ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

მიმდინარე კვირას აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სამსახური მონეტარული პოლიტიკის ცვლილების გადაწყვეტილებას მიიღებს. სხდომა ოთხშაბათსაა დანიშნული, რომელზეც ანალიტიკოსები საპროცენტო განაკვეთის 75 ბაზისური პუნქტით ზრდას ელოდებიან. მათ ამის მოლოდინს აგვისტოს ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი უქმნით.

ამერიკის ფედრეზერვის გარდა, მიმდინარე კვირას სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების მონეტარული პოლიტიკის სხდომებიც გაიმართება. ხუთშაბათს დაგეგმილია ინგლისის ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადება. მათი სხდომა დაახლოებით ორი კვირით ადრე იყო დაგეგმილი, თუმცა ბრიტანეთის დედოფლის გარდაცვალების გამო, შეხვედრა მიმდინარე კვირას დაინიშნა. აქაც ექსპერტები მონეტარული პოლიტიკის მინიმუმ 50 ბაზისური პუნქტით გამკაცრებას ელოდებიან. მსგავსი მოლოდინი აქვთ შვეიცარიასა და ნორვეგიაშიც, სადაც ასევე ცენტრალური ბანკების მონეტარული პოლიტიკის სხდომებია დანიშნული. ხუთშაბათსავე გაიმართება იაპონიის ეროვნული ბანკის შეხვედრაც.

არაერთი გამოსვლა იგეგმება ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი პირების მხრიდან, გარდა ამისა, დაგეგმილია ECB-ის სხდომაც, რომელიც მონეტარულ პოლიტიკას არ შეეხება.

საინტერესო იქნება ევროკავშირის მიერ მომხმარებელთა ნდობის კვლევის შედეგებიც, რომლებიც ასევე მიმდინარე კვირას გამოქვეყნდება. აღნიშნული მონაცემი წამყვანი ინდიკატორია მომხმარებელთა მხრიდან ხარჯების კუთხით პროგნოზირებისას, რაც საერთო ჯამში მთლიან ეკონომიკურ აქტივობაში მთავარ როლს ასრულებს. კვლევა 2300-ზე მეტი მომხმარებლის გამოკითხვის შედეგებს ეყრდნობა.

რაც შეეხება საქართველოს, საქსტატი არაერთი მონაცემის გამოქვეყნებას აპირებს. მათ შორის, ორშაბათს გამოქვეყნდება მონაცემები ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ფასების შესახებ (2022 წლის იანვარ-ივნისი), ასევე საგარეო ვაჭრობის (2022 წლის აგვისტო) და ადგილობრივი ექსპორტის (2022 წლის აგვისტო) მაჩვენებლები. დაგეგმილია არაერთი ინდექსის გამოქვეყნებაც. კერძოდ: სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე; მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსი; ექსპორტის ფასების ინდექსი; იმპორტის ფასების ინდექსი; ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი; სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსი; ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების მწარმოებელთა ფასების ინდექსი; მწარმოებელთა ფასების ინდექსი დროებითი განთავსების საშუალებებით და საკვებით უზრუნველყოფის მომსახურებაზე; მშენებლობის ღირებულების ინდექსი (2022 წლის II კვარტალი) და მრეწველობის პროდუქციის ინდექსი (2022 წლის II კვარტალი).