EU-მ მასკის Grok-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

EU-მ მასკის Grok-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ფოტო: Samuel Boivin/NurPhoto via Getty Images

 

ევროკავშირმა ილონ მასკის საკუთრებაში არსებულ სოციალური მედიის პლატფორმა X-ის ჩეტბოტ Grok-ის წინააღმდეგ გამოძიება ოფიციალურად დაიწყო. საქმე რეალური ადამიანების სექსუალიზებული სურათების გენერირების სკანდალს ეხება, რამაც, ევროკომისიის განცხადებით, EU-ს მოქალაქეები მნიშვნელოვნად დააზიანა.

როგორც ევროკავშირის განცხადებაში წერია, გამოძიების ფარგლებში შეფასდება, თუ რამდენად აღმოფხვრა კომპანიამ Grok-თან დაკავშირებული ყველა რისკი მანამ, სანამ მას X-ის საშუალებით ევროკავშირის ბაზარზე გაუშვებდა. გამოძიება ფოკუსირებულია „უკანონო კონტენტთან“ დაკავშირებულ რისკებზე, მათ შორის: გაყალბებულ სექსუალიზებულ სურათებზე, გენდერულ და ბავშვთა ძალადობის შემცველ მასალებზე.

კომისია დაადგენს, შეესაბამება თუ არა კომპანიის მიერ გადადგმული ნაბიჯები ბლოკის „ციფრული სერვისების შესახებ“ კანონმდებლობას (DSA). აღნიშნული კანონი იმ კომპანიებისთვის, რომლებიც რეგულაციებს არ აკმაყოფილებენ, ფინანსურ სანქციებს ითვალისწინებს. დარღვევის სიმძიმის მიხედვით, კომპანიებს შესაძლოა დაეკისროთ ჯარიმა მათი გლობალური წლიური ბრუნვის 6%-მდე.

უკანასკნელი თვეების განმავლობაში Grok-ის წინააღმდეგ გარკვეული სახის მარეგულირებელი ზომები რამდენიმე სახელმწიფომ მიიღო. მათ შორის არიან: გაერთიანებული სამეფო, ავსტრალია, კანადა, იაპონია, ინდოეთი, მალაიზია, ინდონეზია, ფილიპინები, ირლანდია და საფრანგეთი. New York Times-ის ინფორმაციით, დეკემბრის ბოლოდან სულ რაღაც ცხრა დღეში, Grok-მა რეალური ადამიანების 1.8 მილიონი სექსუალიზებული სურათი დააგენერირა.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ილონ მასკის კომპანიამაც. X-ის უსაფრთხოების ოფიციალურ ანგარიშზე გამოქვეყნებულ პოსტში პლატფორმამ განაცხადა, რომ მან „მიიღო ტექნოლოგიური ზომები, რათა Grok-ს არ მისცეს საშუალება, რეალური ადამიანების გამომწვევი ტანსაცმლით, მაგალითად ბიკინით, სურათების რედაქტირება დაუშვას“.