ცხოვრებაში ხშირად გვიწევს შეხება სფეროებთან და პროფესიებთან, რომლებიც ნდობის პრინციპებზე დგას. ნდობა მხარეთა ეთიკურ ქცევას ეფუძნება. ზოგჯერ ერთ არაეთიკურ მოთამაშეს შეუძლია დაარღვიოს ბალანსი და გააქროს რწმენა ყველა მონაწილის მიმართ.
ეთიკას განმარტავენ, როგორც გაზიარებულ წარმოდგენას, თუ რა არის კარგი და მისაღები ქცევა, ხოლო რა – ცუდი და მიუღებელი. ეთიკური პრინციპები მორალური პრინციპებია და შეესაბამება საზოგადოების მოლოდინებს. ისინი შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს როგორც საზოგადოებების, ასევე პროფესიებისა და საქმიანობის სფეროს მიხედვით.
ისტორიამ გვასწავლა ნდობის რღვევის გამომწვევი მიზეზებიც და ის ეთიკური პრინციპებიც, რომელთა დაცვაც მათ პრევენციას უწყობს ხელს.
ეთიკა ფინანსურ / საინვესტიციო სფეროებში
ეთიკურ ქცევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ფინანსურ სექტორში, რადგან ის კაპიტალის მინდობით მართვას მოიაზრებს. თუ პირი შემოსავლებსა და ქონებას ანდობს სამართავად მესამე პირს, ბუნებრივად მოელის მინდობილი პირის მიერ გარკვეული ეთიკური პრინციპების დაცვას. ამდენად, ფიდუციარულ სფეროებში ბუნებრივად ჩამოყალიბდა მორალური პრინციპების ერთობლიობა, რომელთა შესრულებაზეც დამოკიდებულია მიმნდობი პირების კეთილდღეობა, ხოლო ამ პრინციპების თანმიმდევრული შესრულება მინდობილი მხარის რეპუტაციას სწევს მაღლა.
კაპიტალის ბაზარს ბევრი მონაწილე ჰყავს, რომლებიც სამ ძირითად კატეგორიაში შეიძლება გავაერთიანოთ: კაპიტალის მიმწოდებლები, მომხმარებლები და შუამავლები. ნდობის არსებობა ერთის მხრივ, კაპიტალის მიმწოდებლებს, ანუ ინვესტორებსა და მეანაბრეებს, ხოლო მეორე მხრივ, შუამავლებს შორის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია. არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ნდობას ვიტალურს ხდის – ნდობაზე დაფუძნებულ სფეროში ნდობის კარგვა რთულ ფინანსურ მექანიზმს არღვევს, კაპიტალის ბრუნვას აჩქარებს, ქმნის ლიკვიდურობაზე ჭარბ მოთხოვნას და შედეგად იწვევს კოლაფსს მთლიანად ფინანსურ სისტემაში.
ისტორიას არაერთი ასეთი კრიზისი ახსოვს, მათ შორის უდიდესი – ამერიკის დიდი დეპრესია, რომლის ჩახმახის საკონტროლო გამოკვრად 1930 წელს ბენქ ოფ იუნაითედ სთეითსის გაკოტრება იქცა, საბანკო სისტემისადმი ნდობა რომ შეარყია აშშ-ს მოსახლეობაში.
ჩვენთვის ცნობილი ფინანსურ თაღლითობების უკან ეთიკის სხვადასხვა პრინციპების უგულებელყოფასთან ერთად და არასაკმარისი პრევენციაც დგას. ენრონის 2001 წლის სკანდალი ($74 მლრდ), სოსიეტე ჯენერალის ბროკერის 2008 წლის თაღლითობა ($7 მლრდ), ბერნი მეიდოფის სქემა ($50 მლრდ), და სხვა უამრავი ნაკლებად ცნობილი ავანტიურისტული წამოწყება დროდადრო ურყევდნენ საფუძველს ასე მნიშვნელოვან საფინანსო სფეროს.
საინვესტიციო პროფესიისა და ფინანსური საქმიანობის წარმოება მაღალი ეთიკური სტანდარტების გარეშე შეუძლებელია. შეუძლებელია გადასცეთ კაპიტალი სამართავად მას, ვისაც არ ენდობით. ნდობა კი ქცევების კრებსით მოდელზე და მოლოდინებზეა აგებული, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ყალიბდებოდა. ამ მოდელს საინვესტიციო ეთიკის პრინციპებს უწოდებენ. მათ პროფესიების მარეგულირებელი შიდა სტანდარტებით, თვითრეგულირებადი ორგანიზაციების ეთიკის კოდექსებით და რეგულატორული ტვირთით ამყარებენ, სფეროსადმი საზოგადოების ნდობის შენარჩუნების მიზნით.
ეთიკის საერთაშორისო სტანდარტები და მიდგომები
საინვესტიციო სფეროსადმი ნდობის მნიშვნელობის გააზრებამ ფინანსური სფეროს რეგულატორები რამდენიმე მნიშვნელოვან რეგულაციამდე მიიყვანა. საერთაშორისო საზოგადოება შეთანხმებულია რამდენიმე კრიტიკული მნიშვნელობის სტანდარტზე და ერთნაირად რეგულირდება ამერიკის კონტინენტსა თუ ევროპაში, აზიის უმსხვილეს ბირჟებსა და ავსტრალიაში. სტატიაში ყურადღებას ყველაზე გავრცელებულ პრინციპებზე გავამახვილებთ.
ბაზრის ბოროტად გამოყენება (market abuse) ქოლგა-ტერმინია და ბაზრის მონაწილეთა არახელსაყრელ სიტუაციაში ჩაყენებას გულისხმობს (1) ინსაიდერული ვაჭრობის (insider trading) ან (2) საბაზრო მანიპულაციის (market manipulation) გზით. ამ ტერმინებს კაპიტალის ბაზრების ევროპული რეგულაცია ცნობს და პრაქტიკაში ამკვიდრებს.
სამართლიანი ვაჭრობის პრინციპი ბაზრის მონაწილეთა თანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას მოითხოვს. ინფორმაცია ასიმეტრიულია მანამ, სანამ კორპორაციების კედლები დაუტოვებია და საზოგადოდ გავრცელებულა. ეს შიდა, საყოველთაოდ ხელმიუწვდომელი ინფორმაცია ხშირად ძალიან ფასეულია ინვესტორისათვის, ვინაიდან ცვლის ფინანსური ინსტრუმენტის ღირებულებას, ხოლო გავრცელებისთანავე – საბაზრო ფასს. ასეთი ინფორმაციით, ან მასზე დაყრდნობით ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობა არაეთიკურ ქცევად არის მიჩნეული და მას ინსაიდერულ ვაჭრობას უწოდებენ.
ინსაიდერული ვაჭრობის შეზღუდვის გარეშე, ბაზრის ყველა მონაწილეს არ ექნება თანაბარი შანსი, იმოქმედონ თანასწორ პირობებში, აღმოჩნდებიან ასიმეტრიულ მდგომარეობაში და მოგებას ნახავს მხოლოდ ის მხარე, ვინც სხვებზე ადრე მოახერხებს კონფიდენციალურ ინფორმაციაზე წვდომის მოპოვებას. ასეთი ვაჭრობა ამცირებს ნდობას კაპიტალის ბაზრების, ფინანსური ინსტიტუტების და საინვესტიციო პროფესიის მიმართ; ამყარებს მოსაზრებას, რომ უსამართლო უპირატესობით ისარგებლებს მხოლოდ ის მხარე, ვისაც წვდომა აქვს არასაჯარო ინსაიდერულ ინფორმაციაზე; გრძელვადიან პერსპექტივაში ასეთი პრაქტიკით ზარალდება საზოგადოება და მთლიანად საინვესტიციო პროფესია, ვინაიდან ინვესტორები მოერიდებიან ინვესტიციების განხორციელებას კაპიტალის ბაზრებზე; კაპიტალის ბაზრები გახდება არაეფექტური, ხოლო ფასები აღარ ასახავს აქტივების რეალურ ღირებულებას.
ბაზრისადმი ნდობის დაკარგვა საბაზრო ფასწარმოქმნის მექანიზმის გაფუჭებითაც შეიძლება. ამისათვის ბაზრის არაეთიკური მონაწილენი ორ ძირითად გზას მიმართავენ: მოჩვენებით ვაჭრობას და ბაზარზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებას. მოჩვენებით ვაჭრობას არარსებული ლიკვიდურობის ფანტომური განცდა შეუძლია გააჩინოს, სტაბილური ფასის იმიტაცია შექმნას და რისკის ფაქტორები დამალოს. ცრუ ინფორმაციის გავრცელებით კი ფასზე პირდაპირ შეიძლება ზემოქმედება – ნეგატიური ინფორმაციის გავრცელება აქტივის ფასს დაბლა დასწევს, რაც მისი შეძენის მოტივაციას უქმნის ბოროტმზრახველებს, ხოლო მეტისმეტად ოპტიმისტური ინფორმაციის გავრცელება აქტივის ფასს მაღლა ასწევს და ამ აქტივის მფლობელებს მისი საბაზროზე მაღალ ფასად რეალიზაციის საშუალებას აძლევს. შედეგად, ბაზრით მანიპულაცია ინვესტორებს უკარგავს ნდობას, ხოლო კაპიტალის მაძიებლებს კი სურვილს, რომ ამ გზით მოიზიდონ კაპიტალი.
კაპიტალის მარეგულირებელი ინსტიტუტები აქტიურად ებრძვიან ბაზრის ბოროტად გამოყენებას. ევროპული MiFID და MiFID II რეგულაციებში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ამ საკითხებს, რომლითაც ხელმძღვანელობენ მათ იურისდიქციაში შემავალი და პარტნიორი ქვეყნები, საქართველოს ჩათვლით. აშშ-ში ეთიკური საკითხების რეგულაცია კაპიტალის ბაზრებზე ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის კომისიას (SEC) აქვს აღებული საკუთარ თავზე. ამასთან, თავად ფასიანი ქაღალდების ბირჟებიც აქტიურად ახალისებენ ეთიკური ვაჭრობის პრაქტიკას და შიდა სანქციები აქვთ შემოღებული პოტენციური ბოროტგანზრახული საქციელის დასასჯელად თუ თავიდან ასარიდებლად.
CFA ინსტიტუტის ეთიკის კოდექსი
ეთიკის სტანდარტების დანერგვა ბაზრის მონაწილეთა პირდაპირი ინტერესია. საკითხი მნიშვნელოვნად წასწია წინ საინვესტიციო სფეროში განათლების ყველაზე ავტორიტეტულმა ცენტრმა – CFA Institute-მა. მან მიზნად დაისახა, თავად წაეხალისებინა ეთიკური პრაქტიკები და თავისი დიპლომირებული სპეციალისტებისათვის ეთიკის კიდევ უფრო მაღალი სტანდარტები დააწესა, ვიდრე ამას ადგილობრივი რეგულატორები მოითხოვენ. ამ სტანდარტებს „ეთიკის კოდექსი და პროფესიული ქცევის სტანდარტები“ ჰქვია და სავალდებულოა შესასრულებლად ინსტიტუტის ყველა წევრისთვის.
„CFA ინსტიტუტის ყველა წევრი … ვალდებულია დაიცვას კოდექსი და სტანდარტები და წახალისებულნი არიან დამსაქმებელს აცნობონ ამ ვალდებულების თაობაზე. დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს CFA ინსტიტუტის დისციპლინური სასჯელი,“ – ვკითხულობთ სტანდარტის პრეამბულაში.
ინსტიტუტის პროფესიული ქცევის სტანდარტები ეთიკური ქცევების სრულ სპექტრს მოიცავს და სიტუაციური სახელმძღვანელოების დახმარებით განმარტავს მისაღები და მიუღებელი ქცევების მოდელებს. სტანდარტებს შორის ამოვიკითხავთ პროფესიონალიზმს, კეთილსინდისიერებას კაპიტალის ბაზრებზე, ვალდებულებებს მომხმარებლებისადმი, ვალდებულებებს დამსაქმებლებისადმი, საინვესტიციო ანალიზის და რეკომენდაციების გაცემის პრინციპებს, ინტერესთა კონფლიქტების მართვას და პასუხისმგებლობას. შეამჩნევდით, რომ სტანდარტები მათი მნიშვნელობის მიხედვით არის დალაგებული, იწყება რა პროფესიის, როგორც უმთავრესი ღირებულების პატივისცემით, გრძელდება ბაზრის ბოროტად გამოყენების შემზღუდავის სტანდარტებით, და სრულდება უშუალოდ ინსტიტუტისადმი აღებული ვალდებულებებით.
CFA ინსტიტუტის „ეთიკის კოდექსი და პროფესიული ქცევის სტანდარტები“, როგორც კერძო მაღალრეპუტაციული ორგანიზაციის მკაცრი სტანდარტები, ყველა ქვეყანაში აღიარებული და დაფასებულია და მას ხშირად იყენებენ კომპანიები საკუთარი სტანდარტების შაბლონად.
ეთიკის სტანდარტები საქართველოში
ეთიკური სტანდარტების დანერგვა ყველა იმ მხარის ინტერესის სფერო და მორალური ვალდებულებაა, ვინც პასუხისმგებლობას იღებს ფინანსური ბაზრის განვითარებასა და გამართულად ფუნქციონირებაზე. ამდენად, საქართველოში ეთიკური ქცევისადმი ინტერესს ავლენდნენ მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები, საფონდო ბირჟა და მისი მონაწილეები, რეგულატორი ორგანიზაციები.
ამ მორალური თუ საერთაშორისო ვალდებულების ფარგლებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2018 წლის 9 ივლისს საბანკო სექტორისთვის შეიმუშავა „ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის სტანდარტების კოდექსი კომერციული ბანკებისთვის“. აღნიშნული კოდექსი ჩვენს მიერ წინა ქვეთავში განხილულ CFA ინსტიტუტის ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის სტანდარტების ჩარჩოს ეფუძნება და მორგებულია საბანკო საქმიანობის სპეციფიკაზე.
საქართველოს საფონდო ბირჟას, როგორც თვითრეგულირებად ორგანიზაციას, საკუთარი ეთიკის კოდექსი აქვს შემუშავებული, რომელიც ასევე 2018 წელს განაახლა CFA-ს ჩარჩოზე დაყრდნობით და ამით საერთაშორისო სტანდარტებს დაუახლოვა.
2021 წლის 2 აგვისტოდან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განახლებული ეთიკის კოდექსი იქნება დანერგილი – ამჯერად უნიფიცირებული, ბაზრის ყველა მონაწილისათვის, კომერციული ბანკების ჩათვლით. ამით ის ხაზს უსვამს ეთიკური ქცევის მნიშვნელობას მთლიანად საფინანსო სექტორში, იცავს ინვესტორთა ინტერესებს და წაახალისებს ნდობას ფინანსური სექტორისადმი.