეგ შეჩერებითა და კვლავ დაწესებით მიღებულმა დანაკარგებმა, გაყიდვების შემცირებამ და გაზრდილმა ფასებმა ჯამში კომპანიებს ხარჯები $34 მილიარდით გაუძვირა.

ტარიფების შემოღებით გაჩენილ არასტაბილურობას თან ერთვის სამართლებრივი წინააღმდეგობა, რომელიც ტრამპის გადაწყვეტილების იმპლემენტაციას აფერხებს და ორმხრივ სავაჭრო თანამშრომლობას მრავალ ქვეყანასთან კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების დაპაუზების ვადა მალე ამოიწურება, სახელმწიფოებთან სავაჭრო მოლაპარაკებები კი კვლავ არ დასრულებულა. შესაბამისად, ვადის ამოწურვის შემდეგ რა მოხდება, ჯერჯერობით უცნობია. წარმოგიდგენთ მნიშვნელოვანი მოვლენების ვადებს ტარიფებთან დაკავშირებით:

11 ივნისი, 2025: დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმება მიიღწა. პეკინი და ვაშინგტონი ამერიკაში იშვიათი მიწა-მეტალების იმპორტზე შეთანხმდნენ. თეთრი სახლის განცხადებით, აშშ ჩინეთს იმპორტირებულ პროდუქციაზე 55%-იან, ჩინეთი კი აშშ-ის 10%-იან ტარიფს დაუწესებს.

15-17 ივნისი, 2025: დონალდ ტრამპი კანადაში დიდი შვიდეულის სამიტს დაესწრება. სამიტის განხილვის ერთ-ერთი მთავარი საგანი ტარიფების პოლიტიკა იქნება.

8 ივლისი, 2025: „გათავისუფლების დღის“ ტარიფები 90-დღიანი შეჩერების შემდეგ კვლავ ძალაში შევა. აღნიშნული მოვლენა პოტენციურად დიდ გავლენას იქონიებს იმპორტ-ექსპორტზე.

9 ივლისი, 2025: აშშ-სა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკების ვადა 9 ივლისს იწურება. მხარეებმა ევროკავშირიდან აშშ-ში იმპორტირებულ პროდუქციაზე 50%-იანი ტარიფზე შეთანხმებას უნდა მიაღწიონ.

14 ივლისი, 2025: ევროკავშირის მიერ აშშ-ისთვის დაწესებული საპასუხო ტარიფების ვადა 90-დღიანი შეჩერების შემდეგ იწურება.

შეგახსენებთ, რომ თითქმის ყველა სახელმწიფო ამ ეტაპზე აშშ-სთან სატარიფო პოლიტიკის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს. როგორც ცნობილია, გარკვეული შეთანხმებები მიიღწა დიდ ბრიტანეთთან, იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან. დონალდ ტრამპის „სავაჭრო ომის“ ფარგლებში სატარიფო პოლიტიკის საბოლოო დეტალები ცნობილი ვადების ამოწურვის შემდეგ გახდება.