საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრი, სალომე ჯანელიძე ენერგეტიკული სიღარიბის შესახებ საუბრობს:
„მიუხედავად მიღწეული ტექნოლოგიური განვითარების დონისა და განახლებადი ენერგიების ათვისების დაჩქარებული ტემპისა, ენერგეტიკული სიღარიბე კვლავ რჩება კრიტიკულ გამოწვევად. ენერგეტიკულ უთანასწორობაზე არ ვრცელდება გეოგრაფიული საზღვრები და იგი გავლენას ახდენს მილიონობით ადამიანზე განვითარებულ და განვითარებად სახელმწიფოებში. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს თანახმად, მსოფლიოში 775 მილიონ ადამიანს დღემდე არ გააჩნია წვდომა ელექტროენერგიაზე. ამასთანავე, ენერგეტიკული სიღარიბე გულისხმობს ენერგეტიკული მომსახურებების როგორც ფიზიკურ, ისე ფინანსურ ხელმიუწვდომლობას. ენერგეტიკული სიღარიბის კონცეფცია კიდევ უფრო გაფართოვდა „ევროპული მწვანე შეთანხმებით“ და მოიცვა სამართლიანი და ინკლუზიური ენერგეტიკული ტრანზიციაც – წიაღისეული საწვავის განახლებადი ენერგიით ჩანაცვლების პროცესში სათანადო დახმარების გაწევა შესაბამისი საჭიროების მქონე მომხმარებლებისთვის.
ენერგიის ხელმისაწვდომის გარეშე ეკონომიკური განვითარება პრაქტიკულად დაუძლეველი ამოცანაა. ამასთანავე, ექსტრემალური ამინდის პირობებში ენერგიაზე წვდომას შეიძლება სასიცოცხლო მნიშვნელობაც ჰქონდეს. რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად ენერგიაზე გაზრდილი ფასების გამო, 2022 წლის ზამთარში ორმოცმა მილიონმა ევროპელმა საკუთარი საცხოვრებლის გათბობა ვერ შეძლო, რამაც, „ეკონომისტის“ შეფასებით, 68,000 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.
ევროკომისიის რეკომენდაციის თანახმად, ენერგეტიკულ სიღარიბეს, როგორც წესი, სამი ძირითადი გარემოება იწვევს: მცირე შემოსავალი, ოჯახის ბიუჯეტში ენერგიასთან დაკავშირებული ხარჯის დიდი წილი, და შენობებისა და ელექტრომოწყობილობების არაენერგოეფექტიანობა. ამასთან, სხვადასხვა ფაქტორმა, მათ შორის საცხოვრებლის ადგილმდებარეობამ და კლიმატურმა გარემომ, გენდერმა, ასაკმა და ჯანმრთელობის მდგომარეობამ შესაძლებელია, განაპირობოს კონკრეტული მომხმარებლის მომეტებული მოწყვლადობა ენერგეტიკული სიღარიბის მიმართ.
ენერგეტიკულ სიღარიბესთან საბრძოლველად ხშირად გამოიყენება სოციალური ტარიფები და ენერგიის ვაუჩერები. მსგავსი სახის მხარდაჭერა ეფექტიანია კრიზისულ პერიოდში, როდესაც აუცილებელია სწრაფი რეაგირება, თუმცა გრძელვადიან პერიოდში იწვევს ენერგეტიკული ბაზრების დამახინჯებას, ვინაიდან მომხმარებელს არ აწვდის სწორ საფასო სტიმულს. შედარებით შედეგიანია ფულადი დახმარება, რომელიც, ერთი მხრივ, მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, მოიხმაროს ენერგია, ხოლო მეორე მხრივ, ენერგიაზე რეალური, საბაზრო ფასის შენარჩუნებით ახალისებს მას, შეამციროს მოხმარება. მიუხედავად ამისა, ენერგეტიკული თანასწორობისთვის ეს არ არის საკმარისი და აუცილებელია მულტიდისციპლინური მიდგომა სოციალური, ენერგეტიკული და კლიმატთან დაკავშირებული ასპექტების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია ისეთი ზომების მიღება, რომლებიც გააძლიერებს მომხმარებელს და აღმოფხვრის უშუალოდ ენერგეტიკული სიღარიბის გამომწვევ მიზეზებს.
საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ენერგეტიკული სიღარიბის განმარტებას და, შესაბამისად, არ არსებობს ზუსტი მონაცემები ამ მხრივ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ. 2021 წელს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერ განხორციელებული კვლევის შეფასებით, საქართველოში ენერგეტიკულ სიღარიბეში მყოფი საყოფაცხოვრებო მომხმარებლების სავარაუდო ზედა ზღვარი 24.6%-ია. ამასთან, საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის პროექტის თანახმად, სავარაუდოდ, მოსახლეობის ნახევარი ცხოვრობს პირობებში, რომლებსაც შეიძლება ეწოდოს ენერგეტიკული სიღარიბე. არსებულ ენერგეტიკულ სიღარიბეზე მიუთითებს საქსტატის კვლევაც, რომლის თანახმად, მოსახლეობის დაახლოებით 43% საცხოვრებლის მხოლოდ 30 მ2 ან ნაკლებ ფართობს ათბობს. ასევე აღსანიშნავია, რომ საცხოვრისების უდიდესი ნაწილი აშენებულია 1990 წლამდე, რაც განაპირობებს მათ არაენერგოეფექტიანობას.
საქართველოში ენერგეტიკულად მოწყვლადი მომხმარებლების დასაცავად გამოიყენება უშუალოდ ენერგიის მოხმარების მხარდამჭერი მექანიზმები, მათ შორის, პირდაპირი სუბსიდიები სოციალურად მოწყვლადი მომხმარებლებისთვის, მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები და მრავალშვილიანი მომხმარებლებისთვის. ამასთანავე, ელექტროენერგეტიკის სექტორში მოქმედებს საფეხურებრივი ტარიფი, რომელიც ითვალისწინებს ყველაზე დაბალ ტარიფს 101 კვტ.სთ-მდე ოდენობის მოხმარებისთვის. რაც შეეხება ბუნებრივი გაზის ტარიფს, იგი სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებულია სრულიად საყოფაცხოვრებო სექტორისთვის. გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოში ასევე გამოიყენება ენერგიაზე წვდომის უზრუნველყოფის ისეთი ევროპული მექანიზმები, როგორიცაა ელექტროენერგიის უნივერსალური მიწოდება და ბუნებრივი გაზის მიწოდება საჯარო მომსახურების სახით, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის რეგულირებული პირობებით მომსახურებას. ამასთანავე, განსაზღვრულია ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი, რომელიც იცავს მომხმარებელს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდების გარეშე დარჩენისგან.
მოწყვლადი მომხმარებლების ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების წყვეტებისგან დასაცავად, დამატებითი მექანიზმები აქვს დანერგილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას. დაუშვებელია ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა პენსიონერებისთვის კალენდარული თვის 16 რიცხვამდე, ხოლო 22 რიცხვამდე – სოციალურად დაუცველი მომხმარებლებისთვის, საარსებო ან რეინტეგრაციის შემწეობის, ასევე სოციალური პაკეტის მიმღები მომხმარებლებისა და მრავალშვილიანი მშობლისთვის. აღნიშნული თარიღები დაკავშირებულია პენსიისა და შესაბამისი შემწეობის/დახმარების გაცემის თარიღთან. ამასთანავე, თუ ცნობილია, რომ მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესება ან საფრთხე შეუქმნას მის სიცოცხლეს, მომხმარებელს უნდა განესაზღვროს მომსახურების საფასურის გადახდის დამატებითი, გონივრული ვადა. მარეგულირებლისა და სასამართლოების მიერ ასევე კარგად ჩამოყალიბებულია პრაქტიკა, რომლის შესაბამისად, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე, კომუნალური მომსახურება უნდა გაეწიოს იმ პირსაც, რომელიც, შესაძლოა, არამართლზომიერად სარგებლობდეს უძრავი ქონებით.
მიუხედავად საქართველოში არსებული ზემოაღნიშნული მხარდაჭერის მექანიზმებისა, აუცილებელია ენერგეტიკული სიღარიბის მრავალწახნაგოვანი ბუნების შესაბამისი კოორდინირებული სტრატეგიისა და მიდგომების შემუშავება, უპირველეს ყოვლისა, უნდა განისაზღვროს „ენერგეტიკული სიღარიბის“ მნიშვნელობა, რაც პრობლემის მასშტაბისა და მისი კონტექსტის სწორად დადგენის წინაპირობაა. პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ენერგოეფექტიანობის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებას, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს საცხოვრებლის გათბობისა და გაგრილებისთვის საჭირო ენერგიის ოდენობას. ამასთანავე, უნდა წახალისდეს ენერგიის დამზოგავი ინვესტიციები ენერგომომსახურების მიმწოდებლების მიერ.
მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური ინოვაციების, მათ შორის, „ჭკვიანი მრიცხველების“ უფრო ფართოდ დანერგვა, რაც საშუალებას მისცემს მომხმარებელს, ეფექტიანად აკონტროლოს საკუთარი მოხმარება და ისარგებლოს მოხმარების დროზე დამოკიდებული ტარიფებით. გარდა ამისა, ვინაიდან ენერგეტიკულად ღარიბ მომხმარებელს, ხშირ შემთხვევაში, არ გააჩნია რესურსები თვითწარმოებისთვის, საზოგადოებაზე დაფუძნებული ინიციატივები და ლოკალიზებული ენერგეტიკული პროექტები, როგორიცაა ენერგეტიკული გაერთიანებები, არა მხოლოდ ენერგიაზე წვდომას უზრუნველყოფს, არამედ ხელს უწყობს ადგილობრივ ეკონომიკასაც.
ენერგეტიკულ სიღარიბესთან ბრძოლა რთული, თუმცა სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანაა. იგი მოითხოვს ყოვლისმომცველ მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს მომხმარებელთა დაუყოვნებელ საჭიროებებს და ამავდროულად ებრძვის გამომწვევ მიზეზებს. ენერგიაზე წვდომა არ არის ფუფუნება, არამედ არსებითი აუცილებლობაა ცხოვრების ღირსეული სტანდარტის უზრუნველსაყოფად და ეფექტიანი ზომების მიღებით, შესაძლებელია ენერგიაზე წვდომის უფლების ყველასთვის უზრუნველყოფა“.