ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა 30 აპრილის აქცია რამდენჯერმე დაარბიეს

ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა 30 აპრილის აქცია რამდენჯერმე დაარბიეს

გუშინ, 30 აპრილს, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მეორე მოსმენით განხილვა გაიმართა. პარალელურად, პარლამენტთან კანონპროექტის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ, რომლებიც მთავრობისგან „რუსული კანონის“ უკან გაწვევას მოითხოვდნენ.

განხილვის დასრულების შემდეგ, როდესაც დეპუტატებს პარლამენტის შენობა უნდა დაეტოვებინათ, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება დაიწყო. მოგვიანებით ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა და 30 აპრილის აქციის მონაწილეები წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზისა და წიწაკის სპრეის გამოყენებით არაერთხელ დაარბიეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 63 ადამიანი დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ აქციის დარბევის არაერთი მცდელობის მიუხედავად, მომიტინგეებს რუსთაველის გამზირი ვერ დაატოვებინეს. სანაცვლოდ, დაახლოებით 5:00 საათისთვის ტერიტორიის დატოვება თავად სპეცრაზმელებმა დაიწყეს.

„გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მეორე მოსმენით განხილვა, სავარაუდოდ, დღეს, 12:00 საათიდან გაგრძელდება. დიდი ალბათობით, კანონპროექტს კენჭს დღესვე უყრიან.

შეგახსენებთ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო, 83 ხმით 0-ის წინააღმდეგ. განხილვამ ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.

ცნობისთვის, იმისათვის, რომ კანონპროექტი მიღებულად ჩაითვალოს, მას პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა მხარი სამი მოსმენით უნდა დაუჭირონ. მიღების შემთხვევაში ის ხელმოსაწერად საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნება. თუმცა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნულ კანონს ვეტოს დაადებს.

ფოტო: ამერიკის ხმა