სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) ინფორმაციით, საქართველოს ავიაბაზარზე არაბთა გაერთიანებული საამიროების წამყვანი ავიაკომპანია Etihad Airways-ი შემოდის. მისივე ცნობით, ავიაკომპანია აბუ-დაბი – თბილისი – აბუ-დაბის საჰაერო ხაზზე ოპერირების დაწყებას 2026 წლის 1-ელი მარტიდან გეგმავს, ავიარეისები კი კვირაში 14 სიხშირით შესრულდება.
საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ავიამიმოსვლა საკმაოდ აქტიურად ხორციელდება. GCAA-ს ინფორმაციით, გასული წლის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის 647 710 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რამაც საქართველოსა და ყურის ქვეყნებს შორის საერთო მგზავრთნაკადის 59%-ი შეადგინა.
როგორც ირკვევა Etihad Airways-სთვის ფრენების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურები 2025-2026 წლის ზამთრის სანავიგაციო სეზონამდე დაიწყება.
ცნობისთვის, Etihad Airways-ი 2003 წელს დაარსდა. მისი ჰაბი აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტში მდებარეობს, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც Zayed International Airport-ი. გასულ წელს ავიაკომპანიის შემოსავალმა – $6.4 მილიარდი, ხოლო მოგებამ $476 მილიონი შეადგინა.