დონალდ ტრამპმა იაპონიასთან სატარიფო შეთანხმება გააფორმა

დონალდ ტრამპმა იაპონიასთან სატარიფო შეთანხმება გააფორმა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იაპონიასთან სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია. სატარიფო შეთანხმების მიხედვით, აშშ იაპონური ავტომობილებისა და ავტონაწილების იმპორტზე სატარიფო გადასახადს შეამცირებს. გარდა ამისა, სავაჭრო შეთანხმება ტოკიოს სხვა საქონელზე ახალი გადასახადების დაწესებისაგან ათავისუფლებს. სანაცვლოდ შეერთებული შტატები იაპონიისაგან $550 მილიარდის მოცულობის ინვესტიციისა და სესხის პაკეტს მიიღებს.

იაპონიასთან გაფორმებული შეთანხმება ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი სატარიფო გარიგებაა, რომელიც ტრამპმა სავაჭრო პარტნიორებთან საყოველთაო ტარიფების აპრილში გამოცხადების შემდეგ მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ იაპონიისათვის ავტოინდუსტრია კრიტიკული ეკონომიკური მნიშვნელობის სექტორია. იაპონიის აშშ-ში ექსპორტის მეოთხედზე მეტი სწორედ ავტომობილებსა და ავტონაწილებზე მოდის. შესაბამისად, გარიგების თანახმად, იაპონურ ავტომობილებზე თავდაპირველად დაწესებული 25%-იანი ტარიფები 15%-მდე შემცირდება.

საინტერესოა, რომ შეთანხმების მიხედვით, სხვა იაპონურ პროდუქციაზე დაწესებული ტარიფები, რომლებიც 1-ელი აგვისტოდან უნდა ამოქმედებულიყო, იმავე  პროპორციით შემცირდება.

აღნიშნული სიახლის გავრცელების შემდეგ, ყველაზე პოპულარული იაპონური ინდექსის, Nikkei-ს ფასი, რომელიც უმსხვილეს იაპონურ კომპანიებს აერთიანებს, საფონდო ბირჟაზე 3%-ით გაიზარდა, რაც წელს რეკორდული მაჩვენებელია. განსაკუთრებით დიდი ზრდა ტოკიოს საფონდო ბირჟაზე იაპონური ავტომწარმოებლების ფასებმა მიიღო. მაგალითად, Toyota-ს აქციების ფასი – 14%-ით, ხოლო Honda-ს აქციების ფასი 12%-ით გაიზარდა.

„მე ახლახან ხელი მოვაწერე იაპონიასთან ისტორიაში ყველაზე დიდ სავაჭრო შეთანხმებას. ეს ძალიან ამაღელვებელი მომენტია აშშ-ისთვის, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ჩვენ ვაგრძელებთ კარგ ურთიერთობას იაპონიასთან“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 2024 წელს იაპონიიდან აშშ-ში $55 მილიარდის ღირებულების ავტომობილებისა და ავტონაწილების ექსპორტი განხორციელდა. მაშინ როდესაც პირიქით, აშშ-დან იაპონიაში მხოლოდ $2 მილიარდის ავტომობილები ექსპორტირდა. ორ ქვეყანას შორის არსებულმა სავაჭრო ბრუნვამ გასულ წელს ჯამში $230 მილიარდი შეადგინა. იაპონია აშშ-ის მეხუთე ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.