როგორ გამდიდრდა სამხრეთი კორეა?

iStock-459239459

სამხრეთ კორეის ეკონომიკა 1.8 ტრილიონი დოლარია და თითქმის უტოლდება ტერიტორიით მასზე 170-ჯერ დიდ, ბუნებრივი რესურსებით უმდიდრეს რუსეთის ფედერაციის ეკონომიკას.

სამხრეთკორეელის საშუალო წლიური შემოსავალი 35 ათას დოლარზე მეტია და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 32-ე ადგილს იკავებს. მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) გათვალისწინებით სამხრეთკორეელის საშუალო წლიური შემოსავალი 65 ათასი დოლარია და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 26-ე ადგილზეა.

თუ გავიხსენებთ, რომ სამხრეთკორეული კომპანიებია „სამსუნგი“, „ჰიუნდაი“, „LG“ და „კია“, ნათელი ხდება, რატომ არის ქვეყანა მდიდარი, მაგრამ საინტერესოა, როგორ მივიდა განვითარების ასეთ დონემდე, როგორ მოახდინა „ეკონომიკური სასწაული“ და გახდა ე.წ. „აზიური ვეფხვი“.

1910-1945 წლებში კორეა იაპონიის კოლონია იყო. მეორე მსოფლიო ომში იაპონიის დამარცხების შედეგად კორეა თავისუფალი ქვეყანა გახდა, მაგრამ ორ ნაწილად გაიყო, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეად. 1950 წელს საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის მხარდაჭერით ჩრდილოეთ კორეის ჯარები სამხრეთ კორეაში შეიჭრნენ და „კორეის ომი“ დაიწყო. სამხრეთს აშშ ეხმარებოდა. ომი 1953 წელს შეწყდა და დღემდე კორეის ნახევარკუნძულზე ორი სახელმწიფოა: ჩრდილოეთი კორეა და სამხრეთი კორეა. ჩრდილოეთი კორეა კომუნისტურ-დიქტატორულ ქვეყნად რჩება, ხოლო სამხრეთი კორეა დემოკრატიული, ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანაა.

სამხრეთი კორეა ომში მნიშვნელოვნად დაზარალდა, მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში შედიოდა. 1960-იან წლებამდე ის ძირითადად აშშ-ის დახმარებაზე იყო დამოკიდბული. 1961 წელს ქვეყანაში 25 მლნ კაცი ცხოვრობდა, ერთ მოსახლეზე წლიური შემოსავალი კი 80 აშშ დოლარი იყო, რაც დღევანდელი ფასებით 860 დოლარის ეკვივალენტია. გამოდის, რომ 1961 წელს სამხრეთი კორეა 40-ჯერ უფრო დაბალშემოსავლიანი იყო, ვიდრე დღეს არის.

კორეის ეკონომიკური განვითარება 1961 წლიდან იწყება, გენერალ პაკ ჩონ ჰის მმართველობის დროს, რომელმაც ქვეყანა 1979 წლამდე მართა. აშშ-სგან და იაპონიისგან მიღებული დახმარებით და ქვეყნის შიდა დანაზოგებით, აგრარული ქვეყანა თანდათან ინდუსტრიული ხდება. მნიშვნელოვანი იყო ე.წ. „ჩებოლების“ მხარდაჭერა. ეს იყო მსხვილი სამრეწველო კომპანიები, რომლებიც, მართალია, კერძო საკუთრებას წარმოადგენდნენ, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერით სარგებლობდნენ. მაგალითად, დაბალი გადასახადებით, დაბალპროცენტიანი სესხებით და ა.შ. დღეს „ჩებოლების“ ყველაზე ცნობილი შთამომავლები „სამსუნგი“, „ჰიუნდაი“ და „LG“ არიან.

კორეა აქტიურად ითვისებდა იმ პერიოდში უკვე სწრაფად განვითარებადი მეზობელი ქვეყნის, იაპონიის გამოცდილებას, განსაკუთრებით ტექნიკისა და ტექნოლოგიების სფეროში. ამასთან, ის აქტიურად იყო ჩართული საგარეო ვაჭრობაში იაპონიასთან და აშშ-თან.

აღსანიშნავია სასკოლო განათლების საყოველთაოდ გავრცელება და განათლების დონის მნიშვნელოვნად ამაღლება. 1945 წელს სამხრეთ კორეაში მოსახლეობის 45%-მა იცოდა წერა-კითხვა, 1970 წელს კი უკვე 88%-მა.

კორეა მნიშვნელოვან კერძო და სახელმწიფო ინვესტიციებს დებდა ტექნოლოგიების განვითარებაში, 2000-იან წლებამდე მშპ-ის 3%-ს, ხოლო შემდეგ 4%-ზე მეტს. ამ მაჩვენებლით სამხრეთი კორეა მსოფლიოში მეორე ადგილზეა. მასზე მეტს კვლევებსა და განვითარებაში (R&D) მხოლოდ ისრაელი ხარჯავს. 2013 წელს კორეაში ყოველი დასაქმებული 1,000 ადამიანიდან 13 მეცნიერი იყო და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ფინეთს, დანიასა და შვედეთს ჩამორჩებოდა.

რადგან სამხრეთ კორეას მრავალმილიონიანი, იაფი სამუშაო ძალა ჰყავდა და შიდა ბაზარი დაბალი მსყიდველობითუნარიანი იყო, საექსპორტო დარგები ითვლებოდა პრიორიტეტულად. 1960 წლიდან 1980 წლამდე კორეის ექსპორტში სოფლის მეურნეობის პროდუქციის წილი 50%-დან 7%-მდე შემცირდა, ხოლო მსუბუქი მრეწველობის 6%-დან 48%-მდე გაიზარდა. მსუბუქი მრეწველობის წამყვანი სექტორები ტანსაცმლისა და კოსმეტიკური საშუალებების წარმოება იყო.

1980 წლიდან მსუბუქი მრეწველობის პროდუქციის საექსპორტო წილიც იწყებს შემცირებას და თან-დათანობით მას მძიმე მრეწველობა, გამოთვლითი და ციფრული ტექნიკა ანაცვლებს. 2010 წელს ექსპორტის 80% ავტომობილებსა და ტექნიკაზე მოდიოდა.

მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთი კორეა 1960-1980-იან წლებში დემოკრატიის დონით დასავლეთის ქვეყნებს მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა, ამ პერიოდში კორეა ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იყო ინვესტიციებისთვის, რადგან საიმედოდ იყო დაცული საკუთრების უფლება, გადასახადები დაბალი იყო და ბიზნესის კეთებაში მთავრობა უხეშად არ ერეოდა. დღეისათვის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში სამხრეთ კორეას მსოფლიოში მე-17 ადგილი უჭირავს.

1961-1994 წლებში კორეის ეკონომიკა წელიწადში საშუალოდ 8.3%-ით იზრდებოდა. უკეთესი საშუალო ზრდის მაჩვენებელი (9.2%) მხოლოდ იაპონიამ დააფიქსირა 1950-1973 წლებში. კორეაში კიდევ უფრო მეტად გაიზრდებოდა ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი, რომ არა დემოგრაფიული ბუმი. დღეს სამხრეთ კორეაში 52 მლნ ადამიანი ცხოვრობს, რაც 2-ჯერ მეტია 1961 წლის მაჩვენებელზე.

1998 წლის აზიის ფინანსური კრიზისი კორეასაც შეეხო, ეკონომიკა 5%-ით შემცირდა. 1999-2007 წლებში კორეის ეკონომიკის ზრდის საშუალო წლიური ტემპი 6% იყო. 2008-2009 წლების მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს მისი ეკონომიკა არ შემცირებულა, მცირედით გაიზარდა. ბოლო 15 წელია, კორეის ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 3.3%-ით იზრდება, რაც მდიდარი ქვეყნისთვის ნორმალური მაჩვენებელია.

"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

გააზიარე