დონალდ ტრამპმა აშშ-ის „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

დონალდ ტრამპმა აშშ-ის „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „მწვანე ბარათების“ პროგრამის შეჩერების განკარგულება გასცა. ტრამპის გადაწყვეტილება გასულ კვირას, ბრაუნის უნივერსიტეტში მომხდარ თავდასხმას უკავშირდება, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თავდამსხმელი, სავარაუდოდ, პორტუგალიელი მამაკაცი, კლაუდიო ნევეშ ვალენტეა, რომელმაც აშშ-ის ვიზა სწორედ ამ პროგრამის დახმარებით მიიღო.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მდივან კრისტი ნოემის ინფორმაციით, მან პრეზიდენტ ტრამპის მითითებით, აშშ-ის მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურს (USCIS) „მწვანე ბარათის“ პროგრამის შეჩერების მოთხოვნით უკვე მიმართა. როგორც ნოემი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, სქემის შეჩერებით ტრამპს სურს დარწმუნდეს, რომ „ამ კატასტროფული პროგრამით მეტი ამერიკელი აღარ დაზარალდება“.

ბრაუნის უნივერსიტეტზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი მამაკაცი, აშშ-ში 2017 წელს DV1 ვიზის პროგრამის საშუალებით შევიდა და „მწვანე ბარათი“ მიიღო. მასობრივი სროლის შედეგად, დაიღუპა ორი სტუდენტი, ხოლო ცხრა პირი დაშავდა.

აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, მათი ვარაუდით, 48 წლის ვალენტემ, ამ კვირის დასაწყისში, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პორტუგალიელი პროფესორი ნუნო ლურეიროც მოკლა. აღსანიშნავია, რომ ვალენტე რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდოდ, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ცნობისთვის, „მწვანე ბარათების“ პროგრამა ყოველწლიურად აშშ-ში ცხოვრების უფლებას 50,000-მდე ადამიანს აძლევს. პროგრამაში გამარჯვებულები იმიგრაციის დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებიდან შემთხვევითობის პრინციპით ვლინდება.

როგორც სოციალურ ქსელში ნოემმა განაცხადა, პრეზიდენტი ტრამპი სქემის დასრულებას 2017 წელსაც ცდილობდა, მას შემდეგ, რაც ნიუ-იორკში ISIS-ის ტერორისტი სატვირთო ავტომობილით ხალხის მასაში შევარდა. შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა. ამ შემთხვევაშიც, თავდამსხმელი, უზბეკეთის მოქალაქე საიფულო საიპოვი, რომელიც თავდასხმისთვის სამუდამო პატიმრობას იხდის, აშშ-ში DV1-სქემით შევიდა.