EU-მ კიბერშეტევების გამო ჩინური და ირანული კომპანიები დაასანქცირა

EU-მ კიბერშეტევების გამო ჩინური და ირანული კომპანიები დაასანქცირა

ფოტო: archivesit.org.uk

 

ევროკავშირმა, ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოებისა და პარტნიორი ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევების ბრალდებით, ჩინეთში დაფუძნებულ ორ და ერთ ირანულ კომპანიას სანქციები დაუწესა. EU-ს მიერ სანქცირებულთა სიაში შეყვანილია ჩინური კომპანიები; Integrity Technology Group-ი, Anxun Information Technology და ირანული ფირმა Emennet Pasargad-ი.

ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, Integrity Technology 2022-2023 წლებში ორგანიზაციის წევრ ექვს სახელმწიფოში, 65,000-ზე მეტ მოწყობილობაზე განხორციელებულ ჰაკერულ თავდასხმაზეა პასუხისმგებელი. Anxun Information Technology-ის კი ჰაკერული მომსახურების გაწევა ედება ბრალად, რომელიც EU-სა და პარტნიორი ქვეყნების კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ იყო მიმართული.

კიბერშეტევებში მონაწილეობის გამო, ევროკავშირმა ინდივიდუალურად Anxun-ის ორი თანადამფუძნებელიც დაასანქცირა — ვუ ჰიაბო (Anxun-ის აღმასრულებელი დირექტორი და ინვესტორი) და ჩენ ჩენგი (თანადამფუძნებელი და მთავარი საოპერაციო ოფიცერი).

ირანულ კომპანიას, Emennet Pasargad-ს, ევროკავშირი საფრანგეთში აბონენტების მონაცემთა ბაზაზე წვდომის არალეგალურად მოპოვებასა და დეზინფორმაციის გავრცელებას ედავება. მათ შორის, EU-ს განცხადებით, Emennet-მა 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის დროს დეზინფორმაციის გასავრცელებლად სარეკლამო ბილბორდები დააზიანა.

ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მოიცავს კომპანიების აქტივების გაყინვასა და ფიზიკური პირებისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვების დაწესებას. ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს სანქცირებული ობიექტებისთვის თანხების გამოყოფა ეკრძალებათ. ევროკავშირის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და EU-ს „არასწორი მიდგომის“ გამოსწორებისკენ მოუწოდა.