ფოტო: Michal Kamaryt/CTK/AP Photo
რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, „დრუჟბის“ მილსადენის უკრაინული მონაკვეთიდან რუსული ნავთობის ტრანზიტი დღეს განახლდა. ამ ნაბიჯმა უკრაინას გზა გაუხსნა ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის დამტკიცებისკენ, რომელიც ომში მყოფი ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბლოკის 27 წევრი ქვეყნის ელჩები შეთანხმდნენ, რომ ხუთშაბათს შუადღისთვის დაიწყებენ „წერილობით პროცედურას“, რათა უკრაინისთვის სესხი საბოლოოდ დამტკიცდეს.
შეგახსენებთ, „დრუჟბის“ მილსადენის მუშაობა მას შემდეგ შეჩერდა, რაც რუსული დრონების შეტევამ უკრაინის დასავლეთ ნაწილში ენერგოინფრასტრუქტურა დააზიანა. შედეგად, ამ პერიოდის განმავლობაში „დრუჟბის“ მილსადენით რუსული ნავთობის მიწოდება უნგრეთსა და სლოვაკეთში შეჩერებული იყო.
უნგრეთის ნავთობკომპანია MOL-ის განცხადებით, კიევმა აცნობა, რომ რუსული ნედლი ნავთობის მიწოდება უკვე განახლებულია. კომპანიის პროგნოზით, პირველი პარტიები უნგრეთსა და სლოვაკეთში უახლოეს დღეებში, მაქსიმუმ ხვალისთვის ჩავა.
აღნიშნულ ინდუსტრიაში ჩაბმული წყაროების ინფორმაციით, ნავთობის გადაქაჩვა ადგილობრივი დროით 12:35 საათზე დაიწყო. აქედან მალევე, ბრიუსელში ევროკავშირის ელჩებმა დაამტკიცეს სესხი, რომელსაც მანამდე ბუდაპეშტი სწორედ „დრუჟბის“ მილსადენის შეფერხების გამო ბლოკავდა.
დღეს გერმანიის ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ მაისიდან რუსეთი გერმანიის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას, PCK-ს, „დრუჟბის“ მილსადენით ყაზახური ნედლი ნავთობის მიწოდებას შეუჩერებს. მიწოდების შეჩერება ქარხნის წლიური გადამუშავების მაჩვენებელს დაახლოებით 17%-ით შეამცირებს.








