აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა თავდაცვის $1-ტრილიონიან ბიუჯეტს, რომელიც გასულ წელთან შედარებით მცირე ცვლილებებს შეიცავს. 2026 ფისკალური წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი (NDAA) $901 მილიარდის მოცულობის თავდაცვის ხარჯებს ითვალისწინებს, რაც გასულ წელთან შედარებით $8 მილიარდით მეტია.
2026 ფისკალური წლის თავდაცვის ბიუჯეტი ყოვლისმომცველი საკანონმდებლო აქტია, რომელიც დეტალურ ინფორმაციას შეიცავს ყველაფერზე – დაწყებული მომავალი წლის შესყიდვებით, გემების, საჰაერო აპარატებისა თუ სარაკეტო სისტემების შესახებ დეტალური ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეების ხელფასების ზრდაზე ფინანსური ინფორმაციით და გეოპოლიტიკურ საფრთხეებზე რეაგირების სტრატეგიით დამთავრებული.
2026 წლის აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტი უკრაინისათვის $800-მილიონიანი დახმარების გამოყოფასაც ითვალისწინებს, რომელიც ორ წელზე თანაბრად განაწილდება. ტექნიკურად ეს ფინანსური დახმარება USAI-ს (უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივა) გადაეცემა, რომელიც უკრაინისათვის ამერიკულ შეიარაღებას ყიდულობს.
თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტი ბალტიის უსაფრთხოების ინიციატივასაც ეხება და ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთისათვის $175 მილიონის მოცულობის სამხედრო დახმარების გადაცემას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, მომავალი წლიდან ევროპაში აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის რაოდენობა 76,000-მდე მცირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ნაწილიცაა, რომლის თანახმად აშშ-ის ადმინისტრაციის ახალი ხედვით ევროპის უსაფრთხოება თავად ევროპულმა სახელმწიფოებმა უნდა დააფინანსონ.
დამატებით, 2026 წლის აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტი ტრამპის ინიციატივების ხელშეწყობასაც ითვალისწინებს. მაგალითად, ბიუჯეტში გათვალისწინებულია სარაკეტო სისტემა Golden Dome-ის შექმნის დაფინანსება და პენტაგონში DEI-პროგრამების გაუქმებაც.














