ესპანეთის სასამართლომ კარლო ანჩელოტის ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ესპანეთის სასამართლომ კარლო ანჩელოტის ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ცოტა ხნის წინ ესპანეთის სასამართლომ ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელ კარლო ანჩელოტის ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალი გადასახადების დამალვაში წაუყენეს.

იტალიელ მწვრთნელს ბრაზილიის ეროვნული ნაკრები ახლახან ჩააბარეს. მანამდე ის მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებს წვრთნიდა. სასამართლომ საქმე სწორედ ესპანურ კლუბში ყოფნის პერიოდში ანჩელოტის მიერ გადასახადების დამალვასთან დაკავშირებით აღძრა. კერძოდ, მადრიდის სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია, რომ იტალიელმა 2014 წელს მიღებული შემოსავლებიდან გადასახადებს თავი აარიდა. აღსანიშნავია, რომ ანჩელოტი 2015 წლის ანალოგიურ საქმეზე გაამართლეს.

ესპანური მედიის ცნობით, 2014 წლის საქმეზე კარლო ანჩელოტის 386,361.93 ევროს ოდენობის ჯარიმაც დააკისრეს, ასევე სამი წლის განმავლობაში სახელმწიფო დახმარების ან სუბსიდიების მიღების შესაძლებლობა და საგადასახადო ან სოციალური შეღავათებით სარგებლობის უფლება ჩამოართვეს.

პროკურატურა მადრიდის „რეალის“ ყოფილი მენეჯერისა და ბრაზილიის ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელისთვის ოთხწლიანი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა და მას ბრალად სახელმწიფო ხაზინისთვის 1,062,079 ევროს ოდენობის გადასახადების დამალვაში ადანაშაულებდა – 2014 ფისკალური წლისა (386,361 ევრო) და 2015 ფისკალური წლის (675,718 ევრო) პერიოდში.

ესპანური კანონმდებლობის თანახმად, არაძალადობრივი დანაშაულისთვის ორ წელზე ნაკლები ვადით თავისუფლების აღკვეთას ბრალდებულს იშვიათად უსჯიან, მით უფრო თუ ის აქამდე ნასამართლევი არ ყოფილა.