ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის (FAA) მონაცემებით, 2009-2021 წლამდე პერიოდში, ფრენის დროს ტურბულენტობით გამოწვეული ინციდენტისას ჯამში 146 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი სერიოზულად დაშავდა. მიუხედავად იმისა, რომ ფატალური შემთხვევები ძალიან იშვიათია, მაგალითად, გასულ წელს, სინგაპურის ავიახაზების ლონდონიდან რეისზე ტურბულენტობას ერთი პირი ემსხვერპლა.
გაერთიანებული სამეფოს რიდინგის უნივერსიტეტის მკვლევართა შეფასებით, კლიმატური ცვლილებები სამომავლოდ ტურბულენტობის რისკს გაზრდის. უნივერსიტეტის მეტეოროლოგთა მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ ჩრდილო ატლანტიკის თავზე ტიპურ წერტილში – მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ საფრენ მარშრუტზე – ძლიერი ტურბულენტობის საერთო წლიური ხანგრძლივობა 1979-დან 2020 წლამდე 55%-ით გაიზარდა.
გამომდინარე აქედან, ავიაკომპანიები ახალ გზებს ეძებენ, რათა ფრენისას მგზავრების უსაფრთხოება უზრუნველყონ. მათ შორისაა Emirates-ი, რომელიც ტურბულენტობის პროგნოზირებისთვის ახლა უკვე ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. კომპანიის განცხადებით, ახალ ტექნოლოგიას რეალურ დროში მონაცემების გენერირება შეუძლია, რის შემდეგაც ტრაექტორიებზე ტურბულენტობის არეების შესახებ სიგნალი უკვე პილოტებს გადაეცემათ.
სისტემა დასწავლისთვის „ადამიანების მიერ მოპოვებულ ტურბულენტობის მონაცემებსა და პილოტთა ანგარიშებს“ იყენებს. Emirates-ის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ავიაკომპანია ტურბულენტობის გარეშე ფრენების გარანტიას ვერ გასცემს, უახლესმა სტრატეგიამ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში მოულოდნელი ძლიერი ტურბულენტობის შემთხვევები მნიშვნელოვნად შეამცირა.
რიდინგის უნივერსიტეტის მეტეოროლოგ მარკ პროსერის განცხადებით, ტურბულენტობის პროგნოზირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ავიაკომპანიებისთვის, რომელთაც მასთან გამკლავება ყოველწლიურად მილიონობით აშშ დოლარი უჯდებათ. პროსერის თქმით, ტურბულენტობაში გატარებული ყოველი დამატებითი წუთი ზრდის თვითმფრინავის ცვეთას, ასევე მგზავრებისა და ბორტგამცილებლების დაზიანების რისკს, მხოლოდ შეერთებულ შტატებში კი ეს ავიაინდუსტრიას ყოველწლიურად $150-500 მილიონამდე უჯდება.














