განუბაჟებელი ნავთობის განკარგვის ბრალდებით ყაზახეთის მოქალაქეები დააკავეს

განუბაჟებელი ნავთობის განკარგვის ბრალდებით ყაზახეთის მოქალაქეები დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საბაჟო წესის დარღვევის ფაქტზე ყაზახეთის მოქალაქეები დააკავეს.

უწყების განცხადებით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნავთობის საბაჟო წესების გვერდის ავლით და მისგან მალულად განკარგვის ფაქტზე, 2025 წლის 3 დეკემბერს, სამი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“-ს ხელმძღვანელმა პირებმა, ტერმინალის რეზერვუარებში არსებული 10 000 ტონაზე მეტი განუბაჟებელი ნედლი ნავთობი, რომლის ღირებულებაც 15 000 000 ლარს აღემატება, საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით და მისგან მალულად განკარგეს“, – ვკითხულობთ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიების თანახმად, დაკავებულებმა დანაშაულის შესანიღბად, საბაჟო ტერმინალის რეზერვუარებში გამოსაყენებლად უვარგისი, ნავთობის დაბინძურებული ნარჩენები განათავსეს.

საგამოძიებო სამსახურის განმარტებით, დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების გამოსავლენად და დასაკავებლად, ასევე კონტრაბანდულად შემოტანილი ნავთობის შემდგომი განკარგვის ფაქტების გამოვლენის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. დაკავებულებისათვის წარდგენილი ბრალი სასჯელის სახით თავისუფლების 11-დან 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყება გამოძიებას სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით ახორციელებს, რაც საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევას ეხება.

დაკავებულების შესახებ ინფორმაცია, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით უცნობია. ბრალდებულების შესახებ პერსონალური მონაცემების გავრცელებისაგან თავს იკავებს თავად შპს „ბათუმის ნავთობტერმინალიც“. კომპანიის განცხადებით, გამოძიების საიდუმლოების დაცვის მიზნით და კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით, ფირმა დამატებით კომენტარს არ გააკეთებს.

„შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი” გაცნობებთ, რომ ტერმინალის ყველა მუშაკი იმყოფება სამუშაო ადგილზე. ტერმინალი ახორციელებს თავის საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში. ტერმინალისა და მისი მუშაკების სამართლებრივი ინტერესები და უფლებები სრულიად დაცულია. გამოძიების საიდუმლოების დაცვის მიზნით, კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით, შპს “ბათუმის ნავთობტერმინალი” თავს იკავებს დამატებითი კომენტარებისგან”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომპანიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესვლის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა „ბათუმელებმა“ გაავრცელა. გამოცემა 4 დეკემებრს წერდა, რომ ნავთობტერმინალში უწყებების საგამოძიებო მოქმედებების გამო სარკინიგზო გადაზიდვების დიდი ნაწილი 3 დეკემბრის ღამის შემდეგ შეჩერებული იყო. ბათუმელებისთვის კომპანიის თანამშრომლის მიერ ანონიმურად მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, კითხვები გამოძიებას რამდენიმე რეზერვუართან დაკავშირებით ჰქონდა. ანონიმური პირის ცნობით, ტერმინალში ფინანსური პოლიცია და სუს-ი ერთდროულად შევიდა, ადგილზე იმყოფებოდა სპეცრაზმიც და გადაზიდვები ნაწილობრივ შეაჩერეს. მისივე ინფორმაციით, გამოკითხვაზე 21 პირი, მათ შორის ხელმძღვანელებიც გადაიყვანეს.

ცნობისთვის, შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ აქციების 100%-ს ყაზახური სახელმწიფო ნავთობკომპანია KazTransOil-ი 2008 წლიდან ფლობს. მეწარმეთა და არასამეწარემო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, კომპანიის გენერალური დირექტორი ყაზახეთის მოქალაქე ფარხატ ტაშიბაევია. თავის მხრივ სააქციო საზოგადოება „ყაზტრანსოილი” ასევე სააქციო საზოგადოება „ყაზმუნაიგაზ”-ის შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.

„ბათუმის ნავთობტერმინალის“ ვებგვერდის თანახმად, ის საკუთარ კლიენტებს ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან, საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადატვირთვის მომსახურებას სთავაზობს.

Forbes Georgia

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი