გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, ევროკავშირი ბლოკში ახალი ქვეყნების გაწევრიანების შესაძლებლობას განიხილავს, თუმცა ხმის მიცემაზე სრული უფლების მინიჭების გარეშე. გადაწყვეტილება სავარაუდოდ EU-ს მცდელობაა, დაითანხმოს უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი და სხვა იმავე დამოკიდებულების ლიდერები უკრაინის მსგავსი ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანებაზე.
როგორც Politico სამ ევროპელ დიპლომატსა და ევროკავშირის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, EU-ს წევრობაზე წესების შეცვლის წინადადება ჯერ საწყის ეტაპზეა და საბოლოო დამტკიცებისთვის, ბლოკში ამჟამად შემავალი ყველა სახელმწიფოს თანხმობას საჭიროებს.
გამოცემის თანახმად, კანონპროექტის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ახალი წევრები ხმის მიცემის სრულ უფლებას მხოლოდ მას შემდეგ მიიღებენ, რაც ევროკავშირი ძირეულად შეცვლის კენჭისყრის წესებს, რათა ცალკეული ქვეყნებისთვის რიგ საკითხებზე ვეტოს დადების შესაძლებლობა გართულდეს. შესაბამისად, ის სახელმწიფოები, რომლებიც ახლა EU-ში გაწევრიანების პროცესს გადიან, მაგალითად, უკრაინა, მოლდავეთი და მონტენეგრო, ისარგებლებენ ბლოკის წევრობის მრავალი სარგებლით, თუმცა ვეტოს უფლების გარეშე.
„მომავალ წევრებს ვეტოს უფლების დათმობის ვალდებულება უნდა ჰქონდეთ მანამ, სანამ ძირითადი ინსტიტუციური რეფორმები – როგორიცაა პოლიტიკის უმეტეს სფეროში კვალიფიციური უმრავლესობის ხმის მიცემის სისტემის შემოღება – გატარდება. გაფართოება ევროკავშირის ცალკეული წევრი სახელმწიფოების მიერ რეფორმების დაბლოკვით არ უნდა შენელდეს“, – განაცხადა ბუნდესტაგის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანტონ ჰოფრაიტერმა.
ამჟამად ევროკავშირის გაფართოებას ბუდაპეშტი და რამდენიმე სხვა დედაქალაქი ბლოკავს იმ მიზეზით, რომ ამან შესაძლოა ადგილობრივი ბაზრებისთვის არასასურველი კონკურენცია შექმნას და საფრთხე შეუქმნას ბლოკის უსაფრთხოებას. ევროკომისია, სკანდინავიური და ბალტიისპირეთის ქვეყნები, ასევე ცენტრალური ევროპის ქვეყნები, ტრადიციულად გაფართოების მომხრეთა რიგებში არიან.