ეროვნული ლიგის ხუთი ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი Transfer Mrkt-ის მიხედვით

ეროვნული ლიგის ხუთი ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი Transfer Mrkt-ის მიხედვით

საქართველოს უმაღლესი საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელიც ამჟამად „Crystalbet ეროვნული ლიგის“ სახელწოდებას ატარებს, 1990 წლიდან ტარდება. ტურნირში ათი კლუბი მონაწილეობს, რომელთა შორის მოცემული დროისთვის ყველაზე ტიტულიანი „დინამო თბილისია“. აღსანიშნავია, რომ უკვე დასრულებულ სეზონში, რომლის გამარჯვებულიც ბათუმის „დინამო“ გახდა, უმაღლეს ეროვნულ ლიგაში საერთო ჯამში 248 ფეხბურთელი ირიცხებოდა.

მართალია, ჩემპიონატი უკვე დასრულდა და გამარჯვებულის ვინაობა გამოვლინდა, თუმცა ზამთრის „სატრანსფერო ფანჯრის“ მოახლოებასთან ერთად ფეხბურთელების ღირებულება უფრო და უფრო დიდ ინტერესს იწვევს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, „Crystalbet ეროვნული ლიგის“ ბოლო სეზონის ხუთი ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშე გაგაცნოთ. მონაცემები აღებულია სატრანსფერო მარკეტის პორტალიდან www.transfermarkt.com და ასახავს წარმოდგენილი ფეხბურთელების სატრანსფერო ფასებს.

ჯოვინო ფლამარიონი 700,000; დინამო ბათუმი

25 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი, რომელმაც ცოტა ხნის წინ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, ბათუმის „დინამოს“ 2017 წლის 16 თებერვალს შეუერთდა. ის შავიზღვისპირა ქალაქის კლუბში მონტენეგროს ჩემპიონატში მოასპარეზე ცეტინიეს „ლოვჩენიდან“ გადაბარგდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო სეზონში ჯოვინო ფლამარიონმა „Crystalbet ეროვნული ლიგის“ 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მან ორი გოლის გატანა შეძლო და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

ფლამარიონი ყველაზე ძვირად 2020 წელს ფასობდა, როდესაც მისი ღირებულება €900,000-ს შეადგენდა. ცნობისთვის, მასა და „დინამო ბათუმს“ შორის გაფორმებული კონტრაქტის ვადა 2021 წლის 31 დეკემბერს იწურება.

ირაკლი აზაროვი – 650,000; დინამო ბათუმი

19 წლის ფეხბურთელი მშობლიური ქალაქის კლუბში 2021 წლის 1-ლი იანვრიდან ირიცხება. მანამდე ირაკლი აზაროვი თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო სეზონში „დინამო ბათუმის“ შემადგენლობაში მან 35 მატჩი ჩაატარა. მარცხენა მცველის პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელმა სამი გოლის გატანა და ხუთი საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.

აზაროვის ყველაზე მაღალი საბაზრო ღირებულება €650,000-ს შეადგენს – რამდენადაც ის ამჟამად ფასობს. ფეხბურთელს ბათუმის „დინამოსთან“ კონტრაქტი 2022 წლის 31 დეკემბრამდე აქვს გაფორმებული.

ჯაბა ჯიღაური – 500,000; დინამო ბათუმი

ნახევარმცველის პოზიციაზე მოთამაშე 29 წლის ფეხბურთელი ბათუმის „დინამოში“ ფრანგულ კლუბ „გრენობლიდან“ 2019 წლის 18 ივლისს გადავიდა. ჯაბა ჯიღაურმა  მიმდინარე სეზონში „Crystalbet ეროვნულ ლიგაში“ 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 13 გოლით, ასევე შვიდი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

ახლა ჯიღაური კარიერის განმავლობაში ყველაზე ძვირად, €500,000 ფასობს. აღსანიშნავია, რომ მას „დინამო ბათუმთან“ კონტრაქტი 2021 წლის 31 დეკემბრამდე აკავშირებს.

ზორან მარუშიჩი – 450,000; დინამო თბილისი

სერბი ფეხბურთელი თბილისის „დინამოში“ 2021 წლის 12 იანვრიდან თამაშობს. 28 წლის ცენტრფორვარდი დედაქალაქის კლუბში „ნემან გროდნოდან“ გადავიდა, რომელიც ბელარუსის ჩემპიონატში ასპარეზობს. ზორან მარუშიჩმა „დინამო თბილისის“ მაისურით 36 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა და რვა  საგოლე გადაცემა გააკეთა. ამ მონაგრით სერბი ფეხბურთელი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

კარიერის განმავლობაში მარუშიჩის უმაღლესი საბაზრო ღირებულება €500,000-ია, რამდენადაც ის 2020 წელს ფასობდა. შეგახსენებთ, რომ სერბ ფეხბურთელს თბილისის „დინამოსთან“ კონტრაქტი 2021 წლის 31 დეკემბერს ეწურება.

თორნიკე კირკიტაძე – 450,000; ლოკომოტივი თბილისი

25 წლის ნახევარმცველი თბილისის „ლოკომოტივში“ 2019 წლის 1-ლი იანვრიდან თამაშობს. ის დედაქალაქის კლუბში „რუსთავიდან“ გადავიდა. ცნობისთვის, ბოლო სეზონში თორნიკე კირკიტაძემ „ლოკომოტივი თბილისის“ რიგებში 27 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა გააკეთა.

კირკიტაძის საბაზრო ღირებულებამ კარიერის განმავლობაში მაქსიმუმს, €475,000-ს 2021 წლის მაისში მიაღწია. თბილისის „ლოკომოტივთან“ ფეხბურთელის კონტრაქტის შესახებ დეტალები ცნობილი არ არის.

 

ფოტოები: ეროვნული ლიგა

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *