ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

მიმდინარე კვირას ამერიკის ფედერალური სარეზერვო სამსახური საპროცენტო განაკვეთის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს. მონეტარული პოლიტიკის ორდღიანი სხდომის შემდეგ, ოთხშაბათს, მოსალოდნელია, რომ ფედრეზერვმა საპროცენტო განაკვეთი კიდევ 75 საბაზისო პუნქტით გაზარდოს. ინვესტორებს იმედი აქვთ, რომ ფედერალური სარეზერვო სამსახურის ხელმძღვანელი ჯერომ პაუელი მათ სამომავლოდ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების იმედს მისცემს. თუმცა ფინანსური ანალიტიკოსები დეკემბრის სხდომაზე კიდევ 50 საბაზისო პუნქტით, ხოლო მომავალი წლის დასაწყისში ამავე მაჩვენებლით ზრდას ელოდებიან.

მიმდინარე კვირას ბრიტანეთის ცენტრალური ბანკიც აპირებს მონეტარული პოლიტიკის სხდომის გამართვას, სადაც ასევე საპროცენტო განაკვეთის 75 ბაზისური პუნქტით მატებაა მოსალოდნელი. ცენტრალური ბანკი ამგვარად ებრძვის ინფლაციას, რომელიც რეკორდულად მაღალი – 10%-ზე მეტია.

გარდა ამისა, ევროზონა ოქტომბრის ინფლაციის მაჩვენებლის გამოქვეყნებას აპირებს. ელოდებიან, რომ მაჩვენებელი რეკორდულად მაღალ ნიშნულზე – 10.2%-ზე იქნება. შეგახსენებთ, გასულ კვირას ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი 75 საბაზისო პუნქტით გაზარდა. გადაწყვეტილების მიმღები პირები აცხადებენ, რომ შექმნილი ვითარებიდან და არსებული მოლოდინიდან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მათ მომდევნო თვეებშიც მოუწევთ. ამას ემატება ენერგოკრიზისი, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებულმა ომმა განაპირობა. თავად რუსეთში მიმდინარე კვირას სექტემბრის უმუშევრობის მაჩვენებელს და რიტეილ-გაყიდვებს გამოაქვეყნებენ.

31 ოქტომბრის კვირაში უნდა ველოდოთ ევროკავშირის მესამე კვარტალის მშპ-ის მონაცემების გამოქვეყნებასაც. ასევე, სექტემბრის უმუშევრობის მაჩვენებლებიც გახდება ცნობილი. გერმანიაში კი სექტემბრის სავაჭრო ბალანსის გამოქვეყნებას აპირებენ, ხოლო შემდეგ ოქტომბრის უმუშევრობის დონის განახლებულ მაჩვენებელსაც გაასაჯაროებენ.

რაც შეეხება საქართველოს, 1-ელი ნოემბრიდან კლინიკებში DRG-მეთოდის ამოქმედება იგეგმება. ასევე, 1 ნოემბრიდან კონკურენციის სააგენტოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად, მოქალაქეების განაცხადების მიღებას, განხილვას და დარღვევებზე რეაგირებას იწყებს.

სტატისტიკურ მაჩვენებლებს რაც შეეხება, მიმდინარე კვირას საქსტატი 2022 წლის იანვარ-სექტემბრის მშენებლობებზე გაცემული ნებართვების შესახებ გამოაქვეყნებს ინფორმაციას. გარდა ამისა, ცნობილი გახდება ინფორმაცია დასრულებულ მშენებლობებზე. ასევე იგეგმება სტატისტიკური პუბლიკაციის – „პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში 2021“ და 2022 წლის სექტემბრის ეკონომიკური ზრდის ტენდენციების წინასწარი შეფასებისა და ეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებლების გამოქვეყნებაც. ცნობილი გახდება ასევე  2021 წლის სამუშაო ძალაზე გაწეული დანახარჯებიც და დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი დაკავებული თანამდებობების/პოზიციების მიხედვით (2021 წელი). გარდა ამისა, საქსტატი გეგმავს უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში კვლევებისა და დამუშავებების გამოკვლევის (2021 წელი) გამოქვეყნებას. კვირის ბოლოს კი ცნობილი გახდება 2022 წლის ოქტომბრის სამომხმარებლო ფასების ინდექსიც.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *