Warner Bros. Discovery-ის მოთხოვნის საფუძველზე, ამერიკელი მილიარდერი ლარი ელისონი დათანხმდა, გაეცა პირადი გარანტია, რომელიც მედიაკონგლომერატის შესყიდვაზე Paramount-ის შეთავაზებას $40.4 მილიარდით დააზღვევს. Warner Bros-ის მოთხოვნითვე, ტრანზაქციის პერიოდში, ელისონი თავისი ოჯახის საკუთრებაში არსებული ტრასტის გაუქმებას ან აქტივების გაყიდვას ვერ შეძლებს.
Warner Bros. Discovery-მ ელისონის $40-მილიარდიანი პირადი „შეუქცევადი ფინანსური გარანტია“, Paramount-ის შეთავაზების განხილვის წინაპირობად დაასახელა. როგორც ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიაში წარდგენილ დოკუმენტში კომპანიამ განაცხადა, ეჭვქვეშაა, დარჩება თუ არა ელისონების ოჯახის სრული ტრასტი Paramount-ის შეთავაზების ერთგული, რადგან შეთანხმება მათ გარიგებაში მონაწილეობის ვალდებულებას არ აკისრებდა.
იხილეთ ასევე: Warner Bros-ისთვის რბოლაში $108-მლრდიანი შეთავაზებით Paramount-ი ჩაერთო
Paramount Skydance-ის მიერ Warner Bros. Discovery-ის შესყიდვაზე ინფორმაცია თავდაპირველად სექტემბერში გავრცელდა. დაუდასტურებელი ცნობებით, შესყიდვაში მედიაგიგანტის საკაბელო ქსელები და კინოსტუდია იქნება გათვალისწინებული. დამატებით, Paramount-ი შესყიდვაზე თავის შეთავაზებას $5.8 მილიარდითაც დააზღვევს. რაც ნიშნავს, რომ კომპანია ტრანზაქციის ჩავარდნის შემთხვევაში, Warner Bros. Discovery-ს აღნიშნულ თანხას გადაუხდის.
ცნობისთვის, ელისონი, რომელიც Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში მესამე ადგილზეა, მედიაგიგანტ Paramount Skydance-ის თითქმის ნახევარს ფლობს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი კი მისი ვაჟი, დევიდ ელისონია. ამერიკული Forbes-ი ელისონის ქონებას $242.7 მილიარდად აფასებს, რითაც ის მხოლოდ ილონ მასკსა და ლარი პეიჯს ჩამორჩება.
იხილეთ ასევე: ლარი ელისონი Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში მესამე ადგილზე დაბრუნდა
















