გუშინ ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტი წარადგინა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალი სანქციები ენერგოსექტორიდან რუსეთის შემოსავლების შემცირებისკენ, ასევე ქვეყნის ბანკების წინააღმდეგაა მიმართული.
კერძოდ, ევროკავშირის მიერ წარდგენილი სანქციების ახალი პაკეტი რუსეთის Nord Stream-ის გაზსადენიდან ტრანზიტის აკრძალვას ითვალისწინებს. სანქციები გაფართოვდება იმ ბანკებზეც, რომლებიც გარკვეული გზებით აქამდე მისთვის თავს არიდებას ახერხებდნენ.
„რუსეთის მიზანი არ არის მშვიდობა. ეს არის ძალისმიერი მმართველობის დამკვიდრება… ძალა ერთადერთი ენაა, რომელსაც რუსეთი გაიგებს“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ევროკომისიის წინადადებით, სიაში კიდევ 22 რუსული ბანკის დამატება და მათზე შეზღუდვების გაფართოება განიხილება, რაც გლობალური ფინანსური სისტემიდან, SWIFT-დან გარიცხვის გარდა, ტრანზაქციების სრულ აკრძალვას ითვალისწინებს. ის ასევე განიხილავს ამ შეზღუდვის გაფართოებას ე.წ. მესამე ქვეყნების ბანკებზე. აღსანიშნავია, რომ წარდგენილ სიაში რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი (RDIF) და მისი შვილობილი კომპანიებიც შედის.
ენერგოსექტორიდან რუსეთისთვის შემოსავლების შესამცირებლად, ევროკომისია რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის ბარელზე 60 დოლარიდან 45 დოლარამდე დაწევის წინადადებით გამოდის. ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ნავთობის ფასზე ლიმიტის საკითხი მომავალ კვირას კანადაში დაგეგმილ G7-ის ლიდერთა შეხვედრაზე განიხილება.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტს მიესალმება, თუმცა აცხადებს, რომ მეტი დეტალიზაციაა საჭირო, ასევე ბლოკს ნავთობის ფასის ლიმიტის 30 დოლარამდე დაწევისკენ მოუწოდებს.
ევროკავშირის ქვეყნები ევროკომისიის მიერ წარდგენილი სანქციების პაკეტის განხილვას მიმდინარე კვირაში დაიწყებენ.