ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

მიმდინარე კვირას ათობით მსხვილი ამერიკული კომპანია 2022 წლის პირველი ნახევრის შემოსავლების შესახებ მონაცემებს გაასაჯაროებს, მათ შორის იქნება: BioNTech, Disney, AIG, Fox, Sysco და Wynn Resorts. საგულისხმოა, რომ ინვესტორთათვის უმსხვილესი კომპანიების, მათ შორის, Apple-ისა და Amazon-ის კვარტალური მონაცემები უკვე ცნობილია, საიდანაც ირკვევა, რომ ტექნოლოგიურმა გიგანტებმა გლობალურ გამოწვევებთან გამკლავება და დამაკმაყოფილებელი შედეგების დაფიქსირება შეძლეს.

მიმდინარე კვირას აშშ-ის სტატისტიკის ფედერალური სამსახური გაასაჯაროებს ინფორმაციას სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპის შესახებ (CPI), რომელსაც ინვესტორები უდიდესი ყურადღებით აკვირდებიან, რადგან ინფლაციის დონე უშუალოდ განსაზღვრავს ფედერალური რეზერვის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდგომ გადაწყვეტილებას. შეგახსენებთ, რომ ივნისში ინფლაციის დონემ აშშ-ში 9.1%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც გასული 40 წლის უმაღლესი მაჩვენებელია.

ხუთშაბათს საზოგადოებისთვის აგრეთვე ცნობილი გახდება საწარმოო ფასების ინდექსი (PPI), რომელიც ინფლაციის დონის რეალურად შესაფასებლად აქტიურად გამოყენებადი ინდიკატორია.

რაც შეეხება გაერთიანებულ სამეფოს, პარასკევს ცნობილი გახდება დიდი ბრიტანეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. ექსპერტთა ნაწილის პროგნოზით, უახლოეს მომავალში მშპ-ის ზრდის დონე მნიშვნელოვნად შემცირდება და წლის ბოლოს ქვეყნის ეკონომიკა რეცესიაში გადავა.

გარდა ამისა, 10 აგვისტოს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებულ ინდექსს გაასაჯაროებს (2022 წლის ივლისი).