ენერგოგარემოება 2022

ენერგოგარემოება 2022

ბოლო პერიოდის მოვლენებმა, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომმა, ფაქტობრივად, მსოფლიო მასშტაბით, ენერგეტიკაში სხვადასხვა ახალი გარემოება გამოკვეთა, რაც, შეიძლება ითქვას, სრულიად ახალ წყობას შეუწყობს ხელს ამ სექტორში. ფაქტობრივად, ევროპას იძულებით მოუწევს ნაბიჯების გადადგმა ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად. ზოგადად, თვალსაჩინო გახდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ენერგოდამოუკიდებლობა. მაგალითად, გერმანია იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად, KfW-სა და ნიდერლანდური კომპანია Gasunie-ს პარტნიორობით, თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობას იწყებს, 8 მილიარდ კუბ.მ-მდე რეგაზიფიკაციის სიმძლავრით. რაც შეეხება საქართველოს, სხვადასხვა ჯგუფში დაიწყო განხილვები, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტზე. გავრცელდა მოწოდებები, სქემები, გაანგარიშებები, თუ რა გზები არსებობს რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტზე უარის სათქმელად. ენერგეტიკოსისა თუ არაენერგეტიკოსის მიერ საზოგადოებისათვის შეთავაზებული ყველა გეგმა თუ სქემა ერთ მთავარ მიმართულებას ავითარებს პირდაპირ თუ ირიბად – საჭიროა, საქართველომ განავითაროს ადგილობრივი გენერაცია ქვეყნისთვის სასარგებლო პირობებით, ამის ხარჯზე შეამციროს იმპორტი და ელექტროენერგეტიკაში ენერგოდამოუკიდებლობა გაამყაროს.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ექსპლუატაციაში ძირითადად მცირე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურები შევიდა. იყო გამონაკლისი რამდენიმე ჰესისა და გარდაბნის თბოელექტროსადგური-2-ის სახით, თუმცა მათი ჯამური დადგმული სიმძლავრე მაინც ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის მზარდი მოხმარების დაკმაყოფილებას. მაგალითად, სემეკის წლიური ანგარიშების მიხედვით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ექსპლუატაციაში შესული ჰიდროელექტროსადგურების სიმძლავრე მთლიანობაში 384 მგვტ-ს შეადგენს. გამოდის, რომ ბოლო ხუთი წლის მანძილზე საქართველოში აშენებული ჰესების დადგმული სიმძლავრე საშუალოდ წლიურად 2%-ით გაიზარდა. არადა, ამ დროს ყოველწლიურად ელექტროენერგიის მოხმარება საშუალოდ წლიურად 5%-ით იზრდება.

რაც უფრო მეტ და დიდ უარს ვეტყვით ნამახვანჰესის მსგავს პროექტებს, მით უფრო გაგვიჭირდება ელექტროენერგიის იმპორტდამოკიდებულებისგან თავის დაღწევა. საქართველოს თავისი შიდა წარმოების განვითარების დიდი რესურსი აქვს. სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა ყველა ენერგოპროექტი, რომლებიც ხელს უწყობს ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერებას, მათ შორისაა მარეგულირებელი ჰესები.

თუ ჩვენ გვსურს, შევამციროთ იმპორტი და, მათ შორის, ელექტროენერგიის იმპორტი რუსეთიდან, აუცილებელია, დავიწყოთ ჰესების მშენებლობა, ჩაშლილი პროექტების განახლება და მათი განხორციელება.

2021 წლის წლიური მონაცემებით, 2,006,213, 851 კვტ.სთ-ის იმპორტი განხორციელდა, მათ შორის, 1,244,898,465 კვტ.სთ – რუსეთიდან. მთლიანი იმპორტის წილი, რომელიც გულისხმობს როგორც რუსეთიდან, ასევე თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის ჩვენს ქვეყანაში შემოსვლას, ცვალებადია და, მაგალითად, ზამთრის თვეებსა და იმ პერიოდში, როდესაც ჰიდროწარმოება ნაკლებია, მთლიან ჭრილში იმპორტის წილი 60%-საც აღემატება. გაზრდილი იმპორტი, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში სამომხმარებლო ტარიფზე აისახება.

ადგილობრივი წარმოების განვითარებას ალტერნატივა რომ არა აქვს, კარგად ჩანს რეფორმის ფარგლებშიც. საქართველოში ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმა უკვე რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ამ ხნის განმავლობაში მნიშვნელოვანი სამუშაოები და ღონისძიებები გატარდა, რაც საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარზე ახალი სუბიექტების შემოსვლას, კონკურენციას, გამჭვირვალობას, ვაჭრობის თანამედ­როვე მექანიზმებისა და ახალი პრინციპების დანერგვას ისახავს მიზნად. შედეგად, საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარზე გაიზრდება კონკურენცია და ლიკვიდურობა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანი ფასის ფორმირებასა და ადგილობრივი რესურსებისა და მოხმარების ეფექტიან მართვას. აღსანიშნავია, რომ სხვა ქვეყნებში ეს პროცესი საშუალოდ 5-7 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

2021 წლის 1 ივლისიდან გაიხსნა ელექტროენერგიის საცალო ბაზარი, სადაც თავისუფალ მიმწოდებლებსა თუ საქმიანობით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის საცალო მიწოდება თავისუფალ ფასად განახორციელონ. თავის მხრივ, მომხმარებლების ახალი შესაძლებლობაა, თავისუფალი მიმწოდებლისგან იყიდონ ელექტროენერგია უკეთესი ფასითა თუ მომსახურების პირობებით, კონკურენციის პრინციპების გათვალისწინებით.

რაც შეეხება ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარს, საქართველოს მთავრობის მიერ ახალი მოდელის სრულფასოვანი ამოქმედების ახალი თარიღი დასახელდა. კერძოდ, ელექტროენერგიის ბირჟისა და საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ორგანიზებული ბაზრების ოპერირება 2022 წლის პირველ სექტემბერს დაიწყება. სექტემბრამდე უნდა აღმოიფხვრას ყველა არსებული ხარვეზი, რომლებიც ბაზრის სრულფასოვნად ამოქმედებისათვის არის აუცილებელი. ეს ეხება როგორც აღრიცხვის სისტემის მოწესრიგებას საბითუმო ბაზარზე, ასევე მეტ კომუნიკაციას ბაზრის მომავალ მონაწილეებთან. ყველა მოთხოვნა, რომლებიც ახალი რეფორმის ფარგლებში ხორციელდება, ეფუძნება ევროპულ ენერგეტიკულ დირექტივებს. საქართველოს რეალობაში პირველად ყალიბდება ელექტროენერგიის გახსნილი და კონკურენტული ბაზარი, სადაც კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთება ადგილობრივი წარმოების აუცილებლობა.

ბოლო პერიოდში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება გამოიკვეთა, რომელზეც აუცილებელია განმარტების გაკეთება. კერძოდ, დაიწყო საუბრები ევროპის გადამცემ ქსელთან დაკავშირებაზე. კონტინენტური ევროპის სინქრონულ ქსელში (ENTSO-E) ჩართვა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებისათვის. ევროპის სინქრონულ ქსელში ჩასართავად ნებისმიერ ქვეყანას უწევს ელექტროენერგიის მაღალი ხარისხის, საიმედოობისა და რეჟიმული მართვის (დაბალანსების) სტანდარტების დაკმაყოფილება. უნდა ითქვას, რომ საქართველოს სინქრონიზაციის პროცესი ENTSO-E-ს ქსელში არ მიმდინარეობს. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა მუშაობს ENTSO-E-ში დამკვირვებლის სტატუსის მისაღებად. თურქეთი სინქრონიზებულია ENTSO-E-სთან. სინქრონიზაციის გარეშე, საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემა მუდმივი დენის ტრანსსასაზღვრო ხაზით პარალელურ რეჟიმში მუშაობს თურქეთთან, რაც ვაჭრობისთვის საკმარისია.

შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის მშენებლობისას, რომელიც საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკულ სისტემებს ერთმანეთთან დააკავშირებს, გათვალისწინებულია ასევე მუდმივი დენის ჩანართიც, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ელექტროენერგიის მიმოცვლა და ვაჭრობა, თუმცა ამ შემთხვევაშიც ENTSO-E-სთან სინქრონიზაციის გარეშე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *