დროის მანქანა მარკეტინგის შესაძლებლობით

დროის მანქანა მარკეტინგის შესაძლებლობით

ქართველმა სტარტაპერებმა, რომა გუჯაბიძემ და გაბრიელ მელივამ ეფექტური გზა იპოვეს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანისათვის შეეხსენებინათ ფოტოების გადაღებისა და დაბეჭდვის ბედნიერება. მათ მიერ შექმნილი მოწყობილობა Printomato მომხმარებელს უფასო ფოტოებს, ბრენდებს კი — უნიკალურ სარეკლამო შესაძლებლობას სთავაზობს. 

 

2001 წელი ფოტოინდუსტრიისათვის ორი მიზეზის გამო იყო მნიშვნელოვანი: პირველი — ციფრულ რევოლუციასთან ჭიდილში დამარცხებულმა პოლაროიდმა სათავო ოფისი გაყიდა და თავი გაკოტრებულად გამოაცხადა და მეორე — სწორედ ამ წლიდან დაიწყო მსოფლიოს მასშტაბით 35მმ-იანი ფირების გაყიდვების შემცირება. ციფრული კამერების სწრაფმა აღმასვლამ ფოტოინდუსტრიის ტრადიციული მოდელი თავდაყირა დააყენა და ცოტა ხნით ყველამ დავიჯერეთ, რომ საოჯახო ფოტოალბომები წარსულს ჩაბარდა. გადაღებული ფოტოების ეკრანზე მყისიერად ნახვის შესაძლებლობა მომხიბვლელი ჩანდა: დასრულდა ზედმეტი სინათლის გამო გადღაბნილი კადრებისა და წითელთვალება ადამიანების ერა. ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ მომავალი მაღალი გარჩევადობის მქონე ციფრული ფოტოების იყო, რომელთა დასათვალიერებლადაც სადმე წასვლა, ფირის გამჟღავნებაში ფულის გადახდა და ლოდინი არ გიწევდა. 

Gen Z პირველი თაობაა, რომლის ადრეული ბავშვობის ფოტოებიც ციფრული ტექნოლოგიით არის გადაღებული და რომლის უდიდეს ნაწილსაც არასდროს მიუღია მონაწილეობა ახლადგამჟღავნებული ოჯახური ფოტოების ერთად დათვალიერების რიტუალში. ერთი შეხედვით უცნაურია, რომ დღეს ფოტოჯიხურებისა და ე.წ. მყისიერი კამერების ინდუსტრიის ზრდის უკან სწორედ ეს თაობა დგას, თუმცა ნოსტალგიას საოცარი ძალა აქვს, მაშინაც კი, თუ ის უშუალოდ შენი გამოცდილება არაა. „ჭკვიანი“ ჩაიდნებისა და ულტრათანამედროვე VR მოწყობილობების ეპოქაში „არაპრიალა“ დიზაინის მქონე რეტრო მოწყობილობები ბუნებრივად აღძრავენ ფიქრებს წარსულზე, როცა „ყველაფერი ბევრად მარტივი იყო“. 

ქართული სტარტაპის, Printomato-ს დამფუძნებლებმა, გაბრიელ მელივამ და რომა გუჯაბიძემ მნიშვნელოვანი მოვლენების აღბეჭდვის სენტიმენტალური ღირებულება ზუსტად იციან. Printomato გაბრიელისა და რომას წინა წარმატებული პროდუქტების, Memogram-ისა და Giffer-ის იდეური მემკვიდრე და, ამავდროულად, სრულიად ახლებური პროდუქტია. ამ აპარატის დახმარებით ფოტოს გადაღებისა და ბეჭდვის პროცესი ერთ უწყვეტ გამოცდილებად იქცევა, რომელშიც მომხმარებელი ფულს არ იხდის. ფიზიკური მოწყობილობის გარდა, პრინტომატო ინოვაციური AdTech პლატფორმაცაა, რომელიც ბრენდებს საშუალებას აძლევს, ციფრულად განთავსებული რეკლამა რეალურ მედიუმზე დაიტანონ. მომხმარებლების მიერ გადაღებული ფოტოების დაბეჭდვას სწორედ სპონსორები აფინანსებენ. 

ეპოქაში, სადაც ფოტოები უმეტესად ციფრული ფორმით არსებობს, ახალგაზრდა ინოვატორების მიერ შექმნილი სტარტაპი რაღაც ახალსა და ამავდროულად, კარგად ნაცნობს გვთავაზობს — შუალედურ პროდუქტს ფოტოჯიხურსა და მყისიერ კამერას შორის.

„ვფიქრობ, იდეალური ბალანსი ვიპოვეთ სამ მხარეს შორის: ბარებს, სასტუმროებსა თუ სხვა თავშეყრის ადგილებს ვეხმარებით, მეტი ადამიანი მოიზიდონ და მათ დამატებითი გასართობი დაახვედრონ, მომხმარებლებს შესაძლებლობას ვაძლევთ, ფოტოები უფასოდ დაბეჭდონ, ხოლო ბრენდებს ახალ უნიკალურ არხს ვთავაზობთ კომუნიკაციისათვის“, — ასე აღწერს კომპანიის ბიზნესმოდელს გაბრიელი. მისი თქმით, ფოტოებზე დატანილი მარკეტინგული კამპანია იმაზე ეფექტური შეიძლება იყოს, ვიდრე მხოლოდ ციფრულ ან მხოლოდ ფიზიკურ სივრცეში არსებული რეკლამაა. სენტიმენტალური ღირებულების გამო ასეთ განთავსებას ბევრად ხანგრძლივი ეფექტიც აქვს: „ფაქტობრივად უტყუარი გზაა, რომ შენი ბრენდი მომხმარებლის სახლში, მაცივარზე აღმოჩნდეს“. 

რომას ციფრულ პროდუქტებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მისთვის პრინტომატოს მთავარი მომხიბვლელი ელემენტი ისაა, რომ მოწყობილობა ციფრული და გარე რეკლამების საუკეთესო მხარეებს აერთიანებს: „ბრენდებისთვის ნაცნობი პრობლემაა, რომ ფიზიკურ ლოკაციაზე განთავსებული რეკლამის შედეგების გაზომვა ძალიან რთულია. პრინტომატოს დახმარებით, ერთი მხრივ, ლოკაციების მიხედვით მიზნობრივი რეკლამების ჩაშვება შეიძლება, მეორე მხრივ კი — საკუთარი მარკეტინგული აქტივობის შედეგების ზუსტად გაზომვა და გაანალიზება”. პრინტომატოს Ads Manager-ის დახმარებით ბრენდებს ფოტოებზე განსათავსებლად სპეციალური კამპანიების შექმნაც შეუძლიათ, რითაც მომხმარებლების ჩართულობას კონკრეტულ ქმედებად აქცევენ: „ამ შემთხვევაში Impression-ების (ნახვების) ეკვივალენტი შეიძლება იყოს ფოტოს დაბეჭდვა, ხოლო კონვერსიებად (მომხმარებლების მხრიდან სასურველი ქმედების განხორციელებად) შეგვიძლია ჩავთვალოთ QR კოდის დასკანერება, შეფასების დაწერა, კითხვარის შევსება და ასე შემდეგ“, — ამბობს რომა.  

გაბრიელი და რომა ასეთ პროდუქტზე მოთხოვნის არსებობაში მომხმარებლებთან და კლიენტებთან მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად დარწმუნდნენ. Giffer-ისა და Memogram-ის ანგარიშზე ჯამურად 10 000-მდე ღონისძიება, მილიონამდე დაბეჭდილი ფოტო და 2 მილიონამდე გადაღებული გიფია. „იმხელა გამოცდილება დაგვიგროვდა, რომ ძალიან კარგად ვგრძნობთ, რა ხდება ამ სფეროში“, — ამბობს გაბრიელი, — „თუ ტრენდებს დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ბეჭდურ ფოტოზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება, ამავდროულად, მომხმარებლები დაბეჭდვის შემდეგ ფოტოებს სოციალურ ქსელშიც აზიარებენ, რაც თითოეული ფოტოსა და მასზე დატანილი ინფორმაციის გავრცელების არეალს კიდევ უფრო ზრდის“. 

ექსპერტების აზრით, ფოტოჯიხურების ბაზრის ღირებულება, რომელიც 2020 წელს $378 მილიონად იყო შეფასებული, 2027 წლისათვის $810 მილიონს მიაღწევს. „მყისიერი“ფოტოების ინდუსტრიის ლიდერი Fujifilm-ი კი აცხადებს, რომ მისი Instax-ის აპარატებით ყოველწლიურად მინიმუმ მილიარდ ფოტოს იღებენ. საერთაშორისო ბაზარზე პრინტომატოს ანალოგი არ არსებობს, ყველაზე რელევანტურ მაგალითად შეიძლება TouchTunes-ი ჩაითვალოს — კომპანია, რომლის ციფრული მუსიკალური აპარატები ევროპისა და აშშ-ის 75 000 ბარსა და რესტორანშია განთავსებული. 

გაბრიელი დარწმუნებულია, რომ პრინტომატოთი ბარებისა თუ სხვა დაწესებულებების დაინტერესება რთული არ იქნება: „აქამდე არ გვქონდა აპარატი, რომელსაც ბარი, კაფე ან სასტუმრო შეიძენდა და ისე განათავსებდა, როგორც, მაგალითად, მუსიკალურ მოწყობილობას. ეს მოთხოვნა დავინახეთ იმ დამკვეთებისგანაც, რომლებიც Giffer-სა და Memogram-ს თავიანთი ღონისძიებებისათვის ქირაობენ“. თუკი Giffer-ისა და Memogram-ის გაყიდვა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული და გამართულ მდგომარეობაში მათ შენარჩუნებას ტექნიკური ცოდნა და ფინანსები სჭირდება, პრინტომატო პირდაპირ იმ იდეით შეიქმნა, რომ დაწესებულებების მუდმივი ატრიბუტი გამხდარიყო. ეს აპარატი შეიძლება კონკრეტული ბარისთვის, რესტორნისთვის, სავაჭრო ცენტრისა თუ სასტუმროსთვის დამატებითი შემოსავლის წყაროდაც იქცეს. „საწყის ეტაპზე ამ დაწესებულებებს შეუძლიათ თავიანთ მომწოდებლებს შესთავაზონ რეკლამების განთავსება და ამით დამატებითი თანხა გამოიმუშავონ. ასევე ვუზიარებთ ჩვენ მიერ მოზიდული სარეკლამო შემოსავლის ნაწილს“, — ამბობს გაბრიელი. 

ფოტოფორმატი, რომელსაც პრინტომატოს აპარატი იყენებს, სრულიად უნიკალურია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ — მსოფლიოსთვის. ქაღალდი ყველაზე მეტად კინოს ბილეთს ჰგავს და მასზე ფოტო შავთეთრადაა დატანილი. ფოტოს გადაღებასა და დაბეჭდვას ჯამში ორი წამი სჭირდება. პრინტერისა და მასალის შერჩევისას პრინტომატოს შემქმნელებმა თითოეული ფოტოს დაბეჭდვის ფასი და გამოყენების სიმარტივე გაითვალისწინეს.

ჩვენ არ ვაკეთებთ აქცენტს იმაზე, რომ საოცარი ხარისხის ფოტოს ვბეჭდავთ. ჩვენ ვამბობთ, რომ პრინტომატოთი შეგიძლია დაუვიწყარი მოგონება შექმნა და გვინდა, მომხმარებლებისათვის ეს შესაძლებლობა ყოველთვის უფასო იყოს, — ამბობს გაბრიელი.

პრინტომატო სულ რაღაც 7-8 თვეს ითვლის. პირველი პროტოტიპის დასამზადებლად დაახლოებით სამი თვე დასჭირდათ და 2024 წლის ზაფხულში აპარატი თბილისის ერთ-ერთ ბარში განათავსეს, თანამშრომლობის სურვილი მალევე გამოთქვა Heineken-მა. „ორი თვე აქტიურად ვტესტეთ და დაახლოებით 2500 ფოტო დავბეჭდეთ“, — აღნიშნავს გაბრიელი. სტარტაპი წარმოდგენილი იყო რამდენიმე ტექნოლოგიურ ღონისძიებაზეც, სადაც ტექ-ენთუზიასტებისა თუ პოტენციური სპონსორების მხრიდან დადებითი შეფასებები და გაუმჯობესების იდეები მოისმინეს. გაბრიელის თქმით, უფასო ფოტოები მომხმარებლების ჩასართავად ეფექტური ინსტრუმენტია. როცა ფოტოს დაბეჭდვა დაფინანსებულია, შეკრებებსა თუ კორპორატიულ ღონისძიებებზე ორ საათში 150-200 ფოტო მაინც იბეჭდება ხოლმე. 

საქართველოს ბაზარზე სტარტაპების უმრავლესობა ციფრულ პროდუქტს ქმნის, Hardware-ზე (ფიზიკური მოწყობილობებზე) ორიენტირებული სტარტაპები კი არც ისე ბევრია. გაბრიელ მელივა ხაზს უსვამს, რომ აპარატზე დაფუძნებულ წამოწყებას თავისი მინუსებიც აქვს და — უპირატესობებიც. მართალია, წარმოების პირველი ეტაპი საკმაოდ რთულია და ცნობადობის გაზრდაც ციფრულ პროდუქტთან შედარებით მეტ დროს მოითხოვს, მაგრამ, სამაგიეროდ, Hardware პროდუქტს უფრო ხანგრძლივი სასიცოცხლო ციკლი აქვს და მომხმარებელი მასთან უფრო ღრმა ემოციურ კავშირს ამყარებს. „თუ ჩვენს აპარატს რომელიმე ბარში დავდგამთ და ის ბარი 10 წელი იქნება გახსნილი, პრინტომატოც 10 წლის განმავლობაში მოემსახურება სტუმრებს“, — ამბობს გაბრიელი. 

რომას თქმით, პროტოტიპის აწყობა არ გასჭირვებიათ, რაც Giffer-ისა და Memogram-ის დახვეწაში გატარებული წლების დამსახურება უნდა იყოს. „ახლა ორი ქვეყნიდან გაუმჯობესებული ვერსიის დამზადებასა და ჩამოსვლას ველოდებით, რათა შემდეგ გადავწყვიტოთ, სად დავიწყებთ მასობრივ წარმოებას“, — ამბობს რომა. ჯერჯერობით პრინტომატოს სამი მარტივი აპარატი (პროტოტიპი) აქვს, განახლებული დიზაინის მქონე პირველი მოდელი კი ნოემბრის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი. ფერად, თვალშისაცემ დიზაინზე და პროდუქტის ვიზუალურ ბრენდინგზე ლუკა ჯანჯღავამ იმუშავა. 

გაბრიელსა და რომას ინოვაციებისკენ სწრაფვა, საქმისადმი ხალისიანი დამოკიდებულება და მომხმარებლების ქცევის მიმართ გულწრფელი ინტერსი აერთიანებთ, თუმცა ისიც ცხადია, რომ პროდუქტის განვითარებას სხვადასხვა ლინზით უყურებენ. ფოტოგრაფია გაბრიელს მეტად უყვარს, Adtech-ის ნაწილი კი უფრო რომას კომფორტის ზონაა. სტარტაპებითა და ანტრეპრენიორობით 2014 წლიდან არიან დაინტერესებულები. სამი წლის მანძილზე ისინი პარალელურ რეჟიმში ავითარებდნენ კონკურენტ სერვისებს, Memogram-სა და Giffer-ს, შემდეგ კი ქართული სტარტაპ-ეკოსისტემისათვის მნიშვნელოვანი პრეცედენტი შექმნეს და ძალები გააერთიანეს. 

„ერთმანეთს სტარტაპ შეხვედრებზე ვხვდებოდით და აზრებს ვცვლიდით ხოლმე. რაღაც დროს გადავწყვიტეთ, ერთად გადავსულიყავით ოფისში და ხარჯები გაგვენაწილებინა. ერთი სივრციდან მუშაობამ კი იმ დასკვნამდე მიგვიყვანა, რომ ასეთ პატარა ბაზარზე კონკურენციას თანამშრომლობა სჯობდა“, — ამბობს გაბრიელი. გაერთიანება ორივე კომპანიისთვის ზურგის ქარად იქცა. თუ მანამდე წელიწადში დაახლოებით 300 ღონისძიებაზე იძახებდნენ, უცებ შეკვეთების რიცხვი 1000-მდე გაიზარდა.

გაბრიელიც და რომაც დარწმუნებულები არიან, რომ სტარტაპებისათვის ერთმანეთთან და ეკოსისტემის სხვა რგოლებთან მუდმივი ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. პრინტომატომ განვითარების საწყის ეტაპზე ინვესტიცია აქსელის – საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელისაგან მოიზიდა. როგორც ინვესტორთა ქსელის მართველი დირექტორი, ირო ცაგარეიშვილი ამბობს, პრინტომატოს გუნდი განსაკუთრებით დამაჯერებელი და გამართული პრეზენტაციით წარდგა ინვესტორების წინაშე. 

„სტარტაპში ინვესტიციის განხორციელებამდე აქსელში გარკვეული პროცედურები გვაქვს და საინვესტიციო პროცესი ე.წ. „სქრინინგის“, ანუ გადარჩევისა და სტარტაპებისგან დეტალური ინფორმაციის მიღების ეტაპით იწყება. ვაკვირდებით ისეთ კრიტერიუმებს, როგორებიცაა: გუნდი, სტარტაპის პოტენციალი, მოთხოვნა ბაზარზე, ბიზნეს მოდელი, ფინანსური მაჩვენებლები, კონკურენტები, გლობალური ხედვა და Exit-ის სტრატეგია. Printomato-მ ეს ეტაპი ჩვენს საინვესტიციო კომიტეტთან წარმატებით გაიარა და დიდი ინტერესიც დაიმსახურა. გაბრიელს და რომას ტექნოლოგიებისა და სტარტაპების მიმართულებით ღირებული გამოცდილება აქვთ. გარიგებაც მალევე შედგა და ჩვენი ქსელის წევრი ინვესტორები საკმაოდ აქტიურად ჩაერთნენ პრინტომატოს ყოველდღიური გამოწვევების გადაჭრის პროცესში“, — ამბობს ირო. 

პრინტომატომ მოზიდული ინვესტიცია კვლევისთვის, პროტოტიპისთვის, დემოივენთების ჩასატარებლად და ვიზუალური იდენტობის შესამუშავებლად გამოიყენა. გაბრიელის თქმით, თანხაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ის კავშირები იყო, რომლებიც აქსელისგან შეიძინეს: „ბევრმა ინვესტორმა გამოთქვა სურვილი, რომ დაგვხმარებოდა აშშ-სა და ევროპის ბაზარზე შესვლაში. მათ მიერ გამოცხადებულ ნდობას ძალიან ვაფასებთ“.

2024 წლის ოქტომბერში პრინტომატომ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამაშიც გაიმარჯვა და 150 000-ლარიანი დაფინანსება მოიპოვა. საინვესტიციო კომიტეტი მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორებით იყო დაკომპლექტებული. 

რომას თქმით, პრინტომატო ამ თანხას პროტოტიპის დასახვეწად და მასშტაბირებისათვის გამოიყენებს. „გვინდა, რომ საერთაშორისო ბაზარზე გავიდეთ. მართალია, ახლა უპირველესი მიზანი საქართველოს დაწესებულებებში შესვლაა, მაგრამ ამ ეტაპზე დიდხანს გაჩერებას არ ვაპირებთ“. 

პრინტომატოს შემქმნელებთან საუბრისას ცხადი ხდება, რომ ამ ადამიანებმა არა მხოლოდ ის იციან, რას აკეთებენ, არამედ ისიც, თუ რისთვის აკეთებენ. გაბრიელს და რომას კარგად ესმით, რომ არა ფოტობიზნესში, არამედ გამოცდილების ბიზნესში არიან. 

პრინტომატოს გამორჩეული დიზაინი, win-win-win მოდელი (დაწესებულება, მომხმარებელი, სპონსორი) და პროდუქტი, რომელიც ყველაზე ღრმა და ადამიანურ სურვილებს ეხმიანება, მყარ საფუძველს ქმნის სტარტაპის წარმატებისათვის. როგორც ბოლო წლების ისტორიამ აჩვენა, მაღალრეზოლუციიანი კამერების სამყაროში არასრულყოფილი ფოტოების ადგილი ისევ არსებობს.