ელექტრონული კომერციის გიგანტი „ამაზონის“ მიერ ევროკავშირის კონფიდენციალობის კანონის დარღვევის გამო, ევროკავშირის მონაცემთა კონფიდენციალობის მარეგულირებელმა Amazon-ი რეკორდული თანხით, 887 მილიონი აშშ დოლარით დააჯარიმა.
კანონის არსებობის სამწლიან ისტორიაში აღნიშნული ჯარიმის ოდენობა ყველაზე დიდია. ცნობისთვის, 2019 წელს მარეგულირებელმა ტექნოლოგიური გიგანტი, Google-ი 50 მილიონი აშშ დოლარით დააჯარიმა.
ევროკავშირის მარეგულირებლის განცხადებით, Amazon-ის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესი არ არის თანხვედრაში ევროკავშირის კონფიდენციალობის კანონთან (GDPR). თავის მხრივ, კომპანიამ აღიარა აღნიშნული ჩავარდნა კონფიდენციალობის პოლიტიკაში და განაცხადა, რომ უნდა შეცვალოს საკუთარი ბიზნესპრაქტიკა. თუმცა, აღნიშნა ისიც, რომ მარეგულირებლის გადაწყვეტილება დაუმსახურებელი იყო.
„გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ როგორ ვაჩვენებთ მომხმარებლებს რელევანტურ რეკლამებს, დაფუძნებულია ევროპული კონფიდენციალობის კანონის სუბიექტურ და ინტერპრეტირებულ შეფასებაზე. დაკისრებული ჯარიმის ოდენობა კი ამ ინტერპრეტაციის პროპორციულიც კი არ არის.“ – ნათქვამია Amazon-ის განცხადებაში.
დიდი ტექ-კომპანიების ირგვლივ არსებულმა მოსაზრებებმა კონკურენციის პირობებისა და მომხმარებლების კონფიდენციალობის დარღვევის შესახებ, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ოფიციალური პირები აიძულა შეემოწმებინათ ისეთი კომპანიების ბიზნესპრაქტიკები, როგორიცაა: Amazon-ი, Apple-ი, Facebook-ი და Google-ი. ევროკავშირის კონფიდენციალობის კანონი (GDPR) მიზნად ისახავს აღკვეთოს ციფრული პლატფორმების მიერ მომხმარებელთა მონაცემთა გამოყენების პრაქტიკები და დაარეგულიროს მონაცემთა გაჟონვის შემთხვევები.
CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში, Amazon-მა აღნიშნა, რომ მომხმარებლის მონაცემთა გავრცელება არ მომხდარა.