დღეს გამართულ სხდომაზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად, 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
ეროვნული ბანკის თანახმად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად არსებული შიდა და გარე გამოწვევების ანალიზის შედეგად შენარჩუნდა.
„ინფლაცია, მიზნობრივ 3-პროცენტიან მაჩვენებელთან შედარებით, კვლავ დაბალ დონეზე ნარჩუნდება. მიმდინარე წლის ნოემბერში ფასების საერთო დონე წლიურად 1.3 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 1.6 პროცენტი შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ დაბალინფლაციური გარემოს შენარჩუნება მეტწილად თანმიმდევრულმა მონეტარულმა პოლიტიკამ უზრუნველყო, რაც გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობაში აისახა. კერძოდ, ადგილობრივად წარმოებული პროდუქტებისა და მომსახურების ფასები, რომელიც შედარებით ხისტია და ყველაზე უკეთ ასახავს გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს, დაბალი ტემპით იზრდება – წლიურმა ცვლილებამ ნოემბერში 1.8 პროცენტი შეადგინა. ამავდროულად, მიმდინარე წელს ეკონომიკური აქტივობა ძლიერია. წინასწარი მონაცემებით, პირველი ათი თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა 10 პროცენტია. თუმცა, ძლიერი მოთხოვნის პარალელურად, სებ-ის შეფასებით, ეკონომიკის წარმოების ჯამური პოტენციალიც გაზრდილია, რაც ძლიერი მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ზეწოლას გარკვეულწილად ანეიტრალებს. ეროვნული ბანკის პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2024 წელს ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ იქნება და საშუალოდ 1.2 პროცენტს გაუტოლდება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტის გარშემო დასტაბილურდება“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
სებ-ის განცხადებით, იმ შემთხვევაში კი, თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, მათ შორის გეოპოლიტიკური დაძაბულობა და საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობისა და სურსათის ფასების ზრდა, შესაძლოა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ან მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო.
ცნობისთვის, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2025 წლის 29 იანვარს ჩატარდება.