მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის დივიზიონის ჩემპიონის ტიტული კვლავ შეინარჩუნა. მან ცოტა ხნის წინ ნიუ-ჯერსიში გამართულ UFC 316-ზე, განმეორებით ბრძოლაში, შონ ო’მალი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მეორედ დაიცვა.
მერაბს ო’მალის დასამარცხებლად მხოლოდ სამი რაუნდი დასჭირდა. აღსანიშნავია, რომ სამივე რაუნდი ქართველის უპირატესობით წარიმართა, რომელთა განმავლობაშიც მან რამდენიმე თეიქდაუნის შესრულება შეძლო. ბოლოს, დვალიშვილმა მეტოქე მახრჩობელაზე დაიჭირა და ო’მალის დანებება აიძულა.
შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონობა 2024 წლის სექტემბერში, UFC 306-ზე, სწორედ შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა. მაშინ ქართველმა მეტოქე 5-რაუნდიან ბრძოლაში, მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.
UFC-ის საჩემპიონო ქამარი მერაბმა პირველად რუსეთის სახელით მებრძოლ უმარ ნურმაგომედოვთან დაიცვა. 19 იანვარს გამართული 5-რაუნდიანი დაპირისპირება დვალიშვილის უპირატესობით წარიმართა და ქართველმა მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო.