ენერგეტიკული სექტორის მიმოხილვა

ენერგეტიკული სექტორის მიმოხილვა

ეკონომიკური ზრდის პარალელურად იზრდება მოთხოვნა კომუნალურ მომსახურებაზეც. ელექტროენერგია იმ აუცილებელ პროდუქტებს შორისაა, რომლებიც თანაბრად სჭირდება როგორც ბიზნესს, ასევე მოსახლეობას. 2016 წლიდან 2021 წლამდე საქართველოში ელექტროენერგიაზე ჯამური მოთხოვნა 1.4-ჯერ გაიზარდა, რაც საშუალოდ წელიწადში 4.5%-იანი ზრდაა. ამასთან, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ძირითადად ბიზნესის მხრიდან გაიზარდა – 2016-21 წლებში ბიზნესის მიერ მოხმარება წლიურად საშუალოდ 4.6%-ით იზრდებოდა, ხოლო მოსახლეობის მიერ – 1.8%-ით. ელექტროენერგიის მოხმარებასა და მისი მოთხოვნის ზრდაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია აფხაზეთის რეგიონსაც, თუმცა ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ. ცნობისათვის, 2021 წელს ბიზნესმა 7.5 ტვტ.სთ. ელექტროენერგია მოიხმარა, ხოლო მოსახლეობამ – 2.6 ტვტ.სთ.

ეკონომიკის განვითარების კვალდაკვალ ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდა ბუნებრივი მოვლენაა. მზარდი მოხმარების მიუხედავად, ერთ სულ მოსახლეზე ელექტროენერგიის მოხმარებით საქართველო ჯერ კიდევ 2.2-ჯერ ჩამორჩება ევროპის საშუალო მაჩვენებელს (2.7 მგვტ.სთ/კაცზე – საქართველოს მაჩვენებელი, 6.0 მგვტ.სთ/კაცზე – ევროპის მაჩვენებელი), რაც სამომავლო ზრდის პოტენციალზე მიუთითებს. მოსალოდნელია, რომ ელექტროენერგიის მოხმარება მომავალი 10 წლის განმავლობაში გაორმაგდება, ეკონომიკის მოსალოდნელი 4.5-5.0%-იანი წლიური ზრდის პირობებში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება მზარდია, თუმცა მოთხოვნა ბევრად უფრო სწრაფი ტემპებით იზრდება და, შესაბამისად, იზრდება ელექტროენერგიის იმპორტიც. ცნობისათვის, 2016-21 წლებში ელექტროენერგიის მოთხოვნა წლიურად 4.5%-ით გაიზარდა, ხოლო ადგილობრივი წარმოება ამავე პერიოდში მხოლოდ 1.8%-ით არის გაზრდილი. შედეგად, 2021 წელს ელექტროენერგიაზე მოთხოვნის 30% იმპორტირებული რესურსით დაკმაყოფილდა, აქედან 14% – უშუალოდ ელექტროენერგიის იმპორტი, ხოლო 16% იმპორტირებულ გაზზე მომუშავე თბოსადგურების გამომუშავება იყო. მზარდი იმპორტდამოკიდებულება ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. ბოლო დროს მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა ენერგეტიკული დამოუკიდებლობის რისკები კიდევ უფრო ნათელი გახადა.

სამწუხაროდ, დარგის მიმდინარე მდგომარეობა იმედს არ გვაძლევს, რომ ადგილობრივი მიწოდება სწრაფი ტემპით გაიზრდება. საკანონმდებლო რისკებს მოსახლეობის მხრიდან ჰესების მშენებლობისადმი უარყოფითი დამოკიდებულებაც დაემატა. შედეგად, ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციები შემცირდა და ახალი ობიექტების მშენებლობის ტემპი საგრძნობლად ჩამორჩება სასურველსა და საჭიროს.

რა მდგომარეობა ხვდება ინვესტორს ენერგეტიკის სექტორში?

ზოგადად საქართველოში მიმზიდველი საინვესტიციო გარემოა, რაც ბიზნესის კეთებისა და სხვა საერთაშორისო რეიტინგებშია ასახული. რაც შეეხება კონკრეტულად ენერგეტიკის სექტორს, აქაც მთავრობის მხრიდან ინვესტორის ხელშეწყობა წლების განმავლობაში საკმაოდ მაღალი იყო. მათი პირველადი დაინტერესებისთვის სახელმწიფომ პროექტები წინასწარ არაერთხელ შეისწავლა. გამარტივებული და გამჭვირვალეა მშენებლობის ნებართვის აღების პროცედურები, მშენებლობის ორგანიზების პროცედურები, პროექტის დაწყების, სახელმწიფოს მხრიდან პროექტის განვითარებისთვის კვლევის მოთხოვნები და ა.შ. ერთი შეხედვით, საკმაოდ გამარტივებული ბიუროკრატიაა, თუმცა რეალურად ენერგეტიკული პროექტების მშენებლობა ჭიანურდება. ამის მიზეზი მრავალია, მათ შორის – მიწების რეგისტრაციისთვის საჭირო დრო, კვლევების დროს აღმოჩენილი დამატებითი გარემოებები, კანონის მოთხოვნებში ცვლილებები, ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმება, ინვესტორის მოლოდინების ცვლილება და ა.შ. ქვემოთ ყურადღებას რამდენიმე, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე შევაჩერებ:

1. წლების განმავლობაში დარგის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე წამახალისებელი მექანიზმი იყო გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულება (ეგრეთ წოდებული PPA). ამ მექანიზმის ფარგლებში 2016 წლამდე გაფორმდა ჰესების მშენებლობის 100-ზე მეტი მემორანდუმი და მუშაობა დაიწყო 150-მდე პროექტზე. მაშინდელი პროგნოზებით, საქართველოს რეალური შანსი ჰქონდა, 5-10 წლის პერსპექტივაში ელექტროენერგიის ექსპორტიორი გამხდარიყო. 2014 წელს, სახელმწიფომ, თურქეთში ექსპორტის ხელშესაწყობად გადამცემი ხაზიც კი ააშენა. 2016 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ PPA სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებაა და მთავრობას მისი ლიმიტირებულად გაცემა ურჩია. შედეგად, PPA პოლიტიკაზე ჯერ მორატორიუმი გამოაცხადა, ხოლო 2017 წლიდან საერთოდ გააუქმა. PPA-ის გაცემის ბევრად გამკაცრებული პროცედურა გადავიდა საჯარო-კერძო თანამშრომლობის კანონის ფარგლებში, რომლითაც ენერგეტიკაში არც ერთი პროექტი არ განხორციელებულა. შედეგად, ძველად გაცემულ PPA-ებს ფასი დაედო, ხოლო ახალი პროექტების მიმართ ინტერესი მინელდა.

ბოლო დროს მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ენერგეტიკულმა დამოუკიდებლობამ უფრო მეტი აქტუალურობა შეიძინა. სავარაუდოდ, აღნიშნულს უკავშირდება ცოტა ხნის წინ ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან გაჟღერებული PPA-ების დაბრუნების სურვილი და მზაობა. საინტერესოა, ფინანსთა სამინისტროსა და IMF-თან კონსულტაციების შედეგად, საბოლოოდ რა ფორმით დაბრუნდება ეს წახალისების პოლიტიკა.

2. მეორე მნიშვნელოვანი შემაფერხებელი გარემოება ენერგეტიკის ბაზრის გაჭიანურებული რეფორმაა, რაც ავტომატურად ნიშნავს ინვესტორების მიერ მშენებლობის გადაწყვეტილების გადადებას, მით უმეტეს – გაუქმებული PPA-ის პირობებში. ევროპისკენ მიმავალ გზაზე საქართველომ ენერგეტიკის დარგის რეფორმირებისა და ქართული კანონმდებლობის ევროპის კანონმდებლობასთან დაახლოების ვალდებულება აიღო. 2017 წელს გავხდით ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრები და მას შემდეგ გაორმაგდა დონორი ორგანიზაციების დახმარება რეფორმის განხორციელებაში – როგორც დამატებითი ფინანსების გამოყოფით, ისე საკონსულტაციო მომსახურებით. ბაზრის რეფორმის დასრულების შემდეგ ინვესტორისთვის ცნობილი გახდება თამაშის ახალი პირობები, ბაზარზე ფასის ახალი მდგენელები და შესაძლებელი იქნება საბაზრო რისკების სწორად შეფასება. შესაბამისად, ყველა ინვესტორი ელოდება სრული საკანონმდებლო პაკეტის მიღებას და ბაზრის ახალ მოდელზე გადასვლას, რაც უკვე ოთხჯერ გადაიდო. ბოლო მონაცემით, ახალი ბაზრის მოდელზე 2022 წლის სექტემბრიდან უნდა გადავიდეთ. როგორი იქნება ბაზრის ზუსტი სტრუქტურა, რამხელა ბერკეტს დაიტოვებს სახელმწიფო ელექტროენერგიის ფასის საკონტროლებლად და ზუსტად რა დამატებით ხარჯები ექნება ელექტროსადგურს, ჯერ კიდევ უცნობია. შესაბამისად, ინვესტორებიც ჯერ ვერ იღებენ ინფორმირებულ გადაწყვეტილებას.

3. აუცილებელია, ასევე შევეხოთ ჰესების მიმართ მოსახლეობის მხრიდან გაზრდილ პროტესტს, რომელიც, ჩემი შეფასებით, ინფორმაციის ნაკლებობას და ამ კუთხით შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან არასაკმარის მუშაობას უკავშირდება. ბოლო დროს საქართველოში ამ მიმართულებით განვითარებული მოვლენები საგრძნობლად აფრთხობს ინვესტორებს და მათთვის პროექტებს უფრო ხარჯიანს და მაღალრისკიანს ხდის.

დასასრულისთვის, ყურადღება ერთ საინტერესო ფაქტზე მინდა, გავამახვილო. 2021 წელს ელექტროენერგიის ტარიფი ბიზნესისთვის საშუალოდ 70%-ით გაძვირდა. ასეთი მკვეთრი ზრდა გამოიწვია სემეკის მხრიდან ტარიფის ზრდის გადაწყვეტილების გადავადებამ – წლების განმავლობაში ელექტროენერგიის მიმწოდებლები (თელასი და ენერგო-პრო ჯორჯია) ზარალზე მუშაობდნენ და ახალი სატარიფო პერიოდისთვის სემეკს ერთიანად მოუწია ამ ზარალის ტარიფში ასახვა. ელექტროენერგიის გაზრდილმა ხარჯმა გამოიწვია ბიზნესის დაინტერესება საკუთარი ენერგიის წარმოებით. შედეგად, 2021 წელს ბიზნესმა საკუთარი მოხმარებისთვის 122 მიკროსიმძლავრის მზის ელექტროსადგური დაამონტაჟა, ჯამური სიმძლავრით 13.6 მგვტ, როცა 2016-20 წლებში ასეთი სადგურების ჯამური სიმძლავრე მხოლოდ 4.1 მგვტ-ს შეადგენდა. არაერთი კომპანია განიხილავს უფრო მსხვილ ელექტროსადგურებში ინვესტირებასაც საკუთარი კომუნალური ხარჯის შემცირებისთვის. ასეთ აქტივობას ენერგეტიკის სექტორში სრულად გაუცნობიერებელი კომპანიებისგან არავინ ელოდა, თუმცა ინტერესი აშკარაა. შესაბამისად, ხომ არ არის ეს თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რომ საფასო სიგნალები საუკეთესო მოტივაციაა? ხომ არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ დამატებით წახალისების მექანიზმებზე მეტად საბაზრო ფასი და საბაზრო მექანიზმების გაჩენაა დარგის განვითარების გზა? იქნებ მოსახლეობასაც რეალურ ფასად მივაწოდოთ ელექტროენერგია და არა ენგურით სუბსიდირებული რესურსი, იქნებ ასე მოსახლეობის პოზიციაც შეიცვალოს და პირველი ქომაგები გახდნენ ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობის? ფაქტი ერთია, დასაკარგი დრო არ გვაქვს, ელექტროენერგიის იმპორტი იზრდება და შესაძლოა, სტაბილური ელექტრომომარაგება საფრთხის ქვეშ დადგეს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *