Dow-ი, S&P 500 და Nasdaq-ი 2026 წლის მინიმუმამდე დაეცა – მიზეზები

Dow-ი, S&P 500 და Nasdaq-ი 2026 წლის მინიმუმამდე დაეცა – მიზეზები

ფოტო: Getty Images

 

დღეს, 19 მარტს, საფონდო ბირჟებზე ვაჭრობის დაწყებისას საბაზრო ინდექსები 2026 წლის ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ბაზრებზე ზეწოლა გაზრდილმა ინფლაციამ და ენერგორესურსების გაძვირებამ მოახდინა, რაც ირანის ომის ფონზე ნავთობის ფასის მკვეთრ ზრდას უკავშირდება.

Dow Jones-ის სამრეწველო ინდექსი 270 პუნქტზე მეტით, ანუ თითქმის 0.6%-ით დაეცა, ხოლო Nasdaq-ი და S&P 500-ი, შესაბამისად, 0.9%-ითა და 0.8%-ით. მიუხედავად იმისა, რომ ინდექსები მოგვიანებით მცირედ აღდგა, სამივე მათგანი მაინც წლის მინიმუმთან ახლოს რჩება.

ვარდნის შედეგად S&P 500 200-დღიან მოძრავ საშუალოზე ქვემოთ აღმოჩნდა. ეს მნიშვნელოვანი ტექნიკური მაჩვენებელია, რომელიც გრძელვადიან ტრენდს განსაზღვრავს. მსგავსი სიგნალი უკვე დაფიქსირდა Dow Jones Industrial Average-ის შემთხვევაშიც, რაც ბაზარზე დაღმავალი ტენდენციის გაძლიერების მოლოდინს აჩენს.

რაც შეეხება კომპანიებს, მათ შორის ყველაზე დიდი ვარდნა Boeing-ის აქციებმა აჩვენა, რომლეთა ფასი 3.4%-ით შემცირდა. მას მოჰყვება Sherwin-Williams-ი (1.8%), Caterpillar-ი (1.6%) და Nvidia (1.6%). ტექნოლოგიურ სექტორში ვარდნა ასევე დააფიქსირა Tesla-მ, რომლის აქციების ფასი 2.5%-ით შემცირდა. გარდა ამისა, Amazon-ის აქციების ღირებულებამ 1.2%-ით იკლო, Meta-სა და Alphabet-ის აქციები კი თითო-თითო პროცენტით გაუფასურდა.

ამის საპირისპიროდ, მკვეთრი ზრდა შეინიშნება ენერგეტიკულ ბაზრებზე. Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი ხუთშაბათ დილით დაახლოებით $111.15-ს აღწევდა. დღის განმავლობაში ღირებულება $119.11-მდეც გაიზარდა, რაც ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ნიშნულს უახლოვდება.