EU-ის რომელ პროდუქციას დააზარალებს აშშ-ის 50%-იანი ტარიფები ამოქმედების შემთხვევაში?

EU-ის რომელ პროდუქციას დააზარალებს აშშ-ის 50%-იანი ტარიფები ამოქმედების შემთხვევაში?

გასულ პარასკევს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები „არსაით მიდის“ და შტატებში იმპორტირებულ საქონელზე ტარიფების დაწესებაც დააანონსა. ტრამპის თავდაპირველი მუქარით, ევროკავშირის საქონელზე 50%-იანი ტარიფები 1 ივნისიდან უნდა დაწესებულიყო.

თუმცა, განცხადებიდან მალევე, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მხარეები მოლაპარაკებების დაჩქარებაზე შეთანხმდნენ, აშშ-ის პრეზიდენტმა კი ქვეყანაში იმპორტირებულ ევროკავშირის საქონელზე 50%-იანი ტარიფების დაწესება 9 ივლისამდე გადაავადა. „კარგი შეთანხმების მისაღწევად, 9 ივლისამდე დრო დაგვჭირდება“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა და დასძინა, რომ ევროპა მოლაპარაკებების დაჩქარებულ ტემპში გასაგრძელებლად მზადაა.

ევროსტატის მონაცემებით, 2024 წელს ევროკავშირში წარმოებული საქონლის უმსხვილესი მიმღები ქვეყანა სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებია. გასულ წელს ევროკავშირის ექსპორტის 20.6% შეერთებულ შტატებზე მოდიოდა. ექსპორტის ღირებულება კი 530 მილიარდ ევროს აჭარბებდა.

რეცესიის საშიშროებასა და ევროპის ცენტრალური ბანკის შესაძლო პოლიტიკაზე Edmond de Rothschild-ის ანალიტიკოსები ყურადღებას ელექტრონულ წერილში ამახვილებენ. ანალიტიკოსთა უმეტესობა თანხმდება, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ევროკავშირის საქონელზე 50%-იანი ტარიფების დაწესება ევროზონაში რეცესიას გამოიწვევს, ხოლო ბანკს მოუწევს, ძირითადი საპროცენტო განაკვეთები პროგნოზირებულზე მეტად შეამციროს.

ეკონომიკური პროგნოზები ევროკომისიამ აშშ-ის პრეზიდენტის მუქარამდეც შეამცირა. ეს გამოწვეული იყო, ერთი მხრივ, პოტენციური 10%-20%-იანი ტარიფებით და, მეორე მხრივ, არსებული გაურკვევლობით წარმოქმნილი ზეგავლენითაც.

ევროსტატის ბოლო ანგარიშის თანახმად, ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ვაჭრობაში დიდი წილი სამედიცინო და ფარმაცევტულ პროდუქციასა და იმპორტისთვის განკუთვნილი ნავთობპროდუქტებზე მოდის. ევროკავშირის ხუთი უმსხვილესი საექსპორტო საქონლით ვაჭრობის თითქმის ნახევარი (49.5%) ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდიოდა. ექსპორტის ყველაზე დიდი წილი სამკურნალო და ფარმაცევტულ პროდუქციას უკავია (22.5%), რომელთა ღირებულებამ გასულ წელს თითქმის 120 მილიარდ ევროს მიაღწია.

შემდეგ მოდის საგზაო სატრანსპორტო საშუალებები (9.6%), რომელთა ღირებულება თითქმის 51 მილიარდ ევროს შეადგენდა. აქვე შეგახსენებთ, რომ ევროკავშირიდან ალუმინის, ფოლადისა და ავტომობილების ექსპორტზე აშშ-ის მიერ დაწესებული 25%-იანი ტარიფები უკვე მოქმედებს.

საერთო ჯამში, ევროკავშირის მშპ შესაძლოა 0.5%-ით დაზარალდეს, FT-თან საუბრისას აცხადებს მარია დემერცისი, ბრიუსელში არსებული ანალიტიკური ცენტრის, Conference Board-ის ეკონომიკური სტრატეგიის ცენტრის ხელმძღვანელი. დემერცისის პროგნოზები ევროკომისიის მიერ ჩატარებულ კვლევას ეფუძნება, რომელიც 20%-იან ტარიფებს ითვალისწინებდა. ამ მდგომარეობით, მშპ-ის კლება წლიურად 0.2%-ს მიაღწევდა, რაც ძირითადად ექსპორტის კლებით იქნებოდა გამოწვეული.

აშშ-ის ტარიფების მიმართ ყველაზე მოწყვლადი ის ქვეყნები იქნებიან, რომელთა ექსპორტიც ამერიკის შეერთებულ შტატებზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული. ევროკავშირიდან აშშ-ში ყველაზე დიდი მოცულობის ექსპორტს გერმანია, ირლანდია, იტალია და საფრანგეთი ახორციელებენ. გერმანია 2024 წელს შეერთებულ შტატებში საქონლის უმსხვილესი ექსპორტიორი იყო – ძირითადად, ავტომობილებისა და ფარმაცევტული პროდუქტების ექსპორტის დიდი მოცულობის გამო. დიდი მოცულობის ფარმაცევტული საქონელი გააქვს აშშ-ში ირლანდიასაც.

ანალიტიკოსების პროგნოზით, მოლაპარაკებების დასრულებამდე, მომავალი ერთი თვის განმავლობაში, ბაზრებზე არასტაბილური მდგომარეობა შენარჩუნდება. თუმცა ანალიტიკოსთა ნაწილი ვარაუდობს, რომ აშშ-სთან 10%-ზე დაბალი ტარიფების მიღწევა თითქმის შეუძლებელი იქნება.

წარმოგიდგენთ სექტორების მიხედვით ევროკავშირის მიერ აშშ-ში ექსპორტზე გატანილი პროდუქციის ღირებულებას:

  1. სამედიცინო და ფარმაცევტული პროდუქცია – 119.7 მილიარდი ევრო
  2. საგზაო ავტომობილები – 50.8 მილიარდი ევრო
  3. სამრეწველო დანადგარები – 34.2 მილიარდი ევრო
  4. ელექტრომოწყობილობები, აპარატურა და ტექნიკა – 32.1 მილიარდი ევრო
  5. ინდუსტრიებისთვის სპეციალიზებული დანადგარები – 26.4  მილიარდი ევრო
  6. ენერგიის გამომმუშავებელი მოწყობილობები – 25 მილიარდი ევრო
  7. პროფესიონალური, სამეცნიერო და საკონტროლო ინსტრუმენტები – 22.9 მილიარდი ევრო
  8. სხვა სატრანსპორტო მასალები – 19.6 მილიარდი ევრო
  9. არაერთგვაროვანი წარმოების საქონელი – 18.9 მილიარდი ევრო
  10. ორგანული ქიმიკატები – 17.4 მილიარდი ევრო