რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შესამცირებლად და მწვანე ენერგიაზე გადასვლის დასაჩქარებლად, ევროკომისიამ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში განსახორციელებელი $220-მილიარდიანი გეგმა წარადგინა.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირს უკრაინაში ევროპისათვის ბუნებრივი აირის უმსხვილესი მიმწოდებლის, რუსეთის, შეჭრამ აიძულა. 24 თებერვალს რუსეთის სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ ევროკავშირმა საკუთარ ენერგოპოლიტიკას კიდევ ერთხელ გადახედა.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირმა რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება რაც შეიძლება მალე უნდა შეამციროს. შეგახსენებთ, რომ ომამდე რუსეთი ევროკავშირის ბუნებრივი აირის მოთხოვნის 40%-სა და იმპორტირებული ნავთობის 27%-ს აკმაყოფილებდა. შესაბამისად, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს სანქციების პაკეტზე შეთანხმება უჭირთ.
თუმცა, მათ გარკვეულ შეთანხმებებს მაინც მიაღწიეს. მაგალითად, რუსული ქვანახშირის იმპორტის აკრძალვა ძალაში აგვისტოდან შევა. გარდა ამისა, პოლიტიკურმა ბლოკმა წლის ბოლომდე რუსულ ბუნებრივ აირზე მოთხოვნის 2/3-ით შემცირების გადაწყვეტილებაც მიიღო. თუმცა, ნავთობის ემბარგოს შეთანხმების მიღწევა გაჭიანურდა. ამ შემთხვევაში წინააღმდეგი უნგრეთი გახლავთ, რომელსაც ალტერნატიულ ენერგიაზე გადასვლის მაღალი დანახარჯები აღელვებს.
ევროკავშირის ახალი გეგმა კი გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი და ყველა რისკის შემცირებას ითვალისწინებს. 2030 წლამდე ევროკავშირი აღნიშნული პროცესის უზრუნველსაყოფად და საკუთარი კლიმატური მიზნების მისაღწევად 314 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს.