პროფესიით ენდოკრინოლოგი კობა ბურნაძე უკვე 11 წელია, „ენმედიცის“ 400-კაციან გუნდს მართავს. კლინიკების ქსელი, რომელიც დღის განმავლობაში საშუალოდ 1000 პაციენტს ემსახურება, კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს. ისნის, ვაკის, დიღმის მასივისა და ბათუმის ფილიალებს მომავალი წლიდან კიდევ ერთი – დიდი დიღმის სარეაბილიტაციო ცენტრიც შეემატება. კობა ბურნაძეს გაფართოების პროცესში ტერაბანკის ფინანსური მხარდაჭერის იმედი აქვს. სწორედ ტერაბანკის პერსონალიზებული საბანკო მომსახურება „სელექტის“ ინიციატივით Forbes Georgia „ენმედიცის“ მმართველთან ინტერვიუს გთავაზობთ.
ბატონო კობა, როგორ შეძელით „ენმედიცის“ ამ მასშტაბებზე გაყვანა?
თუ გულით და სიყვარულით მიუდექი საქმეს, ალბათ წარმატება გარანტირებულია. მეც ამ პრინციპით ვმოქმედებ. ეს კომპანია მეხუთე შვილივით მყავს. ისეთ მზრუნველობას ვუწევ მას და ისე ვფიქრობ მის განვითარებაზე, როგორც ჩემი შვილების განვითარებაზე. მოგეხსენებათ, ჩვენს სექტორში საკმაოდ დიდია კონკურენცია, ამ პირობებში კი სოლიდური ინტელექტუალური რესურსი გჭირდება იმისთვის, რომ განვითარდე და გაზარდო ბიზნესი. თუმცა ამ კლინიკას უდიდესი საფუძველი და გამოცდილება აქვს დაგროვებული. „ენმედიცი“ 1970 წელს აკადემიკოსმა ვაჟა ივერიელმა დააარსა. ჯერ კიდევ 50 წლის წინ ჩვენი კლინიკა საბჭოთა კავშირის მასშტაბით ენდოკრინოლოგიაში ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტად იქცა. სწორედ აქ ჩამოდიოდნენ ის ექიმები, რომელთაც ამ მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლება სურდათ. მე თავდაპირველად ბატონი ვაჟას მოსწავლე ვიყავი, შემდეგ უკვე ერთად შევუდექით მის განვითარებას. 1990-იან წლებში ლაბორატორიული მიმართულების დახვეწა გვჭირდებოდა, რაც ენდოკრინოლოგიაში მნიშვნელოვანია, ამიტომაც წავედი საზღვარგარეთ, შევისწავლე ეს საქმე, შემდეგ ჩამოვედი, კონკურენტუნარიანი და ხარისხიანი ანალიზატორები ჩამოვიტანე და დავნერგე. ეს იყო 1997 წელს და იმ დღიდან აქტიურად „ენმედიცის“ გვერდით ვარ. აკადემიკოს ვაჟა ივერიელის გარდაცვალების შემდეგ კი კლინიკის გენერალური დირექტორიც ვარ, კლინიკური დირექტორიც და მესაკუთრეც.
მათგან ყველაზე მთავარ სტატუსად რომელს მიიჩნევთ?
ჩემს კაბინეტს არაფერი აწერია. თუმცა კი სულით და გულით ექიმი ვარ. პაციენტები ჩემი სამყაროა. მათ გარეშე არ შემიძლია. მათი კმაყოფილება ჩემთვის გადამწყვეტია.
დიდი კონკურენცია ახსენეთ… როგორ უწევთ სხვა კლინიკებს კონკურენციას? რა მიგაჩნიათ კლინიკის უპირატესობად?
ჩვენთან კლინიკაში მედპერსონალის სამი თაობაა. ძველი თაობა, რომელსაც დიდი გამოცდილება და ინტელექტუალური რესურსი აქვს, საშუალო თაობის ექიმები, რომლებსაც განსხვავებული გამოცდილება აქვთ და ახალგაზრდები, რომლებმაც იციან ინგლისური და თანამედროვე მიდგომები. ყველა მათგანი ერთად უდიდესი ცოდნისა და გამოცდილების სინთეზს ქმნის. ეს კლინიკა ერთი დიდი სკოლაა, სადაც ბევრი რამის სწავლა შეიძლება.
კლინიკა ასევე უდიდეს ყურადღებას უთმობს ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებას. ლონდონის King’s College Hospital-თან მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ექიმები იქ მიდიან, ახალ ცოდნას და გამოცდილებას იძენენ და ბრუნდებიან. ამ ყველაფერს „ენმედიციში“ შექმნილი განვითარების ფონდი აფინანსებს, რაც კლინიკისთვის ყველაზე ძვირად ღირებული სიამოვნებაა. თუმცა ჩვენ ამ კუთხით თანხას არ ვიშურებთ, ვინაიდან ინტელექტუალური რესურსის განვითარება, მით უმეტეს სამედიცინო სექტორში, უმნიშვნელოვანესია.
რა არის მთავარი კლინიკის მართვისას?
პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანი და რთულიც კადრების შერჩევაა. საქმე ეხება ექიმებს. ყველაზე რთული ჩემთვის ადამიანური რესურსების მართვაა. ამიტომაც თითოეულ მიმართულებას, რგოლს თავისი ხელმძღვანელი ჰყავს, რომლებიც მართვაში მეხმარებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში მე ასობით თანამშრომელს ვერ გავწვდებოდი. მათ სჭირდებათ მოტივაცია, რაზეც მუდმივად ვზრუნავთ.
რა გამოწვევას ხედავთ დღეს საქართველოში ჯანდაცვის ბიზნესში?
კადრების პროფესიონალიზმი და ასევე ჯანდაცვის ფინანსირების კუთხით არსებული ცალკეული გადაწყვეტილებები. მაგალითად, ახალამოქმედებული დაფინანსების DRG-მოდელი… ამით ქვეყანა თითქოს ცდილობს, დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს, თუმცა საქართველოს იმხელა რესურსი არა აქვს, რაც ევროპულ ქვეყნებს. გასაგებია, რომ ყველა პაციენტს სახელმწიფო ვერ დააკმაყოფილებს. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დარგი არ ჩაიძიროს.
ხედავთ ამ რისკს?
ეს რისკი ყოველთვის არსებობს. ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო კლინიკების ხარისხის ზრდაზე ზრუნვა. თუმცა ის დაფინანსებები, რომელთაც DRG (დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფები) და საყოველთაო ჯანდაცვა ითვალისწინებს, არაპროპორციულია. DRG-ის მიხედვით, კონკრეტულ მომსახურებაში პაციენტს განსაზღვრულ თანხაზე მეტს ვერ გადაახდევინებ, თუმცა უფრო მაღალ ფასად პაციენტს გაცილებით ხარისხიანად მოემსახურები. ამიტომაც ვფიქრობთ, ეს გარკვეულწილად ხარისხზე იმოქმედებს.
ანუ DRG-ის მოდელს არ მიესალმებით?
მივესალმები იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო მოგვცემდა უფლებას, რომ დაეშვა თანაგადახდა პაციენტის მხრიდან. ანუ სახელმწიფოს დადგენილი თანხა გადაეხადა და დამატებითი თანხა თავად პაციენტს აენაზღაურებინა, თუ მას ამის სურვილი ექნებოდა. მესმის, რომ სახელმწიფოს ხარჯების შემცირება სურს, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს ხარისხის სანაცვლოდ. ეს სამედიცინო სფეროა, აქ ხარისხი უმნიშვნელოვანესია. „ენმედიციში“ ამას განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ.
როგორი მენეჯერი ხართ?
როგორც ოჯახში იქცევა ადამიანი, ზუსტად ისეთი. მაგალითად, მამა ზოგჯერ თავის შვილს შეაქებს, ზოგჯერ გაბრაზდება, ზოგჯერ მოეფერება. მთავარია, სამართლიანი ვიყო, რაზეც მეუბნებიან, რომ ასეა. პაციენტი ჩემთვის არის ამოსავალი წერტილი. ისინი ყველაზე მთავარი ადამიანები არიან, ამიტომაც მათზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული. ვცდილობ, ეს მიდგომა კლინიკაში არ დაირღვეს.
როგორია თქვენი ყოველდღიური ცხოვრება? ახერხებთ თავისუფალი დროის გამონახვას?
დილიდან საღამოს 8-9 საათამდე კლინიკაში ვარ. შემდეგ სახლში ვბრუნდები და დროს ოჯახთან ერთად ვატარებ. დიდი ოჯახი მყავს – ოთხი შვილი, თერთმეტი შვილიშვილი. ასე რომ, სახლში როცა ვბრუნდები, მთელი ჩემი დრო შვილიშვილებს ეთმობა. სახლში ყოველთვის ჟრიამულია, თავისუფალი დრო მხიარულებაში გადის.
ტერაბანკზეც და მის პერსონალიზებულ სერვის „სელექტზეც“ მინდა გკითხოთ… რა გამოცდილება გაკავშირებთ ამ ბრენდთან?
ტერაბანკთან დიდი ხნის ურთიერთობა მაქვს. თავიდანვე მისი მომხმარებლები ვიყავით -, როგორც პირადად მე, ასევე კლინიკა. დიდ კომფორტს გვიქმნის ეს ბანკი. ყველაფერში მხარდაჭერა გვაქვს. მუდმივად გვანებივრებს სიახლეებითა და პროფესიონალიზმით.
როგორც დაკავებული და საქმიანი ადამიანი, რა მიგაჩნიათ პერსონალიზებულ საბანკო მომსახურებაში ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად?
ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია სისწრაფე. კლინიკის ბუღალტრებს ამ ბანკთან პრობლემა არასოდეს შექმნიათ. არაფერი გაპრობლემებულა. საჭირო დოკუმენტაცია ჩვენამდე თავად პერსონალურ ბანკირს მოაქვს.
რა გეგმები გაქვთ 2023 წლისთვის, როგორც „ენმედიცის“ გენერალურ დირექტორს?
პაციენტების რაოდენობის ზრდის გამო, არასაკმარისი ფართობის პრობლემა გაგვიჩნდა. ამიტომაც დავიწყეთ დამატებითი შენობის მშენებლობა. ამჟამად თითქმის დასრულებულია კარკასის მშენებლობა. ახალი კორპუსი ფუნქციონირებას მომავალი წლის ბოლოს დაიწყებს. ახალი შენობის შესაბამისი სამედიცინო ტექნიკით აღჭურვაში ტერაბანკის იმედიც გვაქვს, ვინაიდან ხარისხიანი სამედიცინო აპარატურის შეძენა ძვირი სიამოვნებაა.
ასევე გვინდა, რომ განვავითაროთ ღვიძლის პათოლოგიების, ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება. მუცლის ქირურგიის მიმართულების განვითარებას და რადიოლოგიური განყოფილების სრულყოფილად ჩამოყალიბებასაც ვგეგმავთ. ვნახოთ… 2023 წელს დიდი გეგმებით ვეგებებით და მომავალს იმედით შევყურებთ.
რუბრიკის წარმდგენია ტერაბანკის პერსონალიზებული საბანკო მომსახურება – სელექტი.