ესპანურ–ქართულმა ბიზნესალიანსმა (SGBA), რომელიც დაინტერესებულ პირებს, ბიზნესის გაფართოებასა და სხვადასხვა რეგიონის ბაზრებთან დაკავშირებაში ეხმარება, მადრიდში გრძელვადიანი ხედვის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებაზე ალიანსის დამფუძნებელმა და წევრებმა აქცენტი გააკეთეს უძველესი სავაჭრო გზების აღდგენის მნიშვნელობასა და ამ პროცესში ესპანეთისა და საქართველოს როლზე. ამასთანავე, მიმოიხილეს ის კონკრეტული გზები, რომლებიც ევროპას, აზიასა და ლათინური ამერიკის ბაზრებს ერთმანეთთან დააკავშირებს და ბიზნესებს გლობალური წარმატების მიღწევაში დაეხმარება.
“პრეზენტაციას დაესწრნენ ესპანეთში მოქმედი უმსხვილესი ბიზნესის წარმომადგენლები, ადვოკატები და ქართველი სტუმრებიც კი. დამსწრე საზოგადოებისგან ძალიან კარგი უკუკავშირი მივიღეთ, რაც ძალიან გვახარებს. როგორც ესპანელებმა აღნიშნეს, მათთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო იმის აღმოჩენა, თუ რამხელა პოტენციალი აქვს საქართველოს“, – ამბობს მარია მარსონი, SGBA-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
ღონისძიებას დადებითად აფასებს ესპანურ-ქართული ბიზნესალიანსის წევრი ბორხა ბორეროც, რომელიც ორგანიზაციაში გაწევრიანებულ ბიზნესებს ბრენდინგისა და მარკეტინგის მიმართულებით უწევს კონსულტაციას.
“პრეზენტაცია ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა, რადგან მჯერა, რომ მომავალი საერთაშორისო ვაჭრობაშია. ძალიან სასიხარულოა, რომ არსებობს ორგანიზაცია, ესპანურ-ქართული ბიზნესალიანსის სახით, რომელიც მადრიდში თუ სხვა ქალაქებსა და ქვეყნებში მოქმედ ბიზნესებს, სურვილის შემთხვევაში, განსხვავებული გეოგრაფიული არეალების ათვისებაში დაეხმარება“, – გვითხრა ბორხა ბორერომ.
გარდა პრეზენტაციის წარდგენისა, ღონისძიებაზე ესპანურ-ქართულმა ბიზნესალიანსმა მემორანდუმი გააფორმა CEDEU-სთან, მადრიდის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტთან. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, SGBA შუამავლობას გაუწევს CEDEU-ში სწავლის მსურველებს. უნივერსიტეტი კი პასუხისმგებლობას იღებს სამართლის, ბიზნესისა და მედიცინის მიმართულებებით დაინტერესებული პირებისთვის სპეციალურად შექმნას სამაგისტრო პროგრამები და სწავლება სტუდენტებისთვის მოსახერხებელ ფორმატებში და ენებზე განახორციელოს.
“ესპანურ-ქართული ბიზნესალიანსის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა განათლების ხელშეწყობაც. ამიტომ განსაკუთრებით გვახარებს, ერთ-ერთ წამყვან ევროპულ უნივერსიტეტთან, CEDEU-სთან პარტნიორობა. იმედი გვაქვს, სამომავლოდ ბევრ ქართველს შევუწყობთ ხელს ესპანური განათლების მიღებაში, კვალიფიკაციის ამაღლებასა და, სურვილის შემთხვევაში, თავის ესპანეთში დამკვიდრებაშიც კი“, – ამბობს SGBA-ს დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ვასილ ბაბლუანი.
ესპანურ-ქართულ ბიზნესალიანსს წინ დიდი გეგმები აქვს. ერთ-ერთი კი საქართველოში ბიზნესფორუმის გამართვაა, რომელზეც მოწვეული იქნებიან სტუმრები მსოფლიოს ყველა კუთხიდან. ბიზნესფორუმის მეშვეობით ორგანიზაცია კიდევ უფრო მეტ ადამიანს გააცნობს მისეულ ხედვას და დამსწრე საზოგადოებას დაეხმარება კავშირებისა და სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებაში.
“დღეს მსოფლიო ბაზარზე უსაზღვრო და უნიკალური შესაძლებლობებია, რომლებსაც დროულად დანახვა და გამოყენება სჭირდება. ამ შესაძლებლობების აღმოჩენაში და საჭირო პროცესების წარმართვაში ჩვენი ორგანიზაცია უკვე არაერთ ბიზნესს დაეხმარა. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია და ღრმად გვწამს, რომ ესპანურ-ქართული ბიზნესალიანსი კიდევ მრავალი პროექტის წარმატების საწინდარი გახდება“, – ამბობს ვასილ ბაბლუანი.