დუბაი აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისთვის სერტიფიცირებული ტურისტული მიმართულება გახდა

დუბაი აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისთვის სერტიფიცირებული ტურისტული მიმართულება გახდა

დუბაის Certified Autism Destination™ სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა. ქალაქი აუტიზმის სპექტრის აშლილობის (ასა) მქონე პირებისთვის პირველი სერტიფიცირებული ტურისტული მიმართულება გახდა აღმოსავლეთ ნახევარსფეროში.

Certified Autism Destination™ სტატუსი  ქალაქს საერთაშორისო სერტიფიკაციისა და ტრენინგის საბჭო (IBCCES) მიანიჭა. IBCCES საბჭო  აუტისტური სპექტრის და სენსორული ინტეგრაციის დარღვევების მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციაა მსოფლიოში. სტატუსი ადასტურებს, რომ ქალაქის ტურისტული სერვისები მაცხოვრებლებისა თუ სტუმრებისთვის მოსახერხებელი და ინკლუზიურია.

აუტიზმის სერტიფიცირებული მიმართულების სტატუსის მოსაპოვებლად  ქალაქის ყველა ტურისტული  სექტორის – ავიაციის, სასტუმროების, ღირსშესანიშნაობებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის  –წარმომადგენლები კოორდინირებულად მუშაობდნენ.  დასაქმებული პერსონალი მასშტაბურად დატრენინგდა,  გაუმჯობესდა სტუმრების მხარდაჭერის სისტემა,   დაინერგა სენსორული გიდები და სპეციალური ფარული სამკერდე ნიშნები  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, რაც  მათ კომფორტულ და თანასწორ გამოცდილებას უზრუნველყოფს. თითოეული სერტიფიცირებული ობიექტი IBCCES საბჭომ ადგილზე შეამოწმა და ინდივიდუალურად მათზე მორგებული სენსორული სახელმძღვანელოები შეიმუშავა.

ტურიზმის ინდუსტრიის თანამშრომლების ცნობიერების ამაღლების პროცესში გადამწყვეტი როლი შეასრულა  დუბაის ტურიზმის კოლეჯის (DCT) მიერ შემუშავებულმა ონლაინ პლატფორმამ Dubai Way.  ონლაინ პლატფორმაზე ხელმისაწვდომი „ინკლუზიური მომსახურების“ სასწავლო კურსი ტურიზმის პერსონალს  სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანების მომსახურების პრაქტიკულ მეთოდებს სთავაზობს, სასწავლო მოდულები რეალურ ისტორიებზე, ინტერაქციულ დავალებებსა და ვიდეომასალებზეა დაფუძნებული, რაც ემპათიის განვითარებას, ვიზიტორთა საჭიროებების ღრმა ანალიზსა და ინკლუზიური კულტურის დამკვიდრებას უწყობს ხელს.

აუტისტური სპექტრისა და სენსორული ინტეგრაციის დარღვევის  საკითხებზე ბოლო ორ წელიწადში დუბაიში 70 000-ზე მეტი ადამიანი გადამზადდა.  ტრენინგისა და სერტიფიცირების პროცესში 300-ზე მეტი სასტუმრო ჩაერთო, ქალაქის 20-მდე ტურისტულ ობიექტ, ასევე პლაჟებსა და პარკებს IBCCES-ის სერტიფიცირება მიენიჭა.

„Certified Autism Destination™ სტატუსის მინიჭება დუბაისთვის მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ინკლუზიური გარემოს შექმნის გზაზე. ჩვენ არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე ვზრუნავთ, არამედ მუდმივად ვამაღლებთ მომსახურების ხარისხსა და პროფესიული უნარების დონეს“ – აღნიშნა, დუბაის ტურიზმისა და კომერციული მარკეტინგის კორპორაციის (DCTCM) გენერალურმა დირექტორმა ისსამ ქაზიმმა.

„დუბაი ინკლუზიური ტურიზმის სფეროში ახალ სტანდარტებს ქმნის და ჩვენთვის დიდი პატივია,  ამ ინიციატივის ნაწილი ვიყოთ. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმ გზაზე, რაც  მიზნად ისახავს ქალაქის  ყველა ვიზიტორმა — მათ შორის აუტიზმისა და სენსორული ინტეგრაციის დარღვევის მქონე პირებმა დუბაის ღირსშესანიშნაობების აღმოჩენა უსაფრთხო, კომფორტულ და ინკლუზიურ გარემოში შეძლონ“ –   აღნიშნა IBCCES-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა მაირონ პინკომბმა.

დუბაის საერთაშორისო აეროპორტმა (DXB) , რომელმაც ჯერ კიდევ 2023 წელს  Certified Autism Center™ სტატუსი მსოფლიო აეროპორტებში პირველმა მოიპოვა, აუტისტური სპექტრის და ფარული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდასაჭერად თანამშრომელთა მასშტაბური გადამზადების პროგრამა დაიწყო. პროგრამის ფარგლებშიც აეროპორტის 45 000-ზე მეტი თანამშრომელ, ასევე,  პარტნიორები და დაინტერესებული მხარეები სპეციალურ ტრენინგებს გაივლიან.

ავიაკომპანიებიდან წელს Emirates გახდა მსოფლიოში პირველი ავიაკომპანია, რომელმაც სრულად მოიპოვა Autism Certified Airline™  სტატუსი. ავიაკომპანია ამ სტატუსის მოსაპოვებლად წლების განმავლობაში მიზანმიმართულად მუშაობდა და ამ მიმართულებით 30 000-ზე მეტი თანამშრომელი სპეციალურად გადაამზადა.

დუბაის ყველა სერტიფიცირებული ობიექტი მობილურ აპლიკაციაში  – IBCCES Accessibility App არის წარმოდგენილი. აპლიკაცია უფასოდაა ხელმისაწვდომი და ინკლუზიური ლოკაციებისა და მიმართულებების შესახებ უახლეს ინფორმაციას მოიცავს, რაც მოგზაურობის დაგეგმვის პროცესს ამარტივებს.

👉 დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: visitdubai.com/accessibility

S