ელექტრომობილების უმსხვილესი მწარმოებლების რეიტინგი

ელექტრომობილების უმსხვილესი მწარმოებლების რეიტინგი

Photo by P. L. Unsplash

ელექტრომობილების პოპულარობა წლიდან წლამდე იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაყიდვების ზრდის ტემპმა იკლო, მსოფლიო თანხმდება, რომ ავტოინდუსტრიის მომავალი ელექტრომობილებშია. უკანასკნელი პერიოდის ტენდენცია აჩვენებს, რომ ამ ინდუსტრიაში დასავლელ მწარმოებლებს დიდ კონკურენციას უწევს და ხშირ შემთხვევაში უფრო გაყიდვადია ჩინელი  მწარმოებლების პროდუქცია. დაბალბიუჯეტურ ელექტრომობილებზე მოთხოვნა მთელ მსოფლიოში მზარდია.

მიუხედავად ამისა, დასავლურ მოდელებს საკუთარი ნიში აქვთ. ისინი მეტწილად ხარისხსა და მომხმარებლის კომფორტზე ორიენტირდებიან. შესაბამისად, მათ საკუთარი სამომხმარებლო სეგმენტი ჰყავთ. სტატიაში წარმოგიდგენთ ელექტრომობილების უმსხვილესი მწარმოებლების რეიტინგს, რომელიც შედგენილია 2024 წლის აგვისტოდან 2025 წლის აგვისტომდე პერიოდში წარმოებული ელექტრომობილების რაოდენობის მიხედვით. მონაცემები დაფუძნებულია კვლევითი კომპანია SNE Research-ის 2025 წლის ანგარიშზე და აერთიანებს როგორც სრულად ელექტრონულ, ისე დამუხტვად ჰიბრიდულ მოდელებს.

ელექტრომობილების ტექნოლოგიაში მთავარი პიონერი ამერიკული Tesla იყო, რომლის მოდელებიც დღემდე ყველაზე პოპულარულია. თუმცა მისმა მაღალმა ფასმა და იაფი ჩინური ალტერნატივების გამოჩენამ დროთა განმავლობაში Tesla-ზე მოთხოვნა შეამცირა. SNE Research-ის ანგარიშის თანახმად, ზემოაღნიშნული დროის შუალედში ყველაზე მეტი ელექტრომობილი ჩინურმა BYD-მ აწარმოვა. ერთი წლის განმავლობაში ჩინურმა მწარმოებელმა 2.56 მილიონი ერთეული ავტომობილი გამოუშვა, რომელთა ძირითადი ნაწილიც ადგილობრივი ბაზრისთვის იყო განკუთვნილი.

რეიტინგის მეორე პოზიციაზე ასევე ჩინური მწარმოებელი Geely მოხვდა, რომელმაც 2024 წლის აგვისტოდან 2025 წლის აგვისტომდე 1.31 მილიონი ელექტრომობილი აწარმოვა. ამერიკული Tesla რეიტინგის მესამე პოზიციას იკავებს. ილონ მასკის ელექტრომობილების კომპანიამ აღნიშნულ პერიოდში 985,000 ერთეული ელექტრომობილი გამოუშვა. ხუთეულში ერთადერთი ევროპული მწარმოებელი Volkswagen-ია, რომელმაც 854,000 ერთეული ელექტრომობილი აწარმოვა.

ხუთეულს კი კვლავ ჩინური SAIC-ი ასრულებს 720,000 ერთეული წარმოებული ელექტრომობილით. გარდა აღნიშნულისა, რეიტინგის ათეულში კიდევ ორი ჩინური კომპანია გვხვდება: Changan-ი და Chery. მე-7 პოზიციაზეა სამხრეთკორეული  Hyundai (416,000), მე-9-ზე კი გერმანული BMW (389,000). ათეულში ბოლო პოზიციაზეა ნიდერლანდური Stellantis-ი, რომელიც, თავის მხრივ, ათზე მეტ საავტომობილო ბრენდს აერთიანებს.

რეიტინგიმწარმოებელირაოდენობა
1BYD2,556,000
2Geely1,315,000
3Tesla985,000
4Volkswagen854,000
5SAIC720,000
6Changan563,000
7Hyundai416,000
8Chery395,000
9BMW389,000
10Stellantis342,000
I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.