დღეს, 17 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მონეტარული პოლიტიკის, იგივე რეფინანსირების განაკვეთი, უცვლელად შეინარჩუნა. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კვლავ 8.0 პროცენტს შეადგენს.
სებ-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ მათი სცენარის შესაბამისად, ინფლაციის ტემპმა ნორმალიზაცია დაიწყო და ნოემბრის მდგომარეობით 4.8 პროცენტი შეადგინა, რაც ზემოხსენებული გადაწყვეტილების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი გახდა.
„გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინები სტაბილურად მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში ნარჩუნდება, რაც შედარებით ხისტი ფასების ინდიკატორებში ვლინდება. კერძოდ, საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლებისა და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 2.3 პროცენტი შეადგინა. ასევე, მიზნობრივ დონესთან ახლოს, 2.6 პროცენტის ფარგლებშია მომსახურების ინფლაცია. მიმდინარე, მიზნობრივ 3 პროცენტზე, მაღალ ინფლაციას კვლავ სურსათის ფასები განაპირობებს, რაც ნაწილობრივ წინა წლის დაბალი საბაზო ეფექტისა და ეგზოგენური ფაქტორების ასახვაა. ცენტრალური სცენარის თანახმად, სხვა თანაბარ პირობებში, სურსათის ფასების ზრდას ინფლაციაზე მხოლოდ დროებითი გავლენა ექნება და მისი ეფექტები ეტაპობრივად ამოიწურება“, – წერია განცხადებაში.
ეროვნული ბანკის სცენარით, 2025 წელს ინფლაცია საშუალოდ 4 პროცენტი იქნება, ხოლო 2026 წლის მეორე კვარტალიდან მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება და წლიურად საშუალოდ 3.5 პროცენტს გაუტოლდება.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2026 წლის 11 თებერვალს ჩატარდება.












