Eli Lilly-ის თქმით, მისი ექსპერიმენტული პრეპარატი ცდისპირებს წონის 15%-ის დაკლებაში დაეხმარა

Eli Lilly-ის თქმით, მისი ექსპერიმენტული პრეპარატი ცდისპირებს წონის 15%-ის დაკლებაში დაეხმარა

ფოტო: Shutterstock

 

დღეს გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, ფარმაცევტული კომპანია Eli Lilly-ის მიერ წარმოებული დიაბეტის ექსპერიმენტული პრეპარატი, Retatrutide-ი, კლინიკური კვლევის ზოგიერთ მონაწილეს სხეულის წონის 15%-ზე მეტის დაკლებასა და სისხლში შაქრის დონის შემცირებაში დაეხმარა.

კომპანიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, პრეპარატის მაღალი დოზის მიღების შემთხვევაში, ცდისპირებმა 40 კვირაში საშუალოდ სხეულის მასის 15.3% დაიკლეს, რაც თითოეულ მონაწილეზე დაახლოებით 15 კილოგრამს შეადგენს.

ამავე პერიოდში დაფიქსირდა გლიკოზირებული ჰემოგლობინის (A1C) დონის შემცირებაც. მაღალი დოზის ჯგუფში მაჩვენებელი 1.9%-ით დაეცა. შედარებისთვის, პლაცებოს ჯგუფში წონის კლების მაჩვენებელი მხოლოდ 2.6% იყო, ხოლო A1C-ის შემცირების მაჩვენებელი – 0.8%.

კვლევა მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე ზრდასრულ პაციენტებში ჩატარდა და პრეპარატი დიეტისა და ფიზიკური აქტივობის პარალელურად იყო გამოყენებული. კომპანიის განცხადებით, 40 კვირის შემდეგაც კი ცდისპირებში წონის კლება გაგრძელდა, რაც მიუთითებს, რომ ეფექტი პიკის ეტაპზე არ შეჩერებულა.

Retatrutide-ი ე.წ. სამმაგ ჰორმონულ აგონისტს წარმოადგენს. ის ერთდროულად მოქმედებს სამ სხვადასხვა მექანიზმზე, რომლებიც მადასა და მეტაბოლიზმს არეგულირებს. მათ შორის არის GLP-1 (რომელზეც დაფუძნებულია Ozempic-ი), ასევე GIP (რომელიც Mounjaro-ს სამიზნეა) და გლუკაგონი – ჰორმონი, რომელსაც მსგავსი პრეპარატების უმეტესობა არ მოიცავს.

კომპანიის ინფორმაციით, Retatrutide-მა დადებითი გავლენა იქონია გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობაზეც, მათ შორის ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდებისა და არტერიული წნევის მაჩვენებლებზე.

მიუხედავად იმედისმომცემი შედეგებისა, Eli Lilly-ის აქციების ფასმა საფონდი ბირჟის გახსნის შემდეგ მნიშვნელოვანი ცვლილება არ განიცადა. პრეპარატი მარეგულირებელ ორგანოებში დასამტკიცებლად ჯერჯერობით წარდგენილი არ არის. კომპანია დამატებითი კლინიკური კვლევების შედეგებს მიმდინარე წლის განმავლობაში ელოდება.

აღსანიშნავია, რომ ამავდროულად, კონკურენტი Novo Nordisk-ის ახალი პრეპარატის CagriSema-ს კვლევის შედეგები შედარებით სუსტი აღმოჩნდა, რამაც კომპანიის აქციების ფასის 15%-იანი ვარდნა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ Novo Nordisk-მა ადრე წარმატებით გამოუშვა GLP-1 აგონისტები, როგორიცაა Ozempic-ი და Wegovy, ახალი თაობის პრეპარატმა მოლოდინები სრულად ვერ გაამართლა.