ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

მიმდინარე კვირას ევროზონის ინფლაციის მაჩვენებელი გამოქვეყნდება. თებერვლის ინფლაციის მაჩვენებელს გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი და პორტუგალიაც გამოაქვეყნებენ. ხუთშაბათს კი მთლიანად ევროზონის ინფლაციის მაჩვენებელი გახდება ცნობილი. ტენდენცია აჩვენებს, რომ წლიური ინფლაცია მცირდება. მაგალითად, იანვარში ევროზონაში ინფლაცია 9.2%-დან 8.6%-მდე შემცირდა.

ევროკავშირში კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური მონაცემის გამოქვეყნებას ელიან. მაგალითად, ცნობილი გახდება, ბიზნესისა და მომხმარებლის განწყობების შესახებ გამოკითხვის შედეგები, ასევე, კერძო სექტორის საკრედიტო აქტივობები და იანვრის უმუშევრობის მაჩვენებელი. იტალია და საფრანგეთი გასული წლის მეოთხე კვარტალის მშპ-ს გამოაქვეყნებს. მშპ-ის გამოქვეყნებას ელიან შვეიცარიასა და კანადაშიც. გერმანიაში  იგეგმება უმუშევრობის მაჩვენებლის გამოქვეყნება, ხოლო კვირის ბოლოს იანვრის სავაჭრო ბალანსსაც გამოაქვეყნებენ.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, რუსეთის ცენტრალური ბანკი აშშ დოლარში რეზერვებს გამოაქვეყნებს. ასევე იგეგმება იანვრის რიტეილ-გაყიდვებისა და უმუშევრობის დონის გამოქვეყნებაც. იაპონიაც იანვრის რიტეილ-გაყიდვების მაჩვენებლის გამოქვეყნებას გეგმავს.

საქართველოში კი მიმდინარე კვირას ყოველთვიური ენერგეტიკული სტატისტიკის მაჩვენებლები (2022 წლის დეკემბერი) გახდება ცნობილი. ასევე იგეგმება ეკონომიკური ზრდის ტენდენციების წინასწარი შეფასების, ეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებლების (2023 წლის იანვარი) გამოქვეყნება. საინტერესო იქნება ასევე მონაცემები რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობის შესახებ (2022 წლის ბოლოსათვის), მონაცემები სარკინიგზო ხაზების შესახებ (2022 წელი) და ტრანსპორტის სტატისტიკის ძირითადი მაჩვენებლები (2022 წელი), რომელთაც საქსტატი შუა კვირაში გამოაქვეყნებს. მათ მოჰყვება დაგროვებითი პენსიის სტატისტიკური მაჩვენებლების (2022 წელი), პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მაჩვენებლების (2022 წელი), უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაჩვენებლების (2022/2023 სასწავლო წელი), სამომხმარებლო ფასების ინდექსის (2023 წლის თებერვალი) და საშემოდგომო კულტურების ნათესი ფართობების მაჩვენებლების, 2023 წელი (ექსპრეს-მონაცემები) გამოქვეყნება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *