ქვეყნის და ამ სახელმწიფოში მცხოვრები ადამიანების სიმდიდრის ხარისხის განსაზღვრისას ან შეფასებისას, ხშირად ისმის კითხვა, თუ რა მონაცემი ასახავს რეალურ სურათს ყველაზე უკეთ. სხვადასხვა კვლევა ქვეყნებში ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრის განაწილებაზე მუშაობისას ორ ძირითად მეთოდს იყენებს. მედიანური სიმდიდრე და საშუალო სიმდიდრე სწორედ ამ მეთოდებს წარმოადგენს.
ექსპერტების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრის განაწილების დასათვლელად საუკეთესო საშუალება მედიანური მონაცემის აღებაა, ვინაიდან ის არსებული სიტუაციის შუალედურ შედეგს ასახავს. რაც შეეხება საშუალო მონაცემის დათვლას, ის მათემატიკურ საშუალოს წარმოადგენს, სადაც ერთიანდება როგორც ქვეყნის უმდიდრესი ფენის, ისე უღარიბესი ფენის საშუალო მონაცემები.
სტატიაში UBS-ის გლობალური სიმდიდრის 2023 წლის ანგარიშს გავაანალიზებთ და ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრის განაწილებით მოწინავე ქვეყნების რეიტინგს შევადგენთ. რეიტინგი საშუალო და მედიანური მონაცემების მიხედვით შედგება. გარდა ამისა, წარმოგიდგენთ იმ ქვეყნებსაც, სადაც ზემოთ აღნიშნულ მონაცემებს შორის ჩამორჩენა ყველაზე დიდია.
ტოპ-ქვეყნები ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრის განაწილების საშუალო მონაცემების მიხედვით
ანგარიშის თანახმად, 2022 წელს ერთ სულ მოსახლეზე გლობალური საშუალო სიმდიდრის მაჩვენებელი $84,718-ს შეადგენდა. ამ მონაცემებით პირველ პოზიციაზე შვეიცარია იმყოფება, სადაც ერთ სულ მოსახლეზე საშუალო სიმდიდრის მაჩვენებელი $685,226 დოლარს შეადგენს. მეტწილად, ეს იმის დამსახურებაა, რომ მოსახლეობის 15% მილიონერია, რაც მსოფლიოში მესამე საუკეთესო მაჩვენებელია. ერთ სულ მოსახლეზე მედიანური სიმდიდრის მაჩვენებელი შვეიცარიაში $167,353-ია, მონაცემებს შორის განსხვავება კი $517,000-ია.
ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრის განაწილების საშუალო მონაცემების რეიტინგში მეორე პოზიციას აშშ იკავებს. აშშ-ში ეს მონაცემი $551,347-ს შეადგენს. მთლიანობაში, მსოფლიოში არსებული მილიონერების 38% სწორედ შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. რეიტინგში მესამე პოზიციას ავსტრალია იკავებს, სადაც ერთ სულ მოსახლეზე საშუალო სიმდიდრის მაჩვენებელი $496,819-ია. მეოთხე და მეხუთე პოზიციებს კი დანია ($409,954) და ახალი ზელანდია ($388,761) იკავებენ. მეექვსე პოზიციაზე კიდევ ერთი ევროპული სახელმწიფო, ნორვეგიაა წარმოდგენილი ($385,338). როგორც ხედავთ, რეიტინგში ტოპ-10 ქვეყნიდან, 5 სწორედ დასავლეთევროპული სახელმწიფოა.
საინტერესოა, რომ ათეულში ერთადერთი აზიური სახელმწიფო სინგაპურია. სინგაპურში სიმდიდრის განაწილების უთანასწორობა თითქმის ისეთივეა, როგორიც ამერიკაში.
რეიტინგი | ქვეყანა | ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრის განაწილების საშუალო მაჩვენებელი |
1 | შვეიცარია | $685,226 |
2 | აშშ | $551,347 |
3 | ავსტრალია | $496,819 |
4 | დანია | $409,954 |
5 | ახალი ზელანდია | $388,761 |
6 | ნორვეგია | $385,338 |
7 | სინგაპური | $382,957 |
8 | კანადა | $369,577 |
9 | ნიდერლანდები | $358,235 |
10 | ბელგია | $352,814 |
ტოპ-ქვეყნები ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრის განაწილების მედიანური მონაცემის მიხედვით
ანგარიშის თანახმად, 2022 წელს ერთ სულ მოსახლეზე გლობალური სიმდიდრის განაწილების მედიანური მონაცემი $8,654-ია. რეიტინგში პირველ ადგილს კი არა აშშ, შვეიცარია, სინგაპური, ნორვეგია ან რომელიმე მდიდარი სახელმწიფოს სტატუსის მქონე ქვეყანა, არამედ ბელგია იკავებს. აქ ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრის მედიანური განაწილება $249,937-ია. მეორე პოზიციაზე ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრის მედიანური განაწილებით ავსტრალია იმყოფება ($247,453). სამეულში კი ოკეანეთის კიდევ ერთ სახელმწიფოს, ახალ ზელანდიას ვხვდებით ($193,065). ერთ სულ მოსახლეზე საშუალო მონაცემით პირველ ადგილზე მყოფი შვეიცარია, მედიანური განაწილებით მე-5 პოზიციაზე იმყოფება ($167,353). მედიანური განაწილების რეიტინგში ტოპ-10 ქვეყნიდან, 7 – ევროპული სახელმწიფოა.
რეიტინგი | ქვეყანა | ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრის განაწილების მედიანური მაჩვენებელი |
1 | ბელგია | $249,937 |
2 | ავსტრალია | $247,453 |
3 | ახალი ზელანდია | $193,065 |
4 | დანია | $186,041 |
5 | შვეიცარია | $167,353 |
6 | გაერთიანებული სამეფო | $151,825 |
7 | ნორვეგია | $143,887 |
8 | კანადა | $137,633 |
9 | საფრანგეთი | $133,137 |
10 | ნიდერლანდები | $112,450 |
საინტერესოა, რომ ამ მაჩვენებლით აშშ მე-12 პოზიციაზე იმყოფება ($107,739). ყველაზე მზარდი მედიანური მაჩვენებელი კი ჩინეთს აქვს. მედიანურ და საშუალო განაწილებას შორის ყველაზე დიდი სხვაობა აშშ-შია. მედიანური სიმდიდრის განაწილება ერთ სულ მოსახლეზე აქ 80.5%-ით დაბალია საშუალო მაჩვენებელზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში სიმდიდრის განაწილება მდიდრებსა და ღარიბებს შორის არაპროპორციულია.
აღნიშნულ ორ მონაცემს შორის დიდი სხვაობა აშშ-ის გარდა სამხრეთ აფრიკაში, რუსეთსა და ინდოეთში გვხვდება. ყველაზე მცირე სხვაობა კი ბელგიაში, საბერძნეთში, გაერთიანებულ სამეფოსა და ავსტრალიაშია.