პარასკევს, 22 ნოემბერს, Eli Lilly-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ $1 ტრილიონს მიაღწია. შედეგად, ის გახდა პირველი ფარმაცევტული კომპანია, რომელიც ტექნოლოგიური გიგანტებით დომინირებულ „ელიტურ კლუბს“ შეუერთდა.
მიმდინარე წელს კომპანიის აქციების ღირებულება 35%-ზე მეტით გაიზარდა, რაც, ძირითადად, წონის დასაკლები მედიკამენტების ბაზრის მკვეთრი ზრდით არის გამოწვეული. ბოლო წლებში ეს ჯანდაცვის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მოგებიან სეგმენტად იქცა.
აღნიშნულ სეგმენტში Eli Lilly-ის პრეპარატებმა – ტირზეპატიდმა, რომელიც მე-2 ტიპის დიაბეტისთვის Mounjaro-ს სახელწოდებით იყიდება, ხოლო წონაში დასაკლები პრეპარატის სახით Zepbound-ის ბრენდით – უკვე გადაუსწრო Merck-ის ყველაზე გაყიდვად პრეპარატ Keytruda-ს. მანამდე ამ სიგმენტის ბაზარზე პირველ პოზიციაზე Novo Nordisk-ი იყო, თუმცა Eli Lilly-ის პრეპარატებმა მისი კონკურენციის დაძლევაც შეძლო.
ექსპერტების შეფასებით, ამერიკულ კომპანიას უპირატესობა მისცა იმან, რომ Novo Nordisk-ის Wegovy 2021 წელს მიწოდების დეფიციტის პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, რამაც Lilly-ის ბაზარზე სწრაფი გაძლიერების შესაძლებლობა მისცა. გარდა ამისა, ტირზეპატიდმა კლინიკურ კვლევებში უფრო მაღალი ეფექტიანობა აჩვენა, ხოლო კომპანიამ წარმოება და დისტრიბუცია სწრაფად გაზარდა.
გასული კვარტალის მონაცემებით, Eli Lilly-მ წონაში დასაკლები და დიაბეტის სამკურნალო პრეპარატების მიმართულებიდან $10.09 მილიარდზე მეტი შემოსავალი მიიღო, რაც მისი საერთო $17.6-მილიარდიანი შემოსავლის ნახევარზე მეტს წარმოადგენს.









