აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ხუთშაბათს, შეერთებულ შტატებსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის, $200 მილიარდზე მეტი ღირებულების შეთანხმებები დააანონსა. ერთ-ერთი მათგანია Boeing-ს, GE Aerospace-სა და Etihad Airways-ს შორის გაფორმებული პარტნიორობა, რომელიც $14.5 მილიარდად ფასდება.
არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო ავიაკომპანიის, Etihad-ის განცხადებით, Beeing-ისგან 28 ერთეული ფართოკორპუსიანი თვითმფრინავის შესყიდვა განხორციელდება. თვითმფრინავები GE Aerospace-ის ძრავით იქნება აღჭურილი.
აბუ-დაბიში დაფუძნებული კომპანიის ინფორმაციით, ახალი თვითმფრინავები Etihad-ის ფლოტს 2028 წლიდან შეუერთდება. ავიაკომპანიის ფლოტი ამჟამად დაახლოებით 100 თვითმფრინავისგან შედგება. Etihad-ის აღმასრულებელი დირექტორის, ანტონოალდო ნევეშის განცხადებით, აბუ-დაბის ეკონომიკური დივერსიფიკაციის სტრატეგიის ფარგლებში, 2030 წლამდე ფლოტის 170 თვითმფრინავამდე ზრდა იგეგმება.
თეთრი სახლის შეფასებით, თვითმფრინავების შესყიდვაზე მიღწეული შეთანხმება ქვეყნებს შორის კომერციული ავიაციის მრავალწლიან პარტნიორობას გააღრმავებს, ამასთან ერთად კი, ამერიკული წარმოებისა და ექსპორტის ზრდაზე დადებითად აისახება.
ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში ტრამპის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, Boeing-მა შეთანხმება Qatar Airways-სთანაც გააფორმა. გარიგების ფარგლებში, კატარის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ავიაკომპანია ამერიკული Boeing-ისგან 210 თვითმფრინავს შეიძენს.