ელექტრომობილების ერა

ელექტრომობილების ერა

მსოფლიოს ავტოკონცერნების სტრატეგიული გათვლებით, 2020 წლისთვის მსოფლიოში ყოველი მეათე მანქანა ელექტრომობილი იქნება: 2020 წლისთვის გერმანია ვარაუდობს, რომ მის გზებზე 1 მილიონი ელექტრომობილი იმოძრავებს, ჩინეთი უახლოესი 10 წლის განმავლობაში 3 მილიონი ელექტრომობილის გაყიდვას გეგმავს, ნორვეგიაში აქტიურად განიხილავენ კანონს, რომლის მიხედვითაც 2025 წლიდან ქვეყანაში მხოლოდ ელექტრომობილები და სხვა „მწვანე“ ავტომობილები უნდა გაიყიდოს და ნავთობპროდუქტებზე მომუშავე ავტომანქანები თანდათან გამოვიდეს მოხმარებიდან.

სრულიად რეალურია, რომ ორიოდე ათეული წლის შემდეგ შიდაწვის ძრავები ისეთივე ანაქრონიზმი გახდეს ავტოინდუსტრიაში, როგორც, ვთქვათ, დღეს ორთქლის ძრავაა და ჩვენი დღევანდელი ყოველდღიური ცხოვრების ატრიბუტი, შიდაწვისძრავიანი ავტომანქანა, მალე მოძველებულ ტექნოლოგიად გადაიქცეს.

ელექტრომობილები პირდაპირ იპყრობენ საავტომობილო ბაზარს, ექსპერტები თანხმდებიან, რომ ავტოინდუსტრია ახალი რევოლუციური ცვლილებების ზღურბლზე დგას. და მაინც რითია ასეთი მომხიბვლელი ელექტრომობილი, რა უპირატესობები გააჩნია ტრადიციულ, შიდაწვისძრავიან ავტომობილებთან შედარებით?

ელექტრომობილი უახლესი ელექტროსაინჟინრო ტექნოლოგიის შედევრია. ელექტრომობილის მოძრაობა, მანევრირება, აჩქარება, უსაფრთხოება და მოძრაობის კონტროლი უფრო საიმედო და ეფექტიანია, ვიდრე ჩვეულებრივი შიდაწვისძრავიანი მანქანებისა.

ელექტრომობილები მხოლოდ გარეგნულად თუ ჰგვანან ჩვეულებრივ ავტომობილებს, ისინი სულ სხვა პრინციპით მუშაობენ. ელექტრომობილებს არ გააჩნიათ შიდაწვის ძრავა, და, რა თქმა უნდა, არ სჭირდებათ საწვავი, მათი ენერგიის წყარო მძლავრ და ტევად ბატარეებში დამუხტული ელექტროენერგიაა, ხოლო მანქანებს ელექტრომოტორები ამოძრავებს.

ელექტრომობილი ძველ სტერეოტიპებს ამსხვრევს – ავტომობილს არ სჭირდება ისეთი, თითქოს აუცილებელი, დეტალები, როგორიცაა ძრავის ზეთი, ანტიფრიზი, სამუხრუჭე სითხე, ან საჭის ჰიდროგამაძლიერებელი; არ სჭირდება სამუხრუჭე ხუნდების, საწვავისა თუ ჰაერის ფილტრების შეცვლა. ყოველივე ამ კომპონენტის ნაცვლად ელექტრომობილში ჭკვიანი ელექტროტექნიკა მუშაობს, ეს ყოველივე კი ელექტრომობილის ექსპლუატაციას უფრო იაფს და საიმედოს ხდის და, შესაბამისად, ელექტრომობილის მოვლის და ექსპლუატაციის ფასი შესაბამისი კლასისა და გაბარიტების შიდაწვისძრავიან ავტომობილთან შედარებით 3-ჯერ მცირდება.

ელექტრომობილების დიდი უპირატესობა მათი ენერგოეფექტიანობაა, რაც დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის. ამ მხრივ ელექტრომობილების ეფექტიანობა საგრძნობლად აღემატება შიდაწვისძრავიანი მანქანებისას: თუ შიდაწვის ძრავებში მოხმარებული ბენზინის ან დიზელის ენერგიის მხოლოდ 18-20% გამოიყენება ავტომობილის მოძრაობისთვის, ელექტრომობილებში ეს რიცხვი 60% და მეტია, ელექტრომობილები სამჯერ უფრო ენერგოეფექტიანები არიან, ვიდრე შიდაწვისძრავიანი მანქანები.

გარდა ამისა ელექტრომობილი პირდაპირ პანაცეაა დღევანდელი საგანგაშო ეკოლოგიური პრობლემებისთვის. ელექტრომობილი ეკო-მეგობრული ტრანსპორტია – არავითარი გამონაბოლქვი და ემისია. უხმაურო მოძრაობა და სუფთა ენერგიის გამოყენება – ესაა ელექტრომობილი. განსაკუთრებით ეფექტიანია ელექტრომობილი ურბანულ გარემოში – დღევანდელი მეგაპოლისების მწვავე პრობლემა ხომ სწორედ ტრანსპორტის გამონაბოლქვია. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საქართველოს 5 უდიდეს ქალაქში ჰაერის დაბინძურება დასაშვებ ნორმაზე 2.5-ჯერ მეტია და თბილისში ჰაერის დაბინძურების 75% სწორედ ტრანსპორტის გამონაბოლქვის „დამსახურებაა“. ელექტრომობილების გამოჩენა ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.

მიუხედავად ამისა, მხოლოდ ელექტრომობილებზე გადასვლით გარემოს დაბინძურების პრობლემა ვერ გადაწყდება. ეკოლოგები სამართლიანად მიუთითებენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ელექტროენერგია, რომლითაც ელექტრომობილები იმუხტება, ენერგიის სუფთა წყაროებიდან იქნას მიღებული, თორემ თუ ელექტროენერგია გაზისა და ნახშირის თბოელექტროსადგურებიდან მივიღეთ და ამ ელექტროენერგიით შემდეგ მანქანები დავმუხტეთ, გლობალურად ვერავითარ ეკოლოგიურ ბენეფიტებს ვერ ვნახავთ.

საბედნიეროდ, ალტერნატიული განახლებადი ენერგიის წყაროები სულ უფრო და უფრო ვითარდება და უფრო და უფრო მეტ და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მსოფლიო ენერგეტიკაში. ამ მხრივ საქართველოსაც დიდი პერსპექტივები აქვს: ჩვენი ბუნებრივი სიმდიდრის – ჰიდრორესურსების ჯერ კიდევ მხოლოდ 20% არის ათვისებული, ასე რომ საქართველოს სრული შესაძლებლობა აქვს, სუფთა ელექტროენერგიის სერიოზული მწარმოებელი და ექსპორტიორიც კი გახდეს და მსოფლიოს გაზრდილ მოთხოვნას ელექტროენერგიაზე, რასაც ელექტრომობილების ბუმი კიდევ უფრო გაზრდის, სუფთა ელექტროენერგიის წარმოებით უპასუხოს.

მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი დამაიმედებელი ფაქტებისა, ელექტრომობილების ტექნოლოგიები ჯერ კიდევ განვითარების სტადიაშია და მათ, უდავო უპირატესობებთან ერთად, გარკვეული ტექნიკური პრობლემებიც თან ახლავთ. პირველ რიგში ეს არის ელექტრომობილის მოძრაობის მანძილი, რომელიც თუნდაც მთლიანად დამუხტული ბატარეებით, ჯერ კიდევ დიდი არაა. ჯერჯერობით ელექტრომობილებს უფრო ხშირად სჭირდებათ დამუხტვა, ვიდრე შიდაწვისძრავიან ავტომობილებს – საწვავის ჩასხმა. მაგალითად, ელექტრომობილების გაყიდვების ერთ-ერთი ლიდერი, Nissan-ის მოდელი Leaf-ი („ფოთოლი“), მთლიანად დამუხტული ბატარეებით, საშუალოდ, 200 კმ-მდე მანძილს გადის, ამან შეიძლება გარკვეული დისკომფორტი შექმნას – ვთქვათ, ისეთი, თქვენს ავტომობილს მხოლოდ 20 ლიტრი მოცულობის ბენზინის ბაკი რომ ჰქონდეს.

ელექტრომობილის დამუხტვასთან კიდევ ერთი საკითხია დაკავშირებული – დამუხტვის დრო. ჩვეულებრივი ქსელიდან ელექტრომობილის სრულ დამუხტვას საშუალოდ 8 საათი სჭირდება, თუმცა უკვე გამოჩნდა სწრაფი დამუხტვის აპარატები – ე.წ. სუპერჩარჯერები, რომლებიც 30 წუთში ბატარეების მოცულობის 80% შეავსებს, ამასთან ერთად დასამუხტი სადგურების ინფრასტრუქტურაც სწრაფად ვითარდება და სუპერჩარჯერების ქსელიც სწრაფად ფართოვდება.

და მაინც, ჯერჯერობით მთავარი ფაქტორი, რაც პირველ რიგში აბრკოლებს ელექტრომობილების მსოფლიო მასშტაბით კიდევ უფრო ფართო „შემოსევას“, მათი მაღალი ფასია. ელექტრომობილების საყოველთაოდ ცნობილი მწარმოებლის, ამერიკული კომპანია Tesla-ს მოდელი S, მაგალითად, $58 000 ღირს, სპორტული Tesla Roadster-ის ფასი კი $109 000 გახლავთ, თუმცა ელექტრომობილების მწარმოებელი სხვადასხვა კომპანია შედარებით დაბალი ფასის მოდელებსაც სთავაზობს მყიდველებს – იგივე Nissan Leaf-ი, მაგალითად, $34 000 ღირს. და მიუხედავად იმისა, რომ ელექტრომობილების ფასები სტაბილურად დაბლა იწევს, ჯერჯერობით ელექტრომობილი მაინც უფრო ძვირია, ვიდრე შესაბამისი კლასის შიდაწვისძრავიანი მანქანა.

თუმცა ელექტრომობილების მომხრეებს ძლიერი არგუმენტი აქვთ: საშუალოდ ელექტრომობილის მოძრაობა 4-ჯერ უფრო იაფია, ვიდრე ჩვეულებრივი შიდაწვისძრავიანი მანქანისა, (წარმოიდგინეთ ეფექტი: ბენზინი რომ 4-ჯერ იაფი ღირდეს!). მაგალითად, Nissan Leaf-ით რომ გაემგზავროთ თბილისიდან ბათუმში, მგზავრობა სულ რაღაც 65-70 კვტ/საათი, ანუ დაახლოებით 10 ლარი დაგიჯდებათ. ოღონდ აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ სადმე შუა გზაზე ერთხელ მაინც ბატარეების დამუხტვა მოგიხდებათ.

მაგრამ დაგხვდებათ კი გზად სუპერჩარჯერი, რომ ბატარეები სწრაფად დატენოთ და კვლავ გზას გაუდგეთ? თუ 8 საათი ლოდინი მოგიწევთ, სანამ ჩვეულებრივი ქსელიდან დატენით მანქანას? ელექტრომანქანებს ხომ, ისევე როგორც ჩვეულებრივ მანქანებს, შესაბამისი ინფრასტრუქტურა სჭირდებათ, რათა სრულყოფილ, კომფორტული გადაადგილების საშუალებად იქცნენ. ამას მხოლოდ ტექნოლოგიების გაიაფება და ელექტრომობილების ბაზრის განვითარება უზრუნველყოფს.

როგორც ავტომობილების ბაზრის ანალიზი აჩვენებს, მომხმარებლებს უფრო და უფრო მოსწონთ ელექტრომობილები და მწარმოებლებიც დღითი დღე აუმჯობესებენ ელექტრომობილების მახასიათებლებს. კომპანია Tesla Motors-მა 2016 წელს წარმოადგინა ახალი Model III, რომელმაც ავტოშოუზე დიდი მოწონება დაიმსახურა. ეს მოდელი (გარდა იმისა, რომ გაუმჯობესებული ბატარეების სისტემა აქვს, რომელთა დამუხტვას სულ 25 წუთი სჭირდება და მანქანა 320 კმ-ს გადის) უფრო იაფი იქნება, ვიდრე მისი წინამორბედი, უკვე საქვეყნოდ ცნობილი მოდელი Tesla S. ახალი მოდელის სავარაუდო საბაზისო ფასი $35,000 გახლავთ და, თუმცა მისი გაყიდვები ჯერ არ დაწყებულა, კომპანიამ წინასწარ უკვე 400 ათასამდე(!) შეკვეთა მიიღო.

დღეისათვის Nissan-ისა და Tesla-ს მხარდამხარ მსოფლიოს მოწინავე ავტოკონცერნები ინტენსიურად მუშაობენ ელექტრომობილების განვითარებაზე და მომხმარებელს საშუალება აქვს, 3 ათეულზე მეტი საკმაოდ ფართო სპექტრის ელექტრომობილიდან აირჩიოს მისთვის სასურველი მანქანა. მსოფლიოს ავტოინდუსტრიის ლიდერები კარგად აცნობიერებენ ელექტრომობილების მომავალს და აქედანვე იბრძვიან ბაზარზე ადგილის დასამკვიდრებლად. ბავარიულმა კონცერნმა, BMW-მ, შექმნა წარმატებული მოდელი BMWi3, რომელსაც კარბონბოჭკოვანი კორპუსი აქვს, მძლავრი ბატარეებით გამოირჩევა და 200 კმ-მდე გადის ქალაქის მოძრაობის პირობებში. მეორე გერმანული გიგანტი, Volkswagen-ი, სხვა გზას დაადგა: ცნობილი სერიული მოდელი Golf-ი შიდაწვის ძრავის ნაცვლად ელექტრონული „შიგნეულობით“ აღჭურვა და მშვენიერი შედეგიც მიიღო. საავტომობილო ბაზარზე წარმატებით იმკვიდრებენ ადგილს ფორდის Ford Focus Electric-ი, რენოს მოდელი Zoe, რომელიც ერთ ერთ ყველაზე იაფია არსებულ ელექტრომობილებს შორის, სიტროენის C-Zero მოდელი, რომელიც ქალაქში ექსპლუატაციისთვის ერთ-ერთ საუკეთესო მოდელადაა მიჩნეული.

ცნობილ ევროპულ და ამერიკულ ავტოგიგანტებს არც აზიური კომპანიები ჩამორჩებიან: იაპონური Nissan-ი და Toyota, კორეული Kia, ჩინური კომპანია BYD და სხვანი ინტენსიურად ავითარებენ ელექტრომობილების წარმოებას, ყოველწლიურად ახალ, კიდევ უფრო გაუმჯობესებულ და ფასითაც უფრო ხელმისაწვდომ მოდელებს სთავაზობენ მსოფლიოს და წარმატებით იპყრობენ არა მარტო შიდა, არამედ ევროპულ და ამერიკულ ბაზრებსაც. კონკურენცია მაღალია, მწარმოებლები ერთიმეორეზე უკეთეს მოდელებს უშვებენ, რაც საბოლოო ჯამში მომხმარებლისთვის ძალიან კარგია და რა გასაკვირია, რომ მსოფლიოში ელექტრომობილების გაყიდვა 2015 წელს წინა წელთან შედარებით 65%-ით გაიზარდა. ეს ელექტრომობილების აღმასვლის მხოლოდ დასაწყისია.

ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ უკვე ახალ ეპოქაში შევაბიჯეთ და ამ ეპოქას ელექტრომობილების ერა ჰქვია. 

ავტორის შესახებ: კახა ქარჩხაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოციირებული პროფესორი და განახლებადი ენერგიის წამყვანი მკვლევარია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *