ესპანეთში X-ის, Meta-სა და TikTok-ის წინააღმდეგ გამოძიება ჩატარდება

ესპანეთში X-ის, Meta-სა და TikTok-ის წინააღმდეგ გამოძიება ჩატარდება

ფოტო: Brendon Thorne/Bloomberg

 

ევროპელი მარეგულირებლების მიერ სოცმედიაპლატფორმებზე ზედამხედველობის გაძლიერების ფარგლებში, ესპანელ პროკურორებს პოპულარული პლატფორმების, X-ის, Meta-სა და TikTok-ის წინააღმდეგ გამოძიების ჩატარების მითითება მიეცათ. საქმე AI-ის მიერ გენერირებული არასრულწლოვნების სექსუალური ხასიათის მასალების გავრცელებას ეხება.

საკითხის შესახებ ყურადღება ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა გაამახვილა და აღნიშნა, რომ ზემოჩამოთვლილი სოციალური მედიაპლატფორმები არაკონკურენტულ საქმიანობაში არიან შემჩნეული ციფრული მარკეტინგის მიმართულებით.

ცნობისათვის, საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ჩინურმა TikTok-მა და აღნიშნა, რომ მათ პლატფორმაზე სექსუალური ხასიათის მასალების განთავსება აკრძალულია. „TikTok-ს აქვს შესაბამისი ტექნოლოგია, რათა ხელი შეუშალოს ახალგაზრდა ადამიანების ამსახველი სექსუალური ხასიათის მასალის გავრცელების მცდელობებს და ჩვენ ვაგრძელებთ ამ საკითხის პრიორიტეტიზებას, რათა ერთი ნაბიჯით წინ ვიყოთ კრიმინალებზე“, – განაცხადა კომპანიის პრესსპიკერმა.

ესპანეთის მთავრობის პრესსპიკერის, ელმა საიცის განცხადებით, ხელისუფლება ვერ დაუშვებს, რომ ტექნოლოგიური კომპანიების ალგორითმებს საშუალება მისცეს ასეთი დანაშაულების თავშესაფარი გახდნენ. მისი განმარტებით, რისკის წინაშე ბავშვების უსაფრთხოება, კეთილდღეობა და ღირსება დგას.

საინტერესოა, რომ მსგავსი სახის გამოძიება X-ის xAI ჩატბოტის, Grok-ის წინააღმდეგ ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიამაც დაიწყო. ამ შემთხვევაში საქმე პერსონალური მონაცემების იმგვარად გადამუშავების რისკს ეხება, რომ პოტენციურად ბავშვების ამსახველი სექსუალური ხასიათის ვიდეო- და ფოტომასალების გენერაციის შესაძლებლობა ჩნდება. ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისია X-ის შემთხვევაში მთავარი ევროპული მარეგულირებელია, რადგან ამერიკული კომპანიის ოპერაციები ევროპაში სწორედ ირლანდიიდან იმართება.

შეგახსენებთ, ესპანეთში ამავდროულად სოცმედიაპლატფორმების 15 წლამდე ასაკის პირების მიერ გამოყენების აკრძალვის საკითხიც აქტიურად განიხილება.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.