საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნუგზარ ბერიძე აგრარულ სექტორში ელექტროენერგიის აქტიური მომხმარებლის პერსპექტივებზე საუბრობს.
„ამჟამად ევროკავშირის ქვეყნებში აქტიურად გამოიყენება ე.წ. „Self Consumption”- თვითმოხმარება. აღნიშნული ცნება და ზოგადად პროცესი შემოიტანა მე-4 ევროპულმა ენერგეტიკულმა პაკეტმა, რომლის საკვანძო ფრაზა-სლოგანია „განახლებადი ენერგია ყველა ევროპელისათვის“. საქართველო როგორც ენერგეტიკული გაერთიანების წევრი სახელმწიფო ვალდებულია 2024 წლიდან მიუერთდეს მე-4 ენერგეტიკულ პაკეტს და მოახდინოს მისი იმპლემენტაცია ეროვნულ კანონმდებლობაში. აღნიშნული ფაქტი საუკეთესო საშუალებაა იმისათვის რომ გავაუმჯობესოთ და განვავითაროთ „ნეტო-აღრიცხვის“ წარმატებით დანერგილი რეგულაცია.
განახლებადი ენერგიის თვითმომხმარებელი (პროსიუმერი – Produser+Consumer ) არის საბოლოო მომხმარებელი, რომელიც მის მფლობელობაში არსებულ შენობა-ნაგებობაში აწარმოებს განახლებად ელექტროენერგიას საკუთარი მოხმარებისთვის და რომელსაც შეუძლია შეინახოს ან გაყიდოს წარმოებული განახლებადი ელექტროენერგია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არასაყოფაცხოვრებო განახლებადი ენერგიის თვითმომხმარებლისთვის ეს საქმიანობა წარმოადგენს ძირითად კომერციულ ან პროფესიულ საქმიანობას. ამ შემთხვევაში ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი წყაროს მფლობელი შეზღუდულია მხოლოდ მისაერთებელი სიმძლავრით. ამ შემთხვევაშიც უმთავრესი ამოცანაა საკუთარი მოხმარების მაქსიმალური დაკმაყოფილება, ხოლო გამანაწილებელ ქსელში გაცემული ენერგია, ყოველსაათური სიდიდით იყიდება ან/და გადაეცემა სხვა მომხმარებლებს. ქსელში გაცემული ელექტროენერგიის ვირტუალური დაგროვება და გაქვითვა არ ხდება. თვითმომხმარებლის წარმოების საშუალების მიერ წარმოებული ელექტროენერგია სრულად უნდა იქნეს აღრიცხული, ადგილზე მოხმარებული ენერგიის ჩათვლით. ქსელში გაცემული ელექტროენერგია შეიძლება სარგებლობდეს მხარდაჭერის სქემებით ან გაიყიდოს ბაზარზე შესაბამისი საბითუმო ფასით ინდივიდუალური პირის ან აგრეგატორის მიერ ან გაზიარდეს გარკვეული ჯგუფის ფარგლებში.
აღნიშნული ნორმის დანერგვა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, განახლებადი ენერგიის რესურსების ეფექტიანი ათვისების და მოხმარებაში მისი წილის გაზრდაში , ასევ ელექტროენერგეტიკული სისტემის რაციონალურად გამოყენების კუთხით, გადამცემი და გამანაწილებელი ქსელის დამატებითი სიმძლავრეებზე მოთხოვნის და ქსელში დანაკარგების შემცირების კუთხით. მეორეს მხრივ არის ენერგოეფექტურობის მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას, საკუთარი წარმოებით მაქსიმალურად დაიკმაყოფილოს მოთხოვნილება ელექტროენერგიაზე და მოახდინოს ენერგომატარებლებზე ხარჯების ოპტიმიზაცია.
როგორც ამჟამად მოქმედი ე.წ. „ნეტო-აღრიცხვის“ (ინდივიდუალური, ჯგუფური, ვირტუალური), ისე აგრეთვე მე-4 ენერგეტიკული პაკეტით განსაზღვრული „თვითმომხმარებლის“ , „ერთობლივ სარგებლობაში არსებული განახლებადი ენერგიის წყარო“ და „განახლებადი ენერგიის მომხმარებელთა გაერთიანება“ სქემები ძალიან კარგ შესაძლებლობას უქმნის სასოფლო-სამეურნეო საწარმოებს და ფერმერულ მეურნეობებს მნიშვნელოვნად შეიმსუბუქონ ან გაინულონ დანახარჯები ენერეგომატარებლებზე, გახდნენ აქტიური მომხმარებელი და მიიღონ შესაბამისი სარგებელი. აღნიშნულის ნათელი მაგალითია ე.წ. Agrivoltaics, რომელიც არის ფოტოელექტრული(PV) სისტემა მიწაზე, რომელიც ერთდროულად გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო ან მეცხოველეობის საქმიანობისთვის. ეს არ ეხება მხოლოდ სივრცის გაზიარებას, არამედ არის ინტეგრირებული გადაწყვეტა, რომელსაც შეუძლია სარგებელი მოუტანოს როგორც ენერგეტიკის, ასევე სოფლის მეურნეობის სექტორს.
ფოტოელექტრული სისტემების სოფლის მეურნეობაში გამოყენებას აქვს საკმაოდ ბევრი დადებითი მხარე. ფაქტობრივად, პანელებს შეუძლიათ, ნიადაგზე დაჩრდილვის შექმნით, დაზოგონ სარწყავი წყალი 20%-მდე და დაიცვან მოსავალი სიცხისა და სითბური სტრესისგან. ზოგიერთ მზის ინსტალაციაში მაღალტექნოლოგიური სენსორების არსებობამ ასევე შეიძლება გააუმჯობესოს სასოფლო სამეურნეო ოპერაციები: მაგალითად, ნიადაგში ნიტრატების მონიტორინგი, წყლის ან სასუქის საჭირო რაოდენობის უფრო ეფექტიანად განსაზღვრა და ა.შ. ყოველივე ეს კი გაზრდის ფერმების კონკურენტუნარიანობას. ასევე შესაძლებელს ხდის ეკოსისტემების ბიომრავალფეროვნების დაცვას, რითაც აძლიერებს ადგილობრივ არეალს და ხელს უწყობს სოციალურ განვითარებას მთელი საზოგადოებისთვის. არანაკლებ მნიშვნელოვანია, სამუშაო ადგილების შექმნა სოფლის მეურნეობის სექტორში (აგრონომებისთვის, კვლევითი ინსტიტუტებისთვის, ფერმერებისთვის და ა.შ)“. S