ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ამერიკული უმსხვილესი კომპანიების მიერ მესამე კვარტალის შედეგების გამოქვეყნება მიმდინარე კვირაშიც გაგრძელდება. ნოემბრის პირველ კვირას ისეთი კომპანიების განახლებულ მონაცემებს გავიგებთ, როგორიცაა ავიაკომპანიები: RyanAir-ი და Air Canada. ასევე ტურიზმის სექტორის წარმომადგენელი კომპანიები Booking Holdings-ი და Expedia. რაც შეეხება ტექნოლოგიურ კომპანიებს, მიმდინარე კვირას უნდა ველოდოთ Arista Networks-ის, NXP Semiconductor-ის, Dominion Energy-ისა და Electronic Arts-ის შედეგებს. ფარმაცევტული სექტორიდან კოვიდვაქცინების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი Pfizer-ი გამოაქვეყნებს მესამე კვარტალის შედეგებს, ასევე CVS Health-ი და Humana-ც. გარდა ამისა, უნდა ველოდოთ Toyota Motor Corporation-ისა და Honda Motor-ის შემოსავლების შესახებ განახლებულ მონაცემებსაც.

აღსანიშნავია, რომ ინვესტორების ყურადღება ინფლაციის მაჩვენებლებისკენ ყოველთვის იქნება მიმართული, თუმცა მათთვის მნიშვნელოვანია ასევე მსხვილი კომპანიების შემოსავლების ზრდის ტემპისთვის თვალყურის დევნება. ამიტომაც მიმდინარე კვირა მნიშვნელოვანი იქნება იმითაც, რომ ამერიკის ფედერალურ სარეზერვო სამსახურში ორდღიანი შეხვედრები გაიმართება, რის შემდეგაც ანგარიშს გამოაქვეყნებენ. ინვესტორები ასევე ელოდებიან უწყების ხელმძღვანელის ჯერომ პაუელის პრესკონფერენციას, სადაც ის ინფლაციასთან დაკავშირებით სარეზერვო სამსახურის პოზიციას წარადგენს. მიმდინარე კვირასვე იაპონიისა და ინგლისის ცენტრალური ბანკები ნოემბრის მონეტარული პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილებას გამოაცხადებენ. ექსპერტების ნაწილი, მაგალითად, ბრიტანეთში საპროცენტო განაკვეთის ზრდას ელოდება.

გარდა ამისა, ევროკავშირში უმუშევრობისა და არსებული ბიზნესგარემოს შესახებ განახლებული მაჩვენებლები გამოქვეყნდება. ავსტრალიაში კი ექსპორტ-იმპორტისა და რიტეილ-გაყიდვების მონაცემებს გაასაჯაროებენ. სავაჭრო ბალანსისა და უმუშევრობის დონის მაჩვენებლების გამოქვეყნება მოსალოდნელია კანადაშიც.

ნოემბრის პირველი კვირის ეკონომიკურ კალენდარში საინტერესო იქნება კრიპტოვალუტებზე დაკვირვებაც. მაშინ როდესაც ორი კვირის წინ ბიტკოინმა ახალი რეკორდი მოხსნა, გასულ კვირას ამ კუთხით ეთერიუმი გახდა რეკორდულად მზარდი. მისი ამჟამინდელი ფასი 4200 აშშ დოლარს სცდება. ბიტკოინი კი დაახლოებით 60 000 აშშ დოლარი ღირს. ამასთან, შედარებით ნაკლებად პოპულარული კრიპტოვალუტა, მაგალითად, Shiba Inu ნელ-ნელა ძალებს იკრებს.

რაც შეეხება საქართველოს,  მიმდინარე კვირას 2021 წლის ოქტომბრის სამომხმარებლო ფასების ინდექსი გამოქვეყნდება, ასევე – აგვისტოს ენერგეტიკული სტატისტიკის მაჩვენებლები. გარდა ამისა, უნდა ველოდოთ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში კვლევებისა და დამუშავებების გამოკვლევისა და ასევე დანაშაულების სტატისტიკის (2021 წლის I-III კვარტალი) გამოქვეყნებას.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *