მიმდინარე კვირას მსხვილი ამერიკული ბანკები, მათ შორის JPMorgan-ი, Wells Fargo, Citigroup-ი და Morgan Stanley, მესამე კვარტალის შემოსავლებს გამოაქვეყნებენ. ანალიტიკოსები ელოდებიან, რომ მათ შემოსავლებში მცირედი კლება იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში საპროცენტო განაკვეთები ბოლო თვეების განმავლობაში იზრდება.
გარდა ამისა, მიმდინარე კვირას საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭოს და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრები გაიმართება, რომელთა ფარგლებშიც ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები, ფინანსთა მინისტრები, პოლიტიკოსები, აკადემიკოსები და სამოქალაქო ორგანიზაციების წევრები შეიკრიბებიან და გლობალურ გამოწვევებზე, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკურ პროგნოზებზე, სიღარიბის დაძლევასა და სხვა სოციალურ პრობლემებზე იმსჯელებენ.
რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, 10 ოქტომბრის კვირაში აშშ-ში რიტეილ-გაყიდვების მაჩვენებელს გამოაქვეყნებენ, რომელიც მოსალოდნელია, რომ ავტოგაყიდვების ზრდის ხარჯზე მნიშვნელოვნად იქნება გაზრდილი.
დიდ ბრიტანეთში აგვისტოს უმუშევრობის მაჩვენებელი გახდება ცნობილი. ბრიტანეთი მშპ-ის ბოლო მონაცემებსა და აგვისტოს სავაჭრო ბალანსსაც გამოაქვეყნებს. აგვისტოს სავაჭრო ბალანსი ევროკავშირის მასშტაბითაც გახდება ცნობილი, ხოლო ჩინეთი სექტემბრის იმპორტ-ექსპორტისა და სავაჭრო ბალანსის მაჩვენებლებს გაასაჯაროებს.
რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე კვირას საქსტატი დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 2021 წლის მაჩვენებელს გამოაქვეყნებს. ასევე ცნობილი გახდება გასული წლის მედიანური ხელფასი საქმიანობის სახეების მიხედვით. გარდა ამისა, იგეგმება სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის (2022 წლის სექტემბერი), საგარეო ვაჭრობის ექსპრეს-მონაცემების (2022 წლის სექტემბერი) და საარსებო მინიმუმის (2022 წლის სექტემბერი) გამოქვეყნებაც.