საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს გამართულ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 0.75 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ამჟამად 8.25 პროცენტს შეადგენს.
„საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება და მთლიანი ინფლაცია კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთაა. თებერვალში ფასების საერთო დონე წლიურად 0.3 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 2.4 პროცენტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ დაბალი ინფლაცია, როგორც შიდა, ასევე საგარეო ფაქტორების ერთობლიობის შედეგია. დაბალი ინფლაციის ძირითად განმაპირობებელ ფაქტორს, ერთი მხრივ, მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა და შემცირებული ინფლაციური მოლოდინების გამო, ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების კლებადი ინფლაცია (2.4 პროცენტი) წარმოადგენს. მეორე მხრივ კი, ომისგან და პანდემიისგან გამოწვეული საგარეო შოკების თანდათანობით მილევამ ინფლაციური წნეხი მნიშვნელოვნად შეამცირა. ამავდროულად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსიც მყარ პოზიციას ინარჩუნებს. ეს კი იმპორტირებული ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნებას ხელს უწყობს. დაბალინფლაციური გარემო ინფლაციურ მოლოდინებზე შემცირების მიმართულებით მოქმედებს, რაც ასევე საშუალოვადიანი პერიოდის ინფლაციურ რისკებსაც მნიშვნელოვნად ამცირებს. სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2024 წლის დასაწყისში მიზნობრივ 3-პროცენტიან დონეზე დაბალი დარჩება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში კი, მის ირგვლივ დასტაბილურდება“, – ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.
ეროვნული ბანკის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციური რისკები კვლავ არსებობს, მათი სიმწვავე შერბილებულია. ინფლაციის ერთ-ერთ მთავარ რისკად კი ის წითელ ზღვაში არსებული დაძაბულობის გამო საერთაშორისო ტრანსპორტირების გაძვირებას ასახელებს.
ამის მიუხედავად, სებ-ს პოზიტიური მოლოდინები აქვს, რის საფუძველსაც მისი განცხადებით ის იძლევა, რომ ეკონომიკური აქტივობა ეტაპობრივად პოტენციურ ტრენდს უბრუნდება. ეროვნულ ბანკს მაგალითად იანვარში 5.8%-იანი ეკონომიკურმა ზრდა მოყვას, რაც, მისივე განმარტებით, მოთხოვნის მხრიდან ინფლაციური ზეწოლის განეიტრალებაზე მიუთითებს. სებ-ის პროგნოზით, პანდემიამდელი ტრენდიდან ეკონომიკური აქტივობის ჩამორჩენა სრულად აღმოფხვრილია და მოსალოდნელია, რომ 2024 წელს ეკონომიკური ზრდა მისი პოტენციური დონის გარშემო დასტაბილურდება.
„თუ ინფლაციის მოლოდინებსა და საგარეო რისკებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, სხვა თანაბარ პირობებში, შესაძლოა, მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება ან მონეტარული პოლიტიკის მეტად გამკაცრება გახდეს საჭირო“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ცნობისთვის, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 8 მაისს ჩატარდება.