ევროკომისიამ ილონ მასკის სოცმედია კომპანია X-ი ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტის დარღვევისთვის 120 მილიონი ევროთი დააჯარიმა. ევროკომისიის გადაწყვეტილებას აშშ-ის პრეზიდენტი, სახელმწიფო მდივანი და თავად ილონ მასკი გამოეხმაურნენ.
ევროკომისიის განცხადებით, X-მა (წარსულში Twitter-ი) DSA აქტი უგულებელყო და საკუთარი სარეკლამო ბიბლიოთეკის გამჭვირვალობა არ უზრუნველყო. გარდა ამისა, ბრალდების თანახმად, X-მა მიზანმიმართულად შექმნა შეცდომაში შემყვანი „ლურჯი მონიშვნის“ სისტემა, მკვლევრებს კი საჯარო მონაცემებზე წვდომა შეუზღუდა. X-ისთვის დაკისრებული ჯარიმა 2022 წელს მიღებული ამ აქტის ფარგლებში პირველი სანქციაა.
ევროკომისიის განმარტებით, „ლურჯი მონიშვნის“ ფუნქციით კომპანია მომხმარებლებს რეალურ ვერიფიკაციას არ უკეთებდა, რასაც მომხმარებლები შესაძლოა შეცდომაში შეეყვანა. ამ ბრალდებებთან დაკავშირებით კითხვებზე საპასუხოდ ევროკომისიამ X-ს დამატებით 60-დღიანი ვადა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ამერიკულ კომპანიას დამატებითი ჯარიმა დაეკისროს.
ევროკომისიის გადაწყვეტილების საპასუხოდ, X-მა საკუთარ პლატფორმაზე ევროკომისიის ანგარიშს რეკლამის გაკეთების შესაძლებლობა შეუზღუდა. ილონ მასკმა კი X-ის საკუთარ ანგარიშზე პოსტი განათავსა და ევროკავშირის გაუქმება მოითხოვა. „ევროკავშირი უნდა გაუქმდეს და სუვერენიტეტი ინდივიდუალურ სახელმწიფოებს დაუბრუნდეს, რათა მთავრობებმა საკუთარი ხალხი წარმოადგინონ“, – დაწერა მასკმა X-ზე.
ევროკომისიის მიერ X-ის დაჯარიმებას გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც, რომელმაც გადაწყვეტილებას „საზიზღარი“ უწოდა და განაცხადა, რომ ევროპა არასწორი მიმართულებით მიდის.














