EIU: საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქები 2025 წლისთვის

EIU: საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქები 2025 წლისთვის

Economist Intelligence Unit-მა (EIU) საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქების 2025 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. წლევანდელ სიაში, უკანასკნელი სამი წლის ლიდერმა, ვენამ პირველობა კოპენჰაგენს დაუთმო, რაც ძირითადად ბოლო დროს ქალაქში გაზრდილმა ტერორისტულმა საფრთხემ განაპირობა. ავსტრიის დედაქალაქმა გლობალურ ინდექსში ქულები 2024 წელს, ტეილორ სვიფტის კონცერტზე ბომბის შესაძლო არსებობის საშიშროებისა და 2025 წლის დასაწყისში, რკინიგზის სადგურზე დაგეგმილი ტერორისტული თავდასხმის გამო დაკარგა.

ცნობისთვის, Economist Intelligence Unit-ის საცხოვრებლად სასურველი ქალაქების ინდექსი ჯამში 173 ქალაქს აერთიანებს და მათ ხუთი ძირითადი კატეგორიის მიხედვით აფასებს, ესენია: სტაბილურობა, განათლება, ინფრასტრუქტურა, კულტურა და გარემო და ჯანდაცვა. EIU-ის 2025 წლის რეიტინგში კოპენჰაგენის ქულა უცვლელია. დანიის დედაქალაქმა მაქსიმალური ქულები მიიღო სტაბილურობის, განათლებისა და ინფრასტრუქტურის კატეგორიებში.

მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსთა ნაწილი The Economist-ის ყოველწლიური ანგარიშის კრიტერიუმებს აკრიტიკებს ისეთი ძირითადი ფაქტორის უგულებელყოფის გამო, როგორიც სოციალური თანასწორობაა. მაგალითისთვის, დანიაში მიიღეს საკამათო კანონი, რომელიც უბნებს, სადაც 50%-ზე მეტი არადასავლელი მოსახლეობაა, „გეტოებად“ მიიჩნევს. მსგავს დასახლებებს დანგრევა ან იქ მობინადრეთა გასახლება ემუქრება. ევროკომისიის უზენაესმა სასამართლოს მრჩეველმა დანიის ახალი კანონი დისკრიმინაციულად შეაფასა.

მიუხედავად ამისა, რეიტინგი შესაძლოა ეფექტიანი აღმოჩნდეს ტენდენციების ჩამოსაყალიბებლად. ამ მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელთან შედარებით დასავლეთ ევროპის სტაბილურობის საშუალო ქულა რეიტინგში შემცირებულია. ქულების დაკარგვა, ამ შემთხვევაშიც, უსაფრთხოების რისკებს – რეგიონში ტერორისტულ საფრთხეებს, არეულობას, ანტისემიტური თავდასხმების ზრდას – უკავშირდება.

წლევანდელ რეიტინგში ყველაზე მეტი ქულა სწორედ ევროპის ქალაქებმა დაკარგეს. მათ შორის იყო გაერთიანებული სამეფოს ქალაქები: ლონდონი (45-დან 54-ზე), მანჩესტერი (43-დან 52-ზე) და ედინბურგი (59-დან 64-ზე), რაც 2024 წელს ულტრამემარჯვენეების საპროტესტო აქციების გავლენაა. რეიტინგში პოზიციები დაკარგეს კანადის ქალაქებმა კალგარმა და ტორონტომაც, ძირითადად ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნულ სისტემაში არსებული გამოწვევების გამო, რაც კადრების დეფიციტით დაწყებული, წამლების მაღალი ფასებით დასრულებული, მრავალ მნიშვნელოვან საკითხს მოიცავს. ვანკუვერი ამჟამად ერთადერთი კანადური ქალაქია, რომელიც ათეულში რჩება.

რეიტინგის ბოლოს კი, ტრადიციულად სირიის დედაქალაქი დამასკოა. ასადის რეჟიმის ცვლილების მიუხედავადაც, წელს დამასკოს საცხოვრებლად ვარგისობის ქულა, არსებული არასტაბილურობისა და ჯანდაცვის გამო, უცვლელი დარჩა. დამასკოს შემდგომ, საცხოვრებლად ყველაზე ცუდ ქალაქებს შორის დასახელდნენ ლიბიის დედაქალაქი ტრიპოლი და ბანგლადეშის დედაქალაქი დაკა.

მსოფლიოს 10 საუკეთესო ქალაქი საცხოვრებლად – 2025 წლის რეიტინგი:
  1. კოპენჰაგენი, დანია – 98 ქულა
  2. ვენა, ავსტრია – 97.1 ქულა
  3. ციურიხი, შვეიცარია – 97.1 ქულა
  4. მელბურნი, ავსტრალია – 97 ქულა
  5. ჟენევა, შვეიცარია – 96.8 ქულა
  6. სიდნეი, ავსტრალია – 96.6 ქულა
  7. ოსაკა, იაპონია – 96 ქულა
  8. ოკლენდი, ახალი ზელანდია – 96 ქულა
  9. ადელაიდა, ავსტრალია – 95.9 ქულა
  10. ვანკუვერი, კანადა – 95.8 ქულა